Accentnews.ge
თალაკვაძე: „პოლიტიკური დიალოგი და დისკუსია პარლამენტში უნდა განვაგრძოთ“

თალაკვაძე: „პოლიტიკური დიალოგი და დისკუსია პარლამენტში უნდა განვაგრძოთ“

20/11/2020 15:35:06 პოლიტიკა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, საარჩევნო ბარიერგადალახულ პარტიებს აქვს რესურსი, ქვეყნის განვითარებაში წვლილი შეიტანონ, პოლიტიკური დიალოგი და დისკუსია კი პარლამენტში უნდა გაგრძელდეს.

„ჩატარებული არჩევნები არის შესაძლებლობა, რომ ჩვენს მოქალაქეებს სტაბილური პოლიტიკური მმართველობა შევთავაზოთ.

2020 წლის არჩევნების შედეგად საზოგადოებამ ცხრა პოლიტიკური პარტია, არაერთი ახალი პოლიტიკოსი და მეტი ქალი შეიყვანა პარლამენტში; პირველად უახლეს ისტორიაში, აღარავის აქვს ჭარბი უმრავლესობა, ოპოზიციას კი, რეგლამენტით ქმედითი საპარლამენტო ბერკეტები გააჩნია. შესაბამისად, ეს ქმნის შესაძლებლობას, ახალი პარლამენტი უფრო შედეგზე ორიენტირებული, ჯანსაღ პოლიტიკურ დისკუსიაზე დაფუძნებული და მონაწილეობითი იყოს.

ნაცვლად იმისა, რას არ ვეთანხმებით, სჯობს ვიფიქროთ იმაზე – რა პრობლემებისა და ამოცანების გადაჭრას ელოდება საზოგადოება პოლიტიკოსებისგან. თითოეულ ოპოზიციურ პარტიას, რომელმაც საარჩევნო ბარიერი გადალახა, აქვს რესურსი და შესაძლებლობა თავისი წვლილი შეიტანოს ქვეყნის განვითარებაში. პოლიტიკური დიალოგი და დისკუსია კი პარლამენტში უნდა განვაგრძოთ. პანდემიის მიუხედავად, ორ მილიონამდე მოქალაქემ მიიღო არჩევნებში მონაწილეობა და ჩვენ უფლება არ გვაქვს, მათი არჩევანი ეჭვქვეშ დავაყენოთ“, – ნათქვამია თალაკვაძის განცხადებაში, რომელსაც საქართველოს პარლამენტის პრეს–სამსახური ავრცელებს.

ცნობისთვის: 31 ოქტომბრის არჩევნების ცსკ–ის მიერ წარმოდგენილ შედეგებს არც ერთი ოპოზიციური პარტია არ აღიარებს და მე–10 მოწვევის პარლამენტს ბოიკოტს უცხადებს. სახელისუფლებო გუნდსა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის ელჩების მონაწილეობით ორი შეხვედრა შედგა, იგეგმება მოლაპარაკების შემდეგი რაუნდიც. ოპოზიცია ხელისუფლებას ვადამდელი არჩევნების გაზაფხულზე ჩატარებას სთავაზობს. 21 ნოემბერს არჩევნების მეორე ტური გაიმართება, რომელშიც ოპოზიცია მონაწილეობას არ მიიღებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S