ეუთო–ში აშშ-ის ელჩი: „რუსეთი კორონავირუსს ჟენევის მოლაპარაკებების ჩასაშლელად იყენებს“
12/11/2020 22:02:00 პოლიტიკა
აშშ-ს ელჩი ეუთო–ში ჯეიმს გილმორი რუსეთის მიერ ჟენევის მოლაპარაკების გადადების მცდელობას უარყოფითად აფასებს და აცხადებს, რომ რუსეთი ამისთვის კორონავირუსს საბაბად იყენებენ.
"ჩვენ იმედგაცრუებული ვართ, რომ რუსეთმა და მისმა წარმომადგენლებმა ეს პანდემია საბაბად გამოიყენეს, გადაედოთ ჟენევის კვარტალური საერთაშორისო მოლაპარაკებები. მე დღეს ყურადღებით მოვისმინე სამი წარმომადგენლის მოხსენება და დიდი აქცენტი კორონავირუსზე, მაგრამ არ შეიძლება, პანდემია გახდეს წინაღობა ან შეაჩეროს იმ პოლიტიკური და სამხედრო გამოწვევების მოგვარება, რომელსაც ეუთოს რეგიონში ვხედავთ", - განაცხადა ელჩმა.
ჯეიმს გილმორი რუსეთს მოუწოდებს, 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიხედვით, გაიყვანოს ძალები ომამდელ პოზიციებზე და უკან წაიღოს საქართველოს რეგიონების – აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ე.წ. დამოუკიდებელ სახელმწიფოებად ცნობა.
"სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი საქართველოს ნაწილია და მათი მოქალაქეთა მომავალი უკეთესი იქნება ნამდვილი ქვეყნის შემადგენლობაში, ის ქვეყანა კი საქართველოა" - ამბობს ელჩი.
ამასთან, გილმორი რუსეთსა და დე ფაქტო ხელისუფლებებს დაკავებული სამოქალაქო პირების გათავისუფლებისკენაც მოუწოდებს.
"გაათავისუფლონ დაკავებული სამოქალაქო პირები, მათ შორის ზაზა გახელაძე და აღადგინონ ადმინისტრაციული გამყოფი ზოლის გასწვრივ მიმოსვლა და გადაუდებელ სამედიცინო დახმარებაზე ხელმისაწვდომობა. საქართველოს მოქალაქეების მკვლელობასა და თვითნებურ დაკავებებზე პასუხისმგებელი პირები პასუხს აგებენ", - ვკითხულობთ განცხადებაში.
ჯეიმს გილმერი საქართველოში ეუთო–ს საველე წარმომადგენლობის აღდგენის მზადყოფნასაც გამოთქვამს და ამბობს, რომ ეუთო–ს მისია ქვეყანაში დაძაბულობის შემცირების მნიშვნელოვანი წინაპირობა იქნება.
"შეერთებული შტატები მტკიცედ უჭერს მხარს საქართველს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში", - ამბობს გილმორი.
ინფორმაცია საქართველოში აშშ–ის საელჩომ გაავრცელა.


