
"აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა უმაღლეს ნიშნულზეა, პომპეოს ვიზიტი ამის კიდევ ერთი დადასტურებაა"
16/11/2020 10:41:53 საგარეო პოლიტიკა
ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ელჩ დავით ბაქრაძის განცხადებით, "აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა უმაღლეს ნიშნულზეა და სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს თბილისში ვიზიტი ამის კიდევ ერთი დადასტურებაა".
"ის უმაღლესი დონის შეხვედრები, რომელიც სახელმწიფო მდივანს ექნება საქართველოში, რა საკვირველია, მიეძღვნება ყველა მიმართულებით სტრატეგიული პარტნიორობის კიდევ უფრო გაღრმავებას. ამ წლების განმავლობაში ჩვენ მივიღეთ აშშ-სგან ძლიერი მხარდაჭერა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და არაღიარების პოლიტიკის მიმართ. აქედან გამომდინარე, ეს იქნება კიდევ ერთი ძლიერი გზავნილი, რომელსაც სახელმწიფო მდივანი ჩამოიტანს. ჩვენ ვაღრმავებთ ჩვენს ურთიერთობას სტრატეგიული პარტნიორობის ყველა მიმართულებით, - იქნება ეს თავდაცვისა და უსაფრთხოების, ეკონომიკური, სავაჭრო, დემოკრატიის თუ სხვა და რა საკვირველია, ეს ვიზიტი მოხმარდება იმას, რომ ამ ურთიერთობის აღმავალი ტრაექტორია გაგრძელდეს“, – განაცხადა ბაქრაძემ.
საქართველოს 17 ნოემბერს ორდღიანი ვიზიტით აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო ეწვევა. ვიზიტის ფარგლებში სახელმწიფო მდივანი შეხვედრებს გამართავს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან, საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორესთან.