Accentnews.ge
ოპოზიცია – აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწესთან შეხვედრის შემდეგ: "პარლამენტში შესვლას არავინ აპირებს, ეს პოზიცია არის მყარი"

ოპოზიცია – აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწესთან შეხვედრის შემდეგ: "პარლამენტში შესვლას არავინ აპირებს, ეს პოზიცია არის მყარი"

18/11/2020 16:26:16 საშინაო პოლიტიკა

საქართველოში 31 ოქტომბერს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებში საარჩევნო ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ფილიპ რიკერს შეხვდნენ.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა განაცხადეს, ამერიკული მხარე სრულადაა ინფორმირებული 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების გაყალბებასა და დარღვევებზე. რაც შეეხება მე–10 მოწვევის პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით ოპოზიციის პოზიციას, მათი თქმით, "საკანონმდებლო ორგანოში შესვლას არავინ აპირებს".

"ჩვენ გვქონდა ძალიან ღია და კარგი საუბარი, ჩვენ გავაცანით ჩვენი პოზიცია, რატომ მივიჩნევთ ამ არჩევნებს გაყალბებულად. მოვისმინეთ, ასევე რიკერის შეხედულება იმის შესახებ, როგორ აპირებს შეერთებული შტატები ხელი შეუწყოს ამ კრიზისის განმუხტვას. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შეერთებული შტატები დარჩეს ძალიან აქტიურად ჩართული ამ პროცესში იმისთვის, რომ ჩვენ მოვახერხოთ შეთანხმების მიღწევა, რომელიც სჭირდება ჩვენს ხალხსა და ქვეყანას. ოპოზიცია პარლამენტში შესვლას არ აპირებს, ეს პოზიცია არის მყარი. ჩვენ მზად ვართ ვიმუშავოთ კონსტრუქციულად, გაგრძელდეს დიალოგის რეჟიმში ჩვენი ურთიერთობა ხელისუფლებასთან, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებთან, იმისათვის, რომ ჩვენ მივაღწიოთ ახალი არჩევნების დანიშნვას“, - განაცხადა პარტიის „ლელო საქართველოსთვის“ გენერალურმა მდივანმა ბადრი ჯაფარიძემ.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის გრიგოლ ვაშაძის თქმით, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის საქართველოში დარჩენა მიუთითებს, რომ დასავლელი პარტნიორები ადეკვატურად აფასებენ ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ კრიზისს და ამ პროცესებში მათი პირდაპირი ჩართულობის მნიშვნელობასაც:

"ჩემი 45 – წლიანი გამოცდილებიდან გეუბნებით, ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ წამსვლელი ადმინისტრაციის, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ვიზიტი არაფერს ნიშნავს, როგორც წესი, რუსეთის გავლენის აგენტები არიან. რეალურად, ძალიან ბევრს ნიშნავს. აშშ-ის პოლიტიკა საქართველოს მიმართ არის ორპარტიული. ის, რომ ელჩი რიკერი დარჩა საქართველოში და არ გაჰყვა სახელმწიფო მდივანს ისრაელში, იმის ინდიკაციაა, რომ ჩვენს სტრატეგიულ მოკავშირეს, ისევე როგორც ევროკავშირს, შესანიშნავად ესმის, რაოდენ ღრმაა პოლიტიკური კრიზისი საქართველოში და როგორ გვჭირდება ჩვენი სტრატეგიული მოკავშირეების დახმარება, რომ გამოსავალი მოვნახოთ. ყურადღებით მოისმინეს ის, რაც ჩვენ ვუთხარით - ფაქტებით დარღვევებზე, ფაქტებით გაყალბებაზე; ფაქტებით იმაზე, რა უმსგავსოდ იქცეოდნენ საოლქო და საუბნო კომისიები, როდესაც პირდაპირ ხელით დაიწყეს ოქმების გადაწერა. ასევე ჩვენი მოსაზრებები, რა უნდა იყოს შესაძლებელი გამოსავალი ამ კრიზისიდან... გზავნილი იყო ის, რომ გამომდინარე იქიდან, რაოდენ რთულია ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობა ქვეყანაში, ასევე რაოდენ რთულია სიტუაცია რეგიონში, სასწრაფოდ საჭიროა საქართველოში კომპრომისის მონახვა. ​ჩვენ უკან დგას უამრავი ათასი საქართველოს მოქალაქე, რომელიც ითხოვს სამართლიანობის აღდგენას".

"პატრიოტთა ალიანსის" ლიდერის ირმა ინაშვილის განცხადებით, მან შეხვედრაზე ხელახალი არჩევნების აუცილებლობაზე ისაუბრა:

"სახელმწიფო მდივნის მოადგილე ინფორმირებულია საქართველოში და რეგიონში მიმდინარე პროცესების შესახებ. მე და ოპოზიციის სხვა წარმომადგენლებმა ვისაუბრეთ არჩევნებზე. მე დავაფიქსირე პოზიცია, რასაც საჯაროდაც ვაფიქსირებ - რომ აუცილებელია ხელახალი არჩევნები. ვითარების გამოსწორების სხვა ვარიანტი არ არსებობს".

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე აღნიშნავს, რომ შეხვედრისას ფილიპ რიკერის მოწოდება იყო, მხარეებმა მიაღწიონ შეთანხმებას:

"რა თქმა უნდა, მოწოდება არის შეთანხმებისკენ, ამას ნამდვილად ვიტყვი. ჩვენ მივაწოდეთ ყველა ის საკითხი, რაც ხდება ქვეყანაში. ოპოზიციამ დააფიქსირა ერთიანი პოზიცია საკუთარ მოთხოვნებთან დაკავშირებით და სრული მზაობა გამოვხატეთ მესამე რაუნდის მიმართ, ოღონდ, ველოდებით ადეკვატურ პასუხს "ქართული ოცნების" მხრიდან".

პოლიტიკური პარტია „გირჩის“ ლიდერი ზურა ჯაფარიძე აცხადებს, რომ "რიკერთან შეხვედრაზე ოპოზიცია ისეთივე ერთსულოვანი იყო, როგორც აქამდე":

„შემოთავაზება იყო ის, რომ ხომ არ სჯობს ინსტიტუტების გამოყენებით სცადოთ ბრძოლის გაგრძელება, რაზეც ჩვენ ავუხსენით, რომ ამ ქვეყანაში ინსტიტუტები არ არსებობს. პარლამენტში შესვლა ამ რეალობაში, რა რეალობაშიც ვართ, შეუძლებელია. არც ერთი პარტია არ შევა ამ რეალობაში. გამოსავალი შეიძლება იყოს მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური შეთანხმება, რომელიც შეიძლება მიღწეული იყოს მხოლოდ და მხოლოდ იმ მოლაპარაკების მაგიდაზე, რომელსაც მოდერაციას უკეთებენ ამერიკის ელჩი და ევროკავშირის ელჩი“.

პარტია „მოქალაქეების“ ლიდერის ალეკო ელისაშვილის განცხადებით, ამერიკულმა მხარემ დღევანდელ შეხვედრაზე აღნიშნა, რომ "სურთ, პარლამენტი, დემოკრატია ფუნქციონირებდეს":

"ჩვენ ჩვენი მოთხოვნები გავაცანით, ჩვენი პოზიცია დავასაბუთეთ და არგუმენტები ვუთხარით. მათი მხრიდან ერთადერთი რაც იყო, არის წუხილი. მათ უნდათ, რომ პარლამენტი, დემოკრატია ფუნქციონირებდეს. არჩევნებისადმი რწმენა იყოს ა. შ.“.

როგორც რიკერთან შეხვედრის შემდეგ "ევროპული საქართველოს" ერთ–ერთმა ლიდერმა დავით ბაქრაძემ განაცხადა, სტაბილურობისკენ გზა ახალ არჩევნებზე გადის.

ცნობისთვის: ოპოზიცია 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ცსკ–ის მიერ წარმოდგენილ წინასწარ შედეგებს უნდობლობას უცხადებს. საარჩევნო ბარიერგადალახულმა 8 პარტიამ ("ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია"; "ევროპული საქართველო"; "გირჩი"; "ლელო"; "გიორგი ვაშაძე - სტრატეგია აღმაშენებელი"; "ლეიბორისტული პარტია"; "მოქალაქეები"; "პატრიოტთა ალიანსი") უარი თქვა როგორც სადეპუტატო მანდატებზე, ისე არჩევნების მეორე ტურებში მონაწილეობაზე.

როგორც ოპოზიციაში აცხადებენ, საარჩევნო ადმინისტრაცია უნდა შეიცვალოს და დაინიშნოს ახალი არჩევნები. აღნიშნული მოთხოვნით აქციების გამართვა ყოველდღიურ რეჟიმშია დაგეგმილი. თუმცა "პატრიოტთა ალიანსი" აცხადებს, რომ ოპოზიციური პარტიებისგან ცალკე იმოქმედებს და აქციებსაც ცალკე გამართავს.

აქციების პარალელურად, ელჩების შუამავლობით ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის დიალოგის პროცესი დაიძრა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S