
პომპეომ საქართველოში ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილი შეხვედრების რაოდენობა გაზარდა
14/11/2020 07:46:24 საგარეო პოლიტიკა
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ საქართველოში ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილი შეხვედრების რაოდენობა გაზარდა. ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებმა პომპეოს ოფიციალური ტურნეს დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.
"სტამბოლიდან ჩვენ გავემგზავრებით საქართველოში, სადაც მაიკ პომპეო შეხვდება მთავრობის წარმომადგენლებს, მათ შორის – პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, პრემიერ–მინისტრ გიორგი გახარიას და საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანს. ამასთან, მას მიეცემა შესაძლებლობა, შეხვდეს მის უწმინდესობას, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს. ისინი რელიგიის თავისუფლებაზე მოკლედ ისაუბრებენ.
ჩვენ, რა თქმა უნდა, მზად ვართ, დავეხმაროთ საქართველოს, გააღრმავოს ევროატლანტიკური კავშირები და გააძლიეროს დემოკრატიული ინსტიტუტები და პროცესები. მჯერა, რომ 21 ნოემბრისთვის დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების მეორე რაუნდი, რომელიც 16 მანდატისთვის იმართება, ჩატარდება. რა თქმა უნდა, როგორც აღვნიშნეთ, თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო პროცესი უაღრესად მნიშვნელოვანია საქართველოსა და ქართველი ხალხისთვის, რომლებიც ამ პროცესში აქტიურად მონაწილეობენ.
ჩვენ, რა თქმა უნდა, გამოვიყენებთ ამ ვიზიტს, რათა კიდევ ერთხელ დავადასტუროთ ჩვენი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ვგმობთ რუსეთის შეჭრას 2008 წელს საქართველოს რეგიონებში –აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, რომლებიც კვლავ რუსეთის მიერ არიან ოკუპირებულები.
და ბოლოს, სახელმწიფო მდივანი შეხვედრას გამართავს საქართველოს აქტიური სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან, რათა მათგან მოისმინოს მოსაზრებები კანონის უზენაესობისა და სასამართლოს დამოუკიდებლობის თაობაზე“, – აცხადებენ სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლები.
ცნობისთვის: სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დღემდე გავრცელებულ ინფრომაციაში აღნიშნული იყო, რომ პომპეო 17-18 ნოემბერს საქართველოში ქვეყნის პრეზიდენტს, პრემიერს, საგარეო საქმეთა მინისტრსა და პატრიარქ ილია მეორეს შეხვდებოდა.
ოფიციალური ტურნეს ფარგლებში პომპეო საქართველოს გარდა, საფრანგეთს, თურქეთს, ისრაელს, ყატარს, არაბთა გაერთიანებულ საემიროებსა და საუდის არაბეთსაც ეწვევა.
იხილეთ ასევე: პომპეოს ვიზიტი: მიზეზები, მიზნები და მოსალოდნელი შედეგები