ბაქრაძის თქმით, რიკერის საქართველოში დარჩენა გადაწყვეტილი იყო და გეგმა მოულოდნელად არ შეცვლილა
19/11/2020 12:16:10 პოლიტიკა
აშშ-ში საქართველოს ელჩი, დავით ბაქრაძე ამბობს, რომ ქვეყნიდან აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს გამგზავრების შემდეგ მისი თანაშემწის დარჩენა გადაწყვეტილი იყო და გეგმა მოულოდნელად არ შეცვლილა.
ამის შესახებ ელჩმა საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის რეზიდენციის დატოვების შემდეგ განაცხადა.
"ბატონი სახელმწიფო მდივნის თანაშემწე რიკერი ფარავს იმ მიმართულებებს, რომელიც ევროპასა და ევრაზიას მოიცავს. ასე რომ, ის ახლდა სახელმწიფო მდივანს ევროპასა და ევრაზიაში. შემდგომ, როცა სახელმწიფო მდივნის ვიზიტი გაგრძელდა ახლო აღმოსავლეთში, ის დარჩა და აქედან გაბრუნდა ვაშინგტონში. ეს განსაზღვრული იყო, რომ ამ პერიოდით რჩებოდა", - განმარტა ბაქრაძემ.
საქართველოში 31 ოქტომბერს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებში საარჩევნო ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ფილიპ რიკერს გუშინ [18 ნოემბერი] შეხვდნენ.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის გრიგოლ ვაშაძის თქმით, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის საქართველოში დარჩენა მიუთითებს, რომ დასავლელი პარტნიორები ადეკვატურად აფასებენ ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ კრიზისს და ამ პროცესებში მათი პირდაპირი ჩართულობის მნიშვნელობასაც:
"ჩემი 45 – წლიანი გამოცდილებიდან გეუბნებით, ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ წამსვლელი ადმინისტრაციის, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ვიზიტი არაფერს ნიშნავს, როგორც წესი, რუსეთის გავლენის აგენტები არიან. რეალურად, ძალიან ბევრს ნიშნავს. აშშ-ის პოლიტიკა საქართველოს მიმართ არის ორპარტიული. ის, რომ ელჩი რიკერი დარჩა საქართველოში და არ გაჰყვა სახელმწიფო მდივანს ისრაელში, იმის ინდიკაციაა, რომ ჩვენს სტრატეგიულ მოკავშირეს, ისევე როგორც ევროკავშირს, შესანიშნავად ესმის, რაოდენ ღრმაა პოლიტიკური კრიზისი საქართველოში და როგორ გვჭირდება ჩვენი სტრატეგიული მოკავშირეების დახმარება, რომ გამოსავალი მოვნახოთ. ყურადღებით მოისმინეს ის, რაც ჩვენ ვუთხარით - ფაქტებით დარღვევებზე, ფაქტებით გაყალბებაზე; ფაქტებით იმაზე, რა უმსგავსოდ იქცეოდნენ საოლქო და საუბნო კომისიები, როდესაც პირდაპირ ხელით დაიწყეს ოქმების გადაწერა. ასევე ჩვენი მოსაზრებები, რა უნდა იყოს შესაძლებელი გამოსავალი ამ კრიზისიდან... გზავნილი იყო ის, რომ გამომდინარე იქიდან, რაოდენ რთულია ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობა ქვეყანაში, ასევე რაოდენ რთულია სიტუაცია რეგიონში, სასწრაფოდ საჭიროა საქართველოში კომპრომისის მონახვა. ჩვენ უკან დგას უამრავი ათასი საქართველოს მოქალაქე, რომელიც ითხოვს სამართლიანობის აღდგენას".
ცნობისთვის: ოპოზიცია 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ცსკ–ის მიერ წარმოდგენილ წინასწარ შედეგებს უნდობლობას უცხადებს. საარჩევნო ბარიერგადალახულმა 8 პარტიამ ("ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია"; "ევროპული საქართველო"; "გირჩი"; "ლელო"; "გიორგი ვაშაძე - სტრატეგია აღმაშენებელი"; "ლეიბორისტული პარტია"; "მოქალაქეები"; "პატრიოტთა ალიანსი") უარი თქვა როგორც სადეპუტატო მანდატებზე, ისე არჩევნების მეორე ტურებში მონაწილეობაზე.
როგორც ოპოზიციაში აცხადებენ, საარჩევნო ადმინისტრაცია უნდა შეიცვალოს და დაინიშნოს ახალი არჩევნები. აღნიშნული მოთხოვნით აქციების გამართვა ყოველდღიურ რეჟიმშია დაგეგმილი. თუმცა "პატრიოტთა ალიანსი" აცხადებს, რომ ოპოზიციური პარტიებისგან ცალკე იმოქმედებს და აქციებსაც ცალკე გამართავს.


