Accentnews.ge
მდინარაძე განმარტავს, რა შემთხვევაშია შესაძლებელი კომპრომისის მიღწევა

მდინარაძე განმარტავს, რა შემთხვევაშია შესაძლებელი კომპრომისის მიღწევა

21/11/2020 11:21:06 პოლიტიკა

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერ მამუკა მდინარაძის განცხადებთ, თუკი ოპოზიციის რიტორიკა

რადიკალური იქნება, „კომპრომისზე საუბარი ზედმეტია“.

მისი თქმით, როგორც კი ოპოზიცია დღის წესრიგიდან ულტიმატუმებს მოხსნის, მმართველი პარტიის მხრიდან შემხვედრი წინადადებები იქნება.

„საზოგადოება კარგად ხედავს, რომ ფასილიტატორი ელჩები ძალისხმევას არ იშურებენ იმისთვის, რომ მოლაპარაკების მესამე რაუნდი უკვე იყოს შედეგიანი. ჩვენ ვხედავთ მათ შესაბამის მოქმედებებს, ისინი უკვე ცალ-ცალკე ხვდებიან პარტიების წარმომადგენლებს. მგონი, ყველასთვის ცხადია ამ შეხვედრებიდან გამოსული პოლიტიკოსების განცხადებების პათოსი. ვფიქრობ, რომ ისინიც კომპრომისულ წინადადებებზე იფიქრებენ, იმსჯელებენ და პარლამენტში შემოვლენ იმისთვის, რათა თავისი პოზიცია დააფიქსირონ საპარლამენტო ტრიბუნიდან და ბოლოს და ბოლოს პატივს სცემენ თავიანთ ამომრჩეველს, რომლებმაც დაავალეს, რომ მათ მიიღონ საპარლამენტო ცხოვრებაში მონაწილეობა.

როგორც კი წითელ ხაზს გადაკვეთენ, ამ შემთხვევაში, პოზიტიური გაგებით, ბუნებრივია, შემხვედრი წინადადებებიც იქნება ჩვენი მხრიდან, თუ ისინი იფიქრებენ და თავის კონკრეტულ გადაწყვეტილებას ასახავენ ამ ულტიმატუმის ჩახსნაში, ამ შემთხვევაში, უკვე ყველა ვხვდებით, რომ შესაძლებელია კომპრომისის მიღწევა“, - განაცხადა მდინარაძემ.

მისი თქმით, ოპოზიცია ბევრ თემას შეეხო და ყველა მათგანზე შესაძლებელია საუბარი, გარდა ქართველი ამომრჩევლის ნებისა და გადაწყვეტილების გადახედვისა.

„ვიმედოვნებ, მწამს და მჯერა, რომ ისინი ამ რადიკალური პოზიციიდან გამოვლენ და მოლაპარაკებათა მაგიდასთან დაიდება ისეთი წინადადები, რომელზეც იქნება შესაძლებელი მსჯელობაც და გადაწყვეტილების მიღებაც,“- განაცხადა მდინარაძემ.

დღეს, 21 ნოემბერს 17 მაჟორიტარულ ოლქში არჩევნების II ტური იმართება. თუმცა ოპოზიცია პირველი ტურის შედეგებს გაყალბებულად მიიჩნევს და ცსკ-ს მიერ გამოცხადებულ შედეგებს არ აღიარებს. შესაბამისად, ბოიკოტს უცხადებს არჩევნების II ტურსაც და პარლამენტში შესვლაზე უარს აცხადებს.

კანონმდებლობის შესაბამისად, ოპოზიციის კანდიდატები ბიულეტენზე წარმოდგენილები არიან, თუმცა პარტიების ლიდერებმა მხარდამჭერებს მოუწოდეს, არ მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში. ისინი ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში არჩევნების ხელახლა ჩატარებას ითხოვენ, ასევე, ითხოვენ პოლიტიკური ნიშნით დაკავებული ადამიანების გათავისუფლებას.

აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში ხელისუფლებასა და ოპოზიციას ორის მოლაპარაკებებიც იმართება, თუმცა, ჯერჯერობით, ვითარება უცვლელია - ხელისუფლება ოპოზიციას სთხოვს, პარლამენტში შევიდეს და მოთხოვნების შესრულებაზე უარს ამბობს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S