ოპოზიცია მმართველი გუნდის წინადადებას ელოდება
20/11/2020 15:44:47 პოლიტიკა
„ევროპული საქართველოს“ ლიდერის დავით ბაქრაძის განცხადებით, პასუხისმგებლობა „ქართული ოცნების“ მხარესაა და ოპოზიცია მმართველი გუნდის წინადადებას ელოდება.
„დღეს გვქონდა კიდევ ერთი ძალიან გულახდილი და კარგი დისკუსია ჩვენს მეგობრებთან და პარტნიორებთან. შექმნილი ვითარება არის მარტივი - ოპოზიცია პასუხისმგებლობიდან გამომდინარე ცდილობს მოძებნოს გამოსავალი იმ პოლიტიკური კრიზისიდან, რომელშიც ქვეყანა ხელისუფლებამ გაყალბებული არჩევნებით შეიყვანა. ასეთი გამოსავლის ძებნას ცდილობენ ჩვენი უცხოელი პარტნიორებიც და დღეს ჩვენ ვისაუბრეთ, რა შეიძლება იყოს გამოსავალი და საით შეიძლება წავიდეს პროცესები კრიზისის განსამუხტად. ამიტომ ბურთი და პასუხისმგებლობა მთლიანად არის „ქართული ოცნების“ მხარეს. ველოდებით, რომ საქართველოს ხელისუფლებაც გამოიჩენს პასუხისმგებლობას ამ ქვეყნის წინაშე და ისე, როგორც ოპოზიცია ფიქრობს, როგორც ჩვენი პარტნიორები ფიქრობენ, „ქართული ოცნებაც“ დაიწყებს ფიქრს გამოსავლის მოძებნისთვის კრიზისიდან, რომელშიც ქვეყანა თავად შეიყვანეს. ჯერჯერობით შეთავაზება, რაც მაგიდაზეა, გახლავთ კვლავ ოპოზიციის შეთავაზება გაზაფხულზე ვადამდელი არჩევნების შესახებ, არაფერი ახალი “ქართული ოცნებისგან“ არ მოგვისმენია, ველოდებით მათი მხრიდან წინადადებებს, როგორ შეიძლება განიმუხტოს კრიზისი. ეს გვინდა ჩვენ, უნდათ ჩვენს უცხოელ პარტნიორებს და ბურთი არის „ქართული ოცნების“ მხარეს, ველოდებით და მზად ვიქნებით განვიხილოთ. ოღონდ, უნდა განვიხილოთ აზრიანი წინადადება, რომელიც ქვეყანას კრიზისიდან გამოიყვანს და არა რაღაც იმდაგვარი, რომლითაც გვეტყვიან, რომ თურმე პარლამენტში ჩვენი სურვილის წინააღმდეგ უფლებამოსილებას არ შეგვიწყვეტენ. ამიტომ აზრიან წინადადებას ველით და იმედი გვაქვს, ხელისუფლება ელემენტარულ პასუხისმგებლობას გამოიჩენს ამ ქვეყნის მომავლის წინაშე“,- განაცხადა ბაქრაძემ ევროკავშირის ელჩ კარლ ჰარცელთან შეხვედრის შემდეგ.
ცნობისთვის: 31 ოქტომბრის არჩევნების ცსკ–ის მიერ წარმოდგენილ შედეგებს არც ერთი ოპოზიციური პარტია არ აღიარებს და მე–10 მოწვევის პარლამენტს ბოიკოტს უცხადებს. სახელისუფლებო გუნდსა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის ელჩების მონაწილეობით ორი შეხვედრა შედგა, იგეგმება მოლაპარაკების შემდეგი რაუნდიც. ოპოზიცია ხელისუფლებას ვადამდელი არჩევნების გაზაფხულზე ჩატარებას სთავაზობს. 21 ნოემბერს არჩევნების მეორე ტური გაიმართება, რომელშიც ოპოზიცია მონაწილეობას არ მიიღებს.


