რატომ “სძინავს” თბილისს?

19-11-2020 19:06:29 კავკასია ,კონფლიქტები

საქართველოში კოვიდ-ეპიდემიოლოგიური ვითარება დღითიდღე მძიმდება. კრემლთან აფილირებული სტრუქტურების მიერ დაფინანსებული უამრავი “ბოტი” და ცალკეული ტროლი, რომლებიც ერთხმად გაჰკიოდნენ, “არავითარი კორონავირუსი არ არსებობს – ეს სულ მასონების ხრიკებიაო”, ახლა უკვე მიყუჩდნენ მათ თანამოაზრე რიგ სასულიერო პირებთან და ცალკეულ სამოქალაქო აქტივისტებთან ერთად. ვაი, რომ გვიან, მაგრამ ერი ამ მხრივ, მგონი, გონს მოეგო. პარალელურად ქვეყანაში საარჩევნო ბატალიები გრძელდება. სადეპუტატო სავარძლების გადანაწილება პოლიტიკური სპექტრის დღის წესრიგის ლამის ერთადერთ საკითხადაა ქცეული. პოლიტიკოსებს მედიაც აჰყვა – და აღარც ერთი, აღარც მეორე “იცლის” იმ ტექტონური ძვრებისთვის, რომლებიც ქვეყნის ირგლივ ხდება, - თბილისს ამ მხრივ თითქოს “სძინავს”. არადა, ეს ძვრები საქართველოზეც ახდენს წარმოუდგენლად დიდ გავლენას და სულ მალე, მაღალი ალბათობით, შესაძლოა, უპირველესად, ტერიტორიული მთლიანობის საკითხებთან მიმართებაში აისახოს. ჩემი მიზანი ნამდვილად არ არის, ვინმე შევაშინო, ისედაც მძიმე ვითარებაში პანიკა ვთესო, მკითხველში დეპრესია ვაღრმავო ან ვინმეს მიმართ აგრესია გამოვიწვიო. მაგრამ რეალურ რისკებზე საქართველოს უკვე მთელი რიგი უცხოელი ექსპერტები მიუთითებენ და თუ კარს მომდგარი საფრთხეების თავიდან აცილება გვსურს, უნდა “გავიღვიძოთ”.

ასე, მაგალითად, პოლიტოლოგი, კავკასიის საკითხთა სპეციალისტი ავრაამ შმულევიჩი თვლის, რომ საქართველოს ოკუპირებული რეგიონი – აფხაზეთი უახლოეს ხანებში შესაძლოა, რუსეთ-თურქეთის დაპირისპირების პლაცდარმად იქცეს. ამ კონტექსტში იგი აფხაზეთში ყარაბაღიდან დევნილი სომხების ჩასახლებისა და ოკუპირებული რეგიონის ტერიტორიის გავლით რუსეთ-სომხეთის სარკიგინზო კავშირის – ე.წ. აფხაზური რკინიგზის ამოქმედების რეალურ შესაძლებლობაზე მიუთითებს: “საკითხი, რომელიც ადრეც არაერთგზის წამოჭრილა – აფხაზეთის ტერიტორის გავლით სომხეთისკენ სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენა ძალზე ხელსაყრელი იქნებოდა მოსკოვისთვის: ამით რუსეთი მიიღებდა გარანტირებულ წვდომას სომხეთზე საქართველოს ტერიტორიის გავლით. და ამ თვალსაზრისით აფხაზეთში (სადაც ისედაც საკმაოდ დიდი სომხური დიასპორაა) სომხური მოსახლეობის ერთბაშად მნიშვნელოვნად გაზრდა კარგი ბერკეტი იქნებოდა რკინიგზის საკითხის დადებითად გადაწყვეტის მისაღწევად”. რაც შეეხება ქართული საზოგადოების მოსალოდნელ პროტესტს, პოლიტოლოგი მიუთითებს მოსკოვის დიდ გამოცდილებაზე, მისთვის საჭირო საკითხები საზოგადოებრიობის "თვალის ასახვევად" შესაბამისად "შეფუთოს": "ეს შეიძლება, გაკეთდეს რაიმე საერთაშორისო ხელშეკრულების გაფორმებით, რკინიგზისთვის რაიმე საერთაშორისო სტატუსის მინიჭებით – ვთქვათ, ამ საქმეში სომხეთის ან თურქეთის "ჩართვით" და ა.შ., ისე, რომ ამ ხაზზე ტვირთების გადაზიდვა ქართველი მესაზღვრეების კონტროლის გარეშე წარმოებდეს".

ამასთან, მისი აზრით, ე.წ. აფხაზეთის რკინიგზის ამოქმედება შეიძლება, ხელსაყრელი იყოს თურქეთისთვისაც: "თუ გაიხსნება დერეფანი ნახჭევანის გავლით, გამოვა, რომ თურქეთი სატრანსპორტო ხაზ “ჩრდილოეთ-სამხრეთის” [უმოკლესი გზა ჩრდილოეთის - სამხრეთთან, აზიის ევროპასთან დასაკავშირებლად – რედ.] დასაწყისშია, ანკარას კი, როგორც ვიცით, პრეტენზია აქვს, ერთგვარი სატრანსპორტო ჰაბი იყოს და ამ თვალსაზრისით ე.წ. აფხაზური რკინიგზის ამოქმედება მისთვისაც ხელსაყრელი იქნებოდა”.

ამავდროულად, პოლიტოლოგი მიუთითებს მოსკოვის საჭიროებაზე, წინააღმდეგობა გაუწიოს თურქეთს, რომელიც ახლა შავი ზღვის რეგიონში აქტივობას ზრდის: “მანამდეც ცნობილი იყო, ყარაბაღის II ომმა კი საბოლოოდ გამოააშკარავა, რომ თურქეთმა განდევნა რუსული გავლენა აზერბაიჯანიდან და მოსკოვს ამჟამად თავისი გავლენის აღსადგენად არანაირი ხელშესახები ბერკეტი არ გააჩნია [...]. ამასთანავე, უკვე ნათელია, რომ გაიზრდება თურქეთის გავლენა თბილისზეც და ზოგადადაც, თურქეთი ამიერკავკასიაში აქტიურდება. […] თურქეთს გააჩნია ბერკეტები, მათ შორის, აფხაზეთზე ზემოქმედებისთვის (ეს არის, უპირველესად, აფხაზური დიასპორა თურქეთში, ასევე ის გარემოება, რომ თურქეთი რუსეთის შემდეგ მეორე სავაჭრო პარტნიორია აფხაზეთისთვის) და ამმხრივ აფხაზეთში უკიდურესად ანტითურქულად განწყოფილი სომხების დამატებითი რაოდენობის გამოჩენა რუსეთისთვის სოხუმზე თურქული გავლენის კომპენსირების ერთგვარი შესაძლებლობა იქნებოდა".

და პრეზიდენტ პუტინის მიერ აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერ ასლან ბჟანიასთან სოჭის ამაწინანდელ შეხვედრაზე გაკეთებული განცხადება (“რუსეთი აფხაზეთისთვის №1 პარტნიორად რჩება, ხოლო ახალი სამხედრო-პოლიტიკური რეალობისა და ამიერკავკასიაში თურქეთის მოსალოდნელი სამხედრო წამორდგენილობის გათვალისწინებით, აფხაზეთი რუსეთის სამხედრო ფორპოსტად და რუსეთის საზღვრებთან სანიტარულზონად იქცევაო”) ალბათ, შმულევიჩის მოსაზრების დასტურად უნდა ჩაითვალოს.

აქ მკითხველს ამონარიდს შევახსენებ აზერბაიჯანის, სომხეთისა და რუსეთის ლიდერების მიერ ყარაბაღის მეორე ომის დასრულების შესახებ ხელმოწერილი სამმხრივი განცხადებიდან: «რეგიონში ყველა სატრანსპორტო და ეკონომიკური კავშირი განიბლოკება” და “კონტროლს სატრანსპორტო კავშირზე რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის სასაზღვრო სამმართველოს ორგანოები განახორციელებენო».

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ კი პუტინთან შეხვედრის შემდეგ სოხუმში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ყარაბაღის მეორე ომმა «ძალიან ბევრი რამ შეცვალა და კიდევ შეცვლის», რომ მან პუტინთან რკინიგზის თემაზეც ისაუბრა, რომ “შესაბამისი პირობების შემთხვევაში ეს შესაძლებელია” და რომ “უახლოეს ხანებში მხარეები ამ საკითხს დაუბრუნდებიან”. ამასთან, ბჟანიამ მიანიშნა იმაზეც, რომ მოსკოვს თბილისისგან თახმობა უკვე მიღებული აქვს.

თუ ეს ასეა, გამოდის, რომ სანამ მთელს დანარჩენ საქართველოს “სძინავს”, ძლიერნი ამა ქვეყნისანი კულუარულად სთანხმდებიან მოსკოვს ქვეყნისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის საკითხებში?

უნდა აღინიშნოს, რომ მანამდე არაოფიციალური ინფორმაცია თბილისის მიერ ე.წ. აფხაზური რკინიზგის ამოქმედებაზე თანხმობის გაცემის შესახებ ქართულ მედიაშიც გავრცელდა. თუმცა საქართველოს ხელისუფლებას კომენტარი არც მაშინ გაუკეთებია, არც ახლა გამოჰხმაურებია ბჟანიას განცხადებას.

“აქცენტმა” დღეს ამასთან დაკავშირებით კითხვით რამდენიმე სახელმწიფო უწყებას მიმართა და პასუხს ელის.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები