ამომრჩევლის ნების კონტროლი, კენჭისყრის ფარულობის დარღვევა – საია–მ 100–ზე მეტი დარღვევა დააფიქსირა

21-11-2020 21:34:00 პოლიტიკა

20:00 საათისთვის, საიას დამკვირვებლების მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, კენჭისყრის პროცედურები ცალკეულ უბნებზე კვლავ მნიშვნელოვანი პრობლემებით მიმდინარეობდა,- ასე აფასებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის კენჭისყრის დღეს.

როგორც ორგანიზაციის განცხადებაშია აღნიშნული, დაფიქსირდა 100-ზე მეტი დარღვევა, რომლებიც ძირითადად ეხება კენჭისყრის ფარულობას, ამომრჩევლის ნების კონტროლს, დამკვირვებლის მიერ უფლებამოსილების განხორციელების ხელშეშლას და პროცედურულ საკითხებს.

საია-ში ამბობენ, რომ ზოგადი ტენდენციის სახით, პირველი ტურის მსგავსად, შეინიშნებოდა უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე დაუდგენელ პირთა მობილიზება მთელი საქართველოს მასშტაბით. საიას დამკვირვებლებს რამდენიმე შემთხვევაში დაემუქრნენ ჯანმრთელობის დაზიანებითაც კი.

"ამ ეტაპზე საიას სადამკვირვებლო მისიის დამკვირვებელთა მიერ დაიწერა, ჯამში, 24 საჩივარი, აქედან 14 - უბნის, ხოლო 10 - ოლქის დონეზე და დაფიქსირდა 80-ზე მეტი შენიშვნა.

07:00-დან 20:00 საათამდე პერიოდში დაფიქსირებული ყველაზე მნიშვნელოვანი დარღვევები შემდეგია:

დამკვირვებლის უფლებამოსილების განხორციელების ხელშეშლა: საიას დამკვირვებლებს გარკვეულ უბნებში არ მიეცათ საკუთარი უფლებამოსილების განხორციელების საშუალება. ხუთ შემთხვევაში (ჩუღურეთის #10, რუსთავის #45, ბათუმის, #52, სამგორის #8 და კრწანისის #17 ოლქები) მათ ხელი შეუშალეს ჩვენს დამკვირვებლებს საკუთარი უფლებამოსილების განხორცილებაში და ჯანმრთელობის დაზიანებით დაემუქრნენ. დამკვირვებლებს ემუქრებოდნენ როგორც კომისიის წევრები, ისე სხვა დამკვირვებლები და გარე პირები, რომლებიც მობილიზებული იყვნენ უბნის მიმდებარედ;

ჩუღურეთის ოლქი # 10 უბანი - საიას დამკვირვებელმა შენიშნა უბნის ტერიტორიაზე კოორდინატორები ამომრჩეველთა სიებით, მტკიცებულების მოპოვების მიზნით გადაიღო სურათი, რის შემდეგაც უცნობი პირი მას დაემუქრა ჯანმრთელობის დაზიანებით;

რუსთავის ოლქი #45 - საარჩევნო უბნის კართან იმყოფებოდნენ ადამიანები, რომელთაც თან ჰქონდათ ამომრჩეველთა სიები. საიას დამკვირვებელმა მათ გადაუღო ფოტო, რასაც მოყვა მუქარა და ფოტოს წაშლის მოთხოვნა. ცდილობდნენ ტელეფონს წართმევასაც. გარდა ზემოაღნიშნული პირებისა, საიას სტატიკურ და მობილურ დამკვირვებლებს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ უბნის გარეთ მობილიზებული ადამიანებიც;

ბათუმის ოლქი #52 - მას შემდეგ რაც საიას დამკვირვებელი ფოტოს უღებდა საარჩევნო უბნის ტერიტორიას, იქვე მყოფმა პირებმა მას მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა;

სამგორის ოლქი #8 უბანი - კომისიის წევრებმა დატოვეს საარჩევნო უბანი, რაზეც საიას დამკვირვებელმა დააფიქსირა შენიშვნა ჩანაწერთა წიგნში. დამკვირვებელს მის მიერ გაკეთებული შენიშვნა გადაუსწორეს და აღარ აძლევდნენ მისი ნახვის საშუალებას. ამის შემდეგ დამკვირვებელმა უბნის დონეზე დაწერა საჩივარი. ასევე დამატებით გააკეთა შენიშვნა, სადაც აღნიშნა, რომ მისი ჩანაწერი გადაასწორეს. დამკვირვებელი უცნობმა პირებმა გაიყვანეს გარეთ და დაემუქრნენ. უთხრეს, რომ მისი მისამართი იცოდნენ, მისთვისვე იყო უკეთესი უკან გაეტანათ საჩივარი. მათ დამკვირვებელთან კონტაქტი სცადეს სოციალურ ქსელშიც;

კრწანისის ოლქი #17 - საარჩევნო უბანზე გადასატანი საარჩევნო ყუთი დაბრუნდა ისე, რომ სიაში მითითებულ ერთ-ერთ ამომრჩეველს ხმა მიცემული არ ჰქონდა. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა განცხადებით, ამ ამომრჩეველთან განმეორებით გაიტანდნენ ყუთს 17:00 საათიდან. დაბრუნებულ ყუთზე გადაკრული იყო ლუქი. 17:00 საათისთვის გადასატანი ყუთი განმეორებით გაიტანეს უბნიდან და რამდენიმე წუთში დააბრუნეს უკან დალუქულ მდგომარეობაში. ყოველივე ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით დამკვირვებელი საათნახევრის განმავლობაში ცდილობდა დაეწერა წერილობითი შენიშვნა, ძალისხმევისა და კომისიის წევრებისგან უხეში ზეწოლის ფონზე. საბოლოოდ მან დაწერა საჩივარი.

ამომრჩევლის ნების კონტროლი: მთელ რიგ შემთხვევებში, უბნების მიმდებარედ მობილიზებულნი არიან კოორდინატორები, პარტიული აქტივისტები, რომლებიც ცდილობენ შექმნან ზეწოლის გარემო და თვალთვალის განცდა. რაც ამომრჩევლის ნების თავისუფლად გამოვლინებას უშლის ხელს.

ფარულობის პრინციპის დარღვევა: ისნის #46 და #49, სამგორის #6 და ბათუმის #93 უბანზე ხმის მიცემის კაბინები იმგვარად არის განლაგებული, რომ შესაძლებელია ამომრჩევლის მიერ გაკეთებული არჩევანის იდენტიფიცირება. ზუგდიდის 24-ე საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანმა გადასატან საარჩევნო ყუთში შეყვანილი ამომრჩევლების პერსონალური მონაცემები (სია პირადი ნომრებით) გადასცა გარეშე პირს. გლდანის #93 უბანზე შევიდა დაულუქავი გადასატანი ყუთი, რის გამოც საიამ საჩივრით მოითხოვა გადასატანი საარჩევნო ყუთის ბათილობა.

სხვა დარღვევებია: წილისყრის პროცედურების დარღვევა, საკონტროლო ფურცლის არასათანადო შევსება, სადემოსნტრაციო ოქმისა და ჩანაწერთა წიგნის არასათანადო შევსება, ფუნქციების გადაცემა თვითნებურად და ჩანაწერთა წიგნში დაფიქსირების გარეშე, უბანზე არაუფლებამოსილი პირის ყოფნა (დაცვის თანამშრომელი). ზოგ შემთხვევაში საიას დამკვირვებლის შენიშვნის შემდეგ დარღვევა აღმოიფხვრა.

კოვიდ-19-ის პანდემიის წინააღმდეგ გასატარებელ ღონისძიებებთან დაკავშირებული დარღვევები: რიგ უბნებში ამომრჩევლის იდენტიფიცირების პროცედურები სათანადოდ არ სრულდება, კომისიის წევრები მოქალაქეებს არ ახსნევინებენ პირბადეს დადგენილი წესით",- აღნიშნულია საიას განცხადებაში.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები