აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: "ოპოზიციის ბოიკოტი იგივეა, რაც უკვე ნანახი ფილმის ხელახლა ნახვა. მოვუწოდებთ მათ, შევიდნენ პარლამენტში"

18-11-2020 15:51:18 საშინაო პოლიტიკა ,საგარეო პოლიტიკა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოში 31 ოქტომბერს გამართულ საპარლამენტო არჩევნებში საარჩევნო ბარიერგადალახულ ოპოზიციურ პარტიებს მე–10 მოწვევის პარლამენტში შესვლისკენ მოუწოდებენ.

„ოპოზიციის მხრიდან ბოიკოტის გამოცხადება, იგივეა, რაც უკვე ნანახი ფილმის ხელახლა ნახვა. ჩვენ მოვუწოდებთ მათ, შევიდნენ პარლამენტში, განახორციელონ საარჩევნო ცვლილებები, რომლის საფუძველზეც შემდეგი არჩევნები უკეთესი იქნება და ჩვენ არ ვნახავთ და ისინი არ ნახავენ ერთი და იმავე დარღვევების განმეორებას. ის, რასაც ჩვენ ხელს ვუწყობთ არის, რომ ოპოზიციამ ცვლილებისთვის პარლამენტიდან იბრძოლოს, ბოიკოტი აღარ გამოაცხადოს, თქვენ ამომრჩეველმა იმისთვის აგირჩიათ, რომ შეხვიდეთ პარლამენტში და მოახდინოთ ცვლილება", - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებმა უწყებაში გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადეს.

მათივე თქმით, "უფრო პროპორციულმა საარჩევნო სისტემამ ნამდვილად გაამართლა და დღეს ქვეყანაში უფრო მრავალფეროვანი პარლამენტია, ვიდრე ოდესმე".

"მათ უფრო მრავალფეროვანი პარლამენტი აქვთ, ვიდრე აქამდე ჰქონიათ. საკანონმდებლო ორგანოში ცხრა პარტიაა წარმოდგენილი. ამასთან, საარჩევნო ცვლილებების შედეგად პარლამენტში უფრო მეტი ქალია",- აცხადებენ სახელმწიფო დეპარტამენტში.

ამასთან, უწყებაში აცხადებენ, რომ ბოლო 30 წლის განმავლობაში საქართველოში არაერთხელ ჩატარდა არჩევნები, დარღვევები კი მუდმივად ერთი და იგივეა: ხმების მოსყიდვა, დაშინება, ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება, რაც იმით გამოიხატება, რომ საჯარო მოხელეები უზრუნველყოფენ ხმებს მოქმედი ხელისუფლებისთვის.

დეპარტამენტის მაღალი რანგის პირები პრეტენზიების მქონე მხარეებს სამართლებრივი გზებით ბრძოლისკენ მოუწოდებენ.

„კიდევ ერთხელ მოვუწოდებდით ყველას, გამოეყენებინათ წლების განმავლობაში ნაშენები სამართლებრივი გზები საჩივრების განხილვისთვის“,- აცხადებენ სახელმწიფო დეპარტამენტში.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები