ზატულინი: “ახალი ათონი ნატო-ს იდეოლოგიურ ბაზად იქცევა”

18-11-2020 22:58:38 კონფლიქტები

კრემლს, რომელიც აფხაზეთის ოკუპაციიდან ნელ-ნელა ღია ანექსიაზე გადადის, აღარ სურს, მის ტერიტორიაზე დასავლეთთან თუნდაც რაიმე სახით დაკავშირებული ნებისმიერი სტრუქტურა იხილოს - იქნება ეს უცხოურ გრანტებზე მომუშავე მედია და არასამთავრობო ორგანიზაციები, საეკლესიო სტრუქტურები, თუ ნებისმიერი სხვა რამ. მოსკოვის ხედვით, აფხაზებს, რომელთაც იგი მრავალწლიან ფინანსურ და სხვა სახის დახმარებას უკვე ყოველ ნაბიჯზე აყვედრით, უბრალოდ უფლება არ აქვთ, "სხვა მიმართულებით" გაიხედონ, გარდა რუსეთისა.

"ურჩი" აფხაზების დასასჯელად კრემლი უკვე თვეებია, ოკუპირებულ რეგიონზე დარტყმას დარტყმაზე ახორციელებს: ფინასური დახმარების შეწყვეტით, ტურისტული სეზონის წინ დე ფაქტო საზღვრის ჩაკეტვით, პანდემიის ფონზე ფაქტობრივი სამედიცინო ბლოკადით და ა.შ. "სტრატეგიული მოკავშირისა" და "ყველაზე სანდო მეგობრის" მხრიდან დამოკიდებულების კარდინალური ცვლილების ვერშემჩნევა შეუძლებელი იყო - და კრიზისში აღმოჩენილ სოხუმშიც თბილისთან თანამშრომლობასა და დიალოგზე ალაპარაკდნენ. თუმცა ამან კრემლის მყისიერი რეაგირება გამოიწვია, თანაც მზარდი ტენდენციით: მოსკოვიდან გაისმა ჯერ ნაკლებად ცნობილ პოლიტიკოს პრილეპინის, შემდეგ - ცოტა მეტად ცნობილ პუბლიცისტ პროხანოვის, შემდეგ - დეპუტატ ჟირინოვსკის განცხადებები რუსეთის შემადგენლობაში აფხაზეთის შესვლის "აუცილებლობის თაობაზე. შემდეგ მოსკოვში ჩასულ "პრეზიდენტ" ბჟანიას ჯერ კიდევ მისი წინამორბედის - რაულ ხაჯიმბას მმართველობის პერიოდში (გასული წლის დეკემბერში) სოხუმში გაგზავნილი 46-პუნქტიანი დოკუმენტი შეახსენეს "ერთიანი სოციალური და ეკონომიკური სივრცის ჩამოყალიბებისათვის საჭირო ღონისძიებების თაობაზე" და განუცხადეს, რომ სოხუმს მოსკოვის ამ 46 სურვილის აღსრულებაზე ოფიციალური თანხმობის მისაცემად წლის ბოლომდე აძლევენ ვადას. ეს 46 პუნქტი კი მოიცავს, მათ შორის, ისეთ საკითხებს, რომელთაც აფხაზეთი წლების განმავლობაში ეწინააღმდეგებოდა, მათ შორის - უცხოეთის (ცხადია, რომ რუსეთის) მოქალაქეების მიერ მიწისა და სხვა უძრავი ქონების, ასევე სტრატეგიული ენერგეტიკული და სხვა სახის ობიექტების პრივატიზებას. იმავე 46-პუნქტიან დოკუმენტშია ჩადებული უცხოური გრანტებით მომუშავე ორგანიზაციების "აგენტებად" გამოცხადების რუსული პრაქტიკის აფხაზეთში დანერგვის "აუცილებლობა".

როგორც ჩანს, ამ უკანასკნელის კონტექსტში განიხილავს კრემლი რუსეთის ეკლესიას დაქვემდებარებულ "აფხაზეთის მართლმადიდებელ ეკლესიასთან" დაპირისპირებულ სტრუქტურას - “აფხაზეთის წმინდა მიტროპოლიასაც”. "აქცენტის" ინფორმაციით, ამ საეკლესიო ფრთის არსებობის “პრობლემის წლის ბოლომდე გადაჭრის" მოთხოვნა ასლან ბჟანიას ჯერ კიდევ მოსკოვში წინა ვიზიტის დროს, დახურულ შეხვედრაზე წაუყენეს. თავად მოსკოვი კი მას შემდეგ ამ მიზნის მისაღწევად აფხაზეთში საზოგადოებრივი აზრის შემზადებას შეუდგა და ცდილობს, დააჯეროს ახალი ათონის მრევლს, რომელიც რაოდენობრივად “აფხაზეთის მართლმადიდებელი ეკლესიისას” აღემატება, რომ “ახალი ათონი ნელ-ნელა ნატო-ს იდეოლოგიურ ბაზად იქცევა”.

იხილეთ ასევე: "ბჟანია აფხაზური ეკლესიის ავტოკეფალიის იდეას მხარს უჭერს, თუმცა აწმ-ს სთხოვს, “რუსეთთან ურთიერთობა არ დააზიანოს”

რუსეთის ხელისუფლების ერთ-ერთი წარმომადგენელი, რომელმაც ეს სადეზინფორმაციო-პროპაგანდისტული მისია იკისრა, სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატი, დსთ-ის ქვეყნების ინსტიტუტის დირექტორი კონსტანტინე ზატულინია. ამასწინათ მან "საჯაროდ ამხილა” “აფხაზეთის მართლმადიდებელი ეკლესიის” ხელმძღვანელობასთან დაპირისპირებული “აფხაზეთის წმინდა მიტროპოლიის” წინამძღოლი დოროთე დბარი, რომელმაც, რუსი დეპუტატის მტკიცებით, “ახალი ათონის მონასტერი ხელში ჩაიგდო და იქ ფსევდომართლმადიდებლური და ამავდროულად რუსოფობური სექტა ჩამოაყალიბა სახელწოდებით “აფხაზეთის წმინდა მიტროპოლია”, სადაც “ღვთისმსახურებისას” კონსტანტინოპოლის პატრიარქ ბართლომეს იხსენიებენ”.

“სულ ვამბობ და ვწერ, რომ ეს რაღაც სიურეალიზმია: მოძმე აფხაზეთში, რომელსაც რუსეთი პრაქტიკულად ყველაფრით ეხმარება, ჩამოყალიბებულია სექტა, რომელიც ფაქტობრივად იდენტურია უკრაინის ნაციონალისტური ფსევდომართლმადიდებლური დაჯგუფებების – ცრუ პატრიარქ ფილარეტის «კიევის საპატრიარქოს» და ცრუ მიტროპოლიტ ეპიფანეს "უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის". არსობრივად, რუსი აფონიტი ბერების მიერ შექმნილ (!!!) ახალი ათონის მონასტერში მოქმედებს არა უბრალოდ განდგომილი და მოკვეთილი სტრუქტურა, არამედ ანტირუსული ბაზა, რომელიც, მაღალი ალბათობით, დაკავშირებულია დასავლურ სპეცსამსახურებთან. ეს ცენტრი რიგით აფხაზებში რუსოფობური და ანტისაეკლესიო ნაციონალისტური იდეების პროპაგანდირებითაა დაკავებული და სამწუხაროდ, ეს პროპაგანდა შედეგს აღწევს, თავად დოროთე დბარი განათლებული და ორატორული ნიჭით დაჯილდოებული კაცია. სამწუხაროა მხოლოდ, რომ ამ ნიჭს ის მხოლოდ და მხოლოდ გამანადგურებელი მიზნებისთვის იყენებს" – ციტირებს ზატულინს რუსული გამოცემა “მატერიკი”, რომელიც დეპუტატს ესაუბრა.

სტატიის ავტორი “ამ ვაქჰანალიაზე” პასუხს დე ფაქტო ხელისუფლებას სთხოვს და სვამს კითხვას: “რას აკეთებს ბჟანიას ხელისუფლება? ნუთუ ვერ აცნობიერებს, რომ არ შეიძლება, ჩააფურთხო ხელში, რომელიც მოწყალებას გაწვდის?! ნუთუ არ ეშინია ღმერთის რისხვის?!”. შემდეგ კი ამ კითხვას თავადვე პასუხობს: “ყველა მათგანს მშვენივრად აქვს გაცნობიერებული, მათ შორის – ისიც, რომ ახალი ათონის ამ სექტისგან გათავისუფლება მხოლოდ ძალითაა შესაძლებელი. დბარი კი ვერაგია, ის თავის ადეპტებს ეფარება და მონასტრის ძალით გათავისუფლების შემთხვევაში შეიძლება, სისხლი დაიღვაროს, რისიც, მისგან განსხვავებით, ძალიან ეშინია ბჟანიას ხელისუფლებას. მაგრამ ვინაიდან ეს აფხაზეთისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სამონასტრო კომპექსია, მის კედლებში ფაქტობრივად ანტირუსული ბაზის არსებობა ნამდვილი ნაღმია რუსეთ-აფხაზეთის ურთიერთობებისათვის!”.

სტატიის ავტორი იმედს გამოთქვამს, რომ “ზატულინს ყურს მიუგდებენ სოხუმსა და მოსკოვში ის სასულიერო პირები, რომელთაც რეალური გადაწყვეტილებების მიღება ხელეწიფებათ”. საერო გადაწყვეტილება კი აქ, მისი აზრით, ერთია - “დბარის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყება”. “ეს ადამიანი, რომელიც ეკლესიისგან ჯერ არ განუკვეთავთ და არც წოდება აქვს ჩამორთმეული, რეალურად, ნამდვილი კრიმინალია და პოლიტიკურად უკიდურესად საშიში" - დასძენს რუსი ჟურნალისტი.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები