ლინკევიჩუსი – საქართველოზე: „საარჩევნო პროცესის მიმართ ნდობა უნდა აღდგეს“
13/11/2020 16:50:48 პოლიტიკა
ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკევიჩუსი საქართველოში საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ქართველ კოლეგას დავით ზალკანიანს ესაუბრა. ამის შესახებ დიპლომატი Twitter-ზე წერს.
როგორც ლინკევიჩუსმა აღნიშნა, მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის დიალოგი მნიშვნელოვანია.
"ვესაუბრე ჩემს ქართველ კოლეგას დავით ზალკანიანს. ხაზი გავუსვი მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის პოლიტიკური დიალოგის მნიშვნელობას. საარჩევნო პროცესის მიმართ ნდობა უნდა აღდგეს. ლიეტუვა საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე მხარს უჭერს", - წერს ლინას ლინკევიჩუსი.
ცნობისთვის: 12 ნოემბერს ამერიკის ელჩის რეზიდენციაში ოპოზიციური პარტიების ლიდერების, ელჩებისა და მე-9 მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის შეხვედრა რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. როგორც მხარეებმა შეხვედრის შემდეგ განაცხადეს, დისკუსია გაგრძელდება.


