“რუსული დათვისა და ჩინური დრაკონის გასაძევებლად აშშ-ს შეუძლია, კავკასიური ვეფხვის გაძლიერებას შეუწყოს ხელი”
18/11/2020 05:37:49 პოლიტიკა
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა საქართველოში ვიზიტისას სამხრეთ კავკასიაზე მკაფიო, ორპარტიული, სტრატეგიული ხედვა უნდა შექმნას, რომელსაც შემდგომ ბაიდენის ადმინისტრაცია გააგრძელებს.
აზერბაიჯანმა და სომხეთმა ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე ზავი რუსეთის შუამავლობით ახლახანს დადეს. ამ ხელშეკრულების ფარგლებში აზერბაიჯანმა მთიან ყარაბაღში რუსი მშვიდობისმყოფელების განთავსებაზე თანხმობა განაცხადა. ეს ნიშნავს, რომ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ პირველად, რუსეთს სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყანაში სამხედრო ძალები ჰყავს განთავსებული: სომხეთში - ნებაყოფლობით, აზერბაიჯანში - სამშვიდობოების სტატუსით, ხოლო საქართველოს რეგიონებში – ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთში - საოკუპაციო ძალების სახით.
იმპერიის შექმნის ეს მცოცავი ძალისხმევა დამატებით წნეხს ქმნის საქართველოსთვის - ყველაზე წარმატებული დემოკრატიისა და ყველაზე პროდასავლური საზოგადოებისთვის რეგიონში. რუსეთის ბოლოდროინდელი ქმედებების საპასუხოდ საქართველოს ამერიკისა და ევროპის უფრო მეტი ჩართულობა სჭირდება.
მზარდი გეოპოლიტიკური წნეხი საქართველოში 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგად შექმნილ პოლიტიკურ დაძაბულობას დაემთხვა. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 48% მიიღო, რაც საკმარისია ახალი მთავრობის შესაქმნელად კოალიციური პარტნიორების საჭიროების გარეშე. გაერთიანებულმა ოპოზიციამ ცსკ–ის მიერ გამოცხადებული შედეგები არ მიიღო. ოპოზიცია აცხადებს, რომ ადგილი ჰქონდა უამრავ დარღვევას, რომელიც დღემდე არაა გამოძიებული. ამასთან, თითქოსდა "ერთიანი" ოპოზიცია სინამდვილეში დაყოფილია ექს-პრეზიდენტ სააკაშვილის საკითხის გარშემო, რომლის პარტიამ - "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" არჩევნებში მეორე ადგილი დაიკავა. პომპეომ კანონის უზენაესობა ორივე მხარეს უნდა დაიცვას, რაც ნიშნავს, რომ გაყალბების ყველა ბრალდება უნდა გამოიძიონ და სათანადო ზომები გაატარონ იქ, სადაც აუცილებელი იქნება. ამავდროულად, მან ხაზი უნდა გაუსვას, რომ დემოკრატია მოითხოვს ორივეს – ხელისუფლებასაც და მძლავრ ოპოზიციასაც. საარჩევნო შედეგების გამოძიებისა და დადასტურების შემდეგ გამარჯვებულმა მხარეებმა უნდა შექმნან ხელისუფლება, დამარცხებულებმა კი დაიკავონ საკუთარი ადგილი პარლამენტში, როგორც ოპოზიციამ.
ყველა მხარემ დემოკრატიული პროცესის გაგრძელებას უნდა უერთგულოს. ზომები კი დემოკრატიული და სამართლებრივი გზით უნდა გატარდეს.
"მსოფლიო ბანკის" "ბიზნესის კეთების გამარტივების" რეიტინგში საქართველოს მოწინავე ადგილი უკავია, თუმცა უცხოელი ინვესტორები ყოყმანობენ, ჩადონ საქართველოში ინვესტიცია თუ არა. ეს ნაწილობრივ გამოწვეულია მცირე ბაზრის, ნაწილობრივ ქვეყნის გეოგრაფიული მდებარეობის და ნაწილობრივ იმ აღქმის გამო, რომ მართლმსაჯულება და საინვესტიციო კლიმატი შესაძლოა, პოლიტიკურ ზეწოლას ექვემდებარებოდეს. „კავკასუს ონლაინის“ საქმე და ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი, რომელიც ჩაიშალა როგორც კომერციული მიზეზების, ასევე მთავრობის მიერ კონსორციუმის ლიდერების წინააღმდეგ გამოძიების დაწყების გამო, ინვესტორების მიერ გამაფრთხილებელ სიგნალად იქნა აღქმული. არჩევნების შემდგომ პერიოდში ახლებური მიდგომით ამ პროექტების (ისევე, როგორც სხვა მსგავსი პროექტების) აღდგენა კერძო/საჯარო თანამშრომლობის გზით სავსებით შესაძლებელია. საქართველომ ხსენებული ნარატივი უნდა შეცვალოს, მომცრო, შორს მყოფი ბაზრის ნაცვლად, თავი აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის ერთადერთ დერეფნად წარმოაჩინოს, როგორც ქვეყანამ, რომელიც ცენტრალურ აზიას, ჩინეთს და ევროპას რუსეთისა და ირანისგან დამოუკიდებლად აკავშირებს.
თავისთავად საქართველო შესაძლოა, ამერიკელი და ევროპელი ინვესტორებისთვის საინტერესო არ იყოს, თუმცა საქართველოს, როგორც ყველაზე უსაფრთხო, ყველაზე დასავლურ, კანონის უზენაესობის პრინციპის პატივისმცემელ და რეგიონში ინვესტიციებისთვის ყველაზე ღია ქვეყანას, შეუძლია, ფინანსურად, ლოჯისტიკურად და ციფრული დერეფნების თვალსაზრისით, სასიცოცხლო მნიშვნელობის სახელმწიფოდ იქცეს. შიდაპოლიტიკურ შერიგებაში წვლილის შეტანისა და რუსეთის ბოლოდროინდელი ქმედებების საპასუხოდ აშშ-ის ჩართულობის გაძლიერების გარდა, პომპეოს აქვს შესაძლებლობა, აშშ-ს დაუსახოს ხედვა საქართველოს, როგორც რეგიონის საკვანძო ეკონომიკური მოთამაშის შესახებ. მას შეუძლია, დაადასტუროს აშშ-ის განზრახვა, განათავსოს "ამერიკის საერთაშორისო განვითარების ფინანსური კორპორაციის" რეგიონული ოფისი თბილისში, შესთავაზოს საქართველოს დახმარება ინვესტორებთან მიმდინარე დავებში და განამტკიცოს ხედვა, რომელსაც აშშ-ის შემდეგი ადმინისტრაცია გააგრძელებს. რუსული დათვისა და ჩინური დრაკონის გასაძევებლად აშშ-ს შეუძლია, კავკასიური ვეფხვის გაძლიერებას შეუწყოს ხელი.
ავტორი: ნატო-ში აშშ-ის ყოფილი ელჩი, უკრაინის საკითხებში ყოფილი წარმომადგენელი, ამჟამად ევროპული პოლიტიკის ანალიზის ცენტრის საპატიო ექსპერტი კურტ უოლკერი.


