„რეგიონში აშშ–ის წარმოდგენილობის გაზრდა რუსეთისა და ჩინეთისთვის იქნება მესიჯი, რომ სტრატეგიულ ინტერესებზე ყურადღებასა და რესურსებს დავხარჯავთ“

18-11-2020 19:04:46 თავდაცვა ,საგარეო პოლიტიკა

ევროპაში აშშ-ის სახმელეთო ჯარების ყოფილი სარდალი, გენერალ-ლეიტენანტი ბენ ჰოჯესი რეგიონში შეერთებული შტატების შტატების წარმოდგენილობის გაზრდის მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას და აცხადებს, რომ აღნიშნულის განხორციელება სხვადასხვა ქვეყანას სხვადასხვა სიგნალს გაუგზავნის.

„რეგიონში აშშ–ის წარმოდგენილობის გაზრდა მნიშვნელოვანია, რადგან ეს იქნება დემონსტრირება კრემლისა და "ჩინეთის კომუნისტური პარტიისთვის", რომ ჩვენ გვაქვს სტრატეგიული ინტერესები და ამ ინტერესებზე ამერიკა ყურადღებასა და რესურსებს დახარჯავს. გარდა ამისა, აშშ-ის ლიდერობა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ეს იქნება ძლიერი გზავნილი რეგიონში ჩვენი მეგობრებისთვის, რომ მათი უსაფრთხოება დაზღვეულია და ამასთან, ეს სამხრეთ კავკასიაში კერძო ინვესტიციების განხორციელებას წაახალისებს“, – განაცხადა ჰოჯესმა „აქცენტთან“ საუბრისას.

გენერალ-ლეიტენანტის თქმით, მისთვის ამ ეტაპზე ცნობილი არაა, რა კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას აპირებს აშშ და ნატო–ს წევრი სხვა ქვეყნები სამხრეთ კავკასიაში რუსული წარმოდგენილობის ზრდის საპასუხოდ, თუმცა ასახელებს სამ საკითხს, რომელიც მისი განცახდებით, უნდა განხორციელდეს:

  • საქართველო უნდა იყოს ნატო–ში;
  • შეერთებულმა შტატებმა მეტად უნდა გაამახვილოს ყურადღება კავკასიის რეგიონზე;
  • აშშ–მა უნდა დაიწყოს ინფრასტრუქტურის მოწყობა, რათა საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო როტაციული ძალები რეგიონში უფრო ხშირად იყვნენ;

ჰოჯესის შეფასებით, აშშ–ის ყურადღების ნაკლებობამ საშუალება მისცა კრემლს, "რუსული ჩექმა" გამოჩენილიყო სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყანაში და აღნიშნულში საკუთარ თავსაც ადანაშაულებს:

„ბოლო ათწლეულების განმავლობაში ამ რეგიონისადმი ჩვენი ყურადღების ნაკლებობამ საშუალება მისცა კრემლს, რუსული ჩექმა გამოჩენილიყო სომხეთში, აზერბაიჯანსა და საქართველოში. ჩვენ წლების განმავლობაში თითოეულ ამ ქვეყანაში შესანიშნავი დიპლომატები გვყავდა, რომლებიც ჩვენ წარმოგვადგენდნენ. გარდა ამისა, აშშ–ის ეროვნული დაცვის სახელმწიფო პარტნიორობის პროგრამა მნიშვნელოვანი კავშირების შენარჩუნებას უწყობდა ხელს. ჩემი კრიტიკის საგანი ეს დიპლომატები არ არიან. ჩემი კრიტიკის საგანია ამ რეგიონის სტრატეგიული მნიშვნელობის მიმართ ზოგადად ყურადღებისა და შეფასების ნაკლებობაა. ჩემს თავსაც ვადანაშაულებ. მე სრულფასოვნად არ ვაფასებდი რეგიონის სტრატეგიულ მნიშვნელობას მანამ, სანამ ჩემი პირველი ვიზიტი არ განხორციელდა ამ რეგიონში, როდესაც მე ვიყავი ნატო–ს სახმელეთო ძალების სარდლობის (LANDCOM) უფროსი. ჩვენ კრემლს კონკურენცია ყველა მიმართულებით, მათ შორის – დიპლომატიის, ინფორმაციის გავრცელების , სამხედრო და ეკონომიკის კუთხით უნდა გავუწიოთ. ხსენებულის მდგრად, თანმიმდევრულ საფუძველზე ვერგაკეთებამ გამოიწვია კრემლის ის აგრესია, რომელსაც ბოლო 12 წელია, ვხედავთ შავი ზღვის რეგიონში“.

ამასთან, ჰოჯესის თქმით, თურქეთი შავი ზღვის რეგიონსა და კავკასიაში სტაბილურობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის კუთხით უმნიშვნელოვანესი ქვეყანაა და მიიჩნევს, რომ აშშ–მა თურქეთთან ურთიერთობა უნდა გამოასწოროს.

„ორიოდე დღის წინ იმყოფებოდა სახელმწიფო მდივანი პომპეო სტამბოლში. მე არ მესმის, რატომ არ განახორციელა მან თურქეთის მთავრობის წევრებთან შეხვედრები ეს არის დაკარგული შესაძლებლობა, აღგვედგინა ნდობა, რომელიც ჩვენ გვჭირდება, რომ არსებობდეს თურქეთისა და აშშ-ს შორის“, – აცხადებს ჰოჯესი.

სამხრეთ კავკასიაში შექმნილი ახალი რეალობიდან გამომდინარე, ევროპაში აშშ-ის სახმელეთო ჯარების ყოფილი სარდალი, საქართველოს მტავრობას რამდენიმე რეკომენდაციით მიმართავს:

  • საქართველოს მთავრობამ უნდა უზრუნველყოს, რომ არჩევნები და მთავრობის ფუნქციები იყოს სამართლიანი და გამჭვირვალე;
  • საქართველომ დასავლეთიდან კერძო ინვესტიციების მოზიდვაზე უნდა იმუშავოს;

„სამწუხაროდ, საქართველოს მთავრობამ და პარლამენტმა ახლახანს თვიდან აიცილეს ანაკლიის პორტის პროექტი (კრემლის საამებლად) და ასევე შეაფერხეს ევროპასა და ევრაზიას შორის სატელეკომუნიკაციო კავშირის განვითარების პროექტი. საქართველოს მთავრობა საკუთარი ხალხის წინაშეა ვალდებული, მოიზიდოს კერძო ინვესტიციები, რაც საქართველოს ძალიან ნიჭიერი მოსახლეობისთვის კეთილდღეობას შექმნის“, - დასძინა ჰოჯესმა.

ცნობისთვის: აშშ–ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო თბილისს ორდღიანი ვიზიტით სტუმრობდა. დღეს იგი შეხვდა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, პრემიერ- მინისტრ გიორგი გახარიას, საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს.

როგორც გახარიამ პომპეოსთან შეხვედრაზე განაცხადა, “ამერიკა– საქართველოს თანამშრომლობისა და პარტნიორობის გაძლიერების, ასევე სამხრეთ კავკასიის რეგიონში აშშ–ის გაძლიერებული წარმომადგენლობის მომენტი დადგა“.

იხილეთ ასევე: ქართველი ექსპერტები პომპეოს საქართველოში ამერიკელი სამხედროების მუდმივ საფუძველზე განთავსებას სთხოვენ

პომპეოს ვიზიტი: მიზეზები, მიზნები და მოსალოდნელი შედეგები

ახალი ამბები

სხვა სიახლეები