
კობახიძე ამბობს, რომ „ქართული ოცნების“ კანდიდატებმა 17 მაჟორიტარულ ოლქში გაიმარჯვეს და პარტიამ 90 მანდატი მიიღო
21/11/2020 16:22:49 პოლიტიკა
„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ სახელისუფლებო პარტიის კანდიდატებმა გაიმარჯვეს 17-ვე მაჟორიტარულ ოლქში გაიმარჯვეს. ამრიგად, როგორც კობახიძე პარტიის წინასწარ შედეგებზე დაყრდნობით აცხადებს, მმართველი გუნდი პარლამენტშ 90 მანდატს მიიღებს.
"ოპოზიციურ პარტიებსა და ბლოკებს შორის კი, მანდატები შემდეგი სახით განაწილდება: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - 36 მანდატი, „ევროპული საქართველო“ - 5 მანდატი, „ლელო“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „პატრიოტთა ალიანსი“ და „გირჩი“ - 4-4 მანდატი, „მოქალაქეები“ - 2 მანდატი, „ლეიბორისტული პარტია“ - 1 მანდატი", - განაცხადა კობახიძემ.
მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციური პარტიები არჩევნების პირველი ტურის შედეგებს გაყალბებულად მიიჩნევენ და პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობენ, კობახიძის შეფასებით, დღეს ჩატარებული არჩევნები და მის მიერ წარმოდგენილი შედეგები, რომლის მიხედვითაც პარლამენტის მანდატი 9 პარტიამ მიიღო, "უმნიშვნელოვანესი წინგადადგმული ნაბიჯია ქართული დემოკრატიის განვითარების გზაზე":
"შედეგად, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ძალისხმევით შეთანხმებული საარჩევნო სისტემის საფუძველზე, ჩამოყალიბდა მრავალპარტიული პარლამენტი, სადაც წარმოდგენილია 9 პოლიტიკური სუბიექტი და სადაც მმართველი პარტია არ ფლობს ჭარბ უმრავლესობას".
მეორე ტური 17 საარჩევნო ოლქში უკონკურენტო გარემოში ჩატარდა, რადგან ოპოზიცია მასში არ მონაწილეობდა. საარჩევნო უბნები 20:00 საათზე დაიხურა.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, დღეს ამომრჩეველთა აქტივობა 17:00 საათზე 20.74% იყო.