ჰოჯესი: "საქართველოს ნატო–ში დაუყოვნებლივ გაწევრიანების თაობაზე მოსაწვევი უნდა გავუგზავნოთ"

23-11-2020 16:35:39 თავდაცვა ,საგარეო პოლიტიკა

ევროპაში აშშ-ის სახმელეთო ჯარების ყოფილი სარდალი, გენერალ-ლეიტენანტი ბენ ჰოჯესი მიიჩნევს, რომ საქართველო ნატო–ს წევრი უახლოეს მომავალში უნდა გახდეს.

ამის შესახებ იგი წერს სტატიაში, რომელსაც EUobserver ავრცელებს.

"მოდი, ჩამოვაყალიბოთ ახალი, უფრო ძლიერი ურთიერთობები სომხეთსა და აზერბაიჯანთან, გავაძლიეროთ ჩვენი ალიანსი თურქეთთან და გავაძლიეროთ ჩვენი წარმომადგენლობა საქართველოში, რაც აშშ-ის საჰაერო და საზღვაო ძალების ინფრასტრუქტურას მოიცავს. საქართველოს ნატო–ში დაუყოვნებლივ გაწევრიანების თაობაზე მოსაწვევი უნდა გავუგზავნოთ. ეს ზომები კრემლამდე მიიტანს მესინჯს, რომ ეს რეგიონი აშშ-ს სტრატეგიულ ინტერესში შედის. თუკი გვინდა, რომ დიდი ძალების კონფლიქტი თავიდან ავიცილოთ, დასავლეთმა სამხრეთ კავკასიაში უნდა იაქტიუროს, სანამ გვაქვს ამის შანსი", - წერს ჰოჯესი.

ცნობისთვის: 18 ნოემბერს "აქცენტისთვის" მიცემულ ინტერვიუში ბენ ჰოჯესმა დასახელა სამი საკითხი, რომელიც მისი განცახდებით, სამხრეთ კავკასიაში რუსული წარმოდგენილობის ზრდის საპასუხოდ უნდა განხორციელდეს:

  • "საქართველო უნდა იყოს ნატო–ში;
  • შეერთებულმა შტატებმა მეტად უნდა გაამახვილოს ყურადღება კავკასიის რეგიონზე;
  • აშშ–მა უნდა დაიწყოს ინფრასტრუქტურის მოწყობა, რათა საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო როტაციული ძალები რეგიონში უფრო ხშირად იყვნენ;"

„რეგიონში აშშ–ის წარმოდგენილობის გაზრდა მნიშვნელოვანია, რადგან ეს იქნება დემონსტრირება კრემლისა და "ჩინეთის კომუნისტური პარტიისთვის", რომ ჩვენ გვაქვს სტრატეგიული ინტერესები და ამ ინტერესებზე ამერიკა ყურადღებასა და რესურსებს დახარჯავს. გარდა ამისა, აშშ-ის ლიდერობა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ეს იქნება ძლიერი გზავნილი რეგიონში ჩვენი მეგობრებისთვის, რომ მათი უსაფრთხოება დაზღვეულია და ამასთან, ეს სამხრეთ კავკასიაში კერძო ინვესტიციების განხორციელებას წაახალისებს“, – განაცხადა ჰოჯესმა „აქცენტთან“ საუბრისას.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები