ლევან ვარშალომიძე: "საარჩევნო უბნებთან "სირცხვილის დერეფნებს" აღარ მოვაწყობთ"

20-11-2020 15:43:12 საშინაო პოლიტიკა

"ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ბათუმში ლევან ვარშალომიძე, რომელიც 21 ნოემბერს დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურების დროს ამომრჩევლებისთვის "სირცხვილის დერეფნების" მოწყობით მოწოდებით ცოტა ხნის წინ გამოვიდა, დღეს აცხადებს, რომ აღნიშნულს აღარ განახორციელებენ.

ამის მიზეზად იგი სუს-ის მიერ კრიმინალური ჯგუფების დაორგანიზებას ასახელებს.

"როგორც ჩვენთვის ცნობილი გახდა სუს–ი აორგანიზებს კრიმინალურ ჯგუფებს პროვოკაციებისა და დაპირისპირების მოსაწყობად .ოპოზიციურმა ერთობამ მიიღო გადაწყვეტილება, ხვალ დაგეგმილი საპროტესტო აქციები, საარჩევნო უბნებთან "სირცხვილის დერეფანი" აღარ გაიმართება. ჩვენ კვლავ ვაგრძელებთ მშვიდობიან საპროტესტო აქციებს! ძალადობა და პროვოკაციები კი მხოლოდ ბიძინა ივანიშვილისა და "ქართული ოცნების" ხელწერაა! ჩვენთვის მნიშვნელოვანია თითოეული მოქალაქის უსაფრთხოება. არჩევნები გაყალბებულია", - წერს ვარშალომიძე სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ დღეს შსს–ში განაცხადეს, რომ "სირცხვილის დერეფნები" სამართალდარღვევაა და პოლიცია ნებისმიერ შემთხვევას აღკვეთს"

ცნობისთვის: 15 ნოემბერს ბათუმში გამართულ აქციაზე "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ვარშალომიძემ დემონსტრანტებს მოუწოდა, 21 ნოემბერს არჩევნების მეორე ტურების დღეს საარჩევნო უბნებთან "სირცხვილის დერეფნები" მოეწყოთ.

ვაშალომიძის ინიციატივას მყისიერად გამოეხმაურნენ მისივე პარტიის ლიდერები, მათ შორის – სალომე სამადაშვილი და ხატია დეკანოიძე და განაცხადეს, რომ აღნინულ მოწოდებას არ იზიარებდნენ. ვარშალომიძის მოწოდებას მიუღებლად მიიჩნევენ რიგიოპოზიციონერი პოლიტიკოსები, მათ შორის – ელენე ხოშტარია, სერგი კაპანაძე, ხათუნა სამნიძე, დავით უსუფაშვილი, ალეკო ელისაშვილი, გიგა ბოკერია, ზურაბ ჯაფარიძე, გიორგი ვაშაძე და კოტე კემულარია.

რაც შეეხება „ერთიანი საქართველოს“ ლიდერ ნინო ბურჯანაძეს მან შემდეგ განაცხადა: "თუ ვინმეს ნორმალურად მიაჩნია, რომ საქართველოში ხმებს იპარავენ და ოფისებს წვავენ, მაშინ ასეთმა ამომრჩეველმა უნდა გაიაროს "სირცხვილის დერეფანში".

ახალი ამბები

სხვა სიახლეები