ნიკერსი – "აშშ-მა და ევროპამ უფრო აქტიურად უნდა იმოქმედონ, რათა სამხრეთ კავკასიის რეგიონზე რუსეთის გავლენა შეამცირონ"

19-11-2020 11:27:49 საგარეო პოლიტიკა

ბალტიის ქვეყნების უსაფრთხოების ფონდის პრეზიდენტი ოლევს ნიკერსი მიიჩნევს, რომ სამხრეთ კავკასიაში რუსული წარმოდგენილობის ზრდის საპასუხოდ აშშ-მა და ევროპამ უფრო აქტიურად უნდა იმოქმედონ.

ამის შესახებ ნიკერსმა "აქცენტთან" საუბრისას განაცხადა.

"შექმნილ ახალ რეალობაში შეერთებული შტატებისა და ევროპის პოზიციას, ორივე მათგანმა სამხრეთ კავკასიის მიმართ უფრო მეტი ყურადღება უნდა გამოიჩინონ და უფრო აქტიურად იმოქმედონ, რათა, პირველ რიგში, შეამცირონ რეგიონზე რუსეთის გავლენა ეკონომიკური და ინფორმაციული თვალსაზრისით, შეამცირონ რეგიონის რუსეთზე ენერგოდამოკიდებულება, უზრუნველყონ ალტერნატიული ენერგიის წყაროები საქართველოს, აზერბაიჯანისა და სომხეთისთვის", – განაცხადა ნიკერსმა.

მისი თქმით, საქართველომ ეროვნული უსაფრთხოების ინტერესების უზრუნველსაყოფად ძალისხმევა უნდა გააძლიეროს:

"სამხრეთ კავკასიაში რუსული წარმოდგენილობის ზრდა, რა თქმა უნდა, გრძელვადიან პერიოდში რეგიონული მშვიდობისა და სტაბილურობის სასარგებლოდ არ იმოქმედებს. საქართველომ ეროვნული უსაფრთხოების ინტერესების უზრუნველსაყოფად უნდა გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა ბერკეტი – პოლიტიკური, ეკონომიკური და დიპლომატიური. თბილისმა დიპლომატიური მუშაობა უნდა გააქტიუროს რეგიონში მის ყველა მეგობარ ქვეყანასთან. ვფიქრობ, ამერიკელი ჯარისკაცების ქვეყანაში განთავსების თაობაზე მოწოდება არ წარმოადგენს ნომერ პირველ მოქმედებას, რომელსაც საქართველომ შესაძლოა, მიმართოს".

ნიკერსის შეფასებით, "ყარაბაღის კონფლიქტიდან მთავარი გამარჯვებული რუსეთია, თუმცა ეს არის ის, რაც ჩანს მოკლევადიან პერიოდში".

"რა მოხდება გრძელვადიან პერსპექტივაში, დამოკიდებულია რეგიონის სხვა აქტორთა ქცევაზე, რაშიც საქართველოსაც თავისი როლი აქვს,"– დასძინა ნიკერსმა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები