ტიკარაძე: „არ მიმაჩნია, რომ საქმე არ გამომდის“

24-11-2020 22:59:46 პოლიტიკა

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ფიქრობს, რომ საქმის კეთება ცუდად არ გამოსდის და არც გადადგომას გეგმავს.

"წასვლას არ ვაპირებ. არ მიმაჩნია, რომ საქმე არ გამომდის. ვთვლი, რომ ვაკეთებ ყველა საჭირო ქმედებას იმისთვის, რომ ქვეყანაში წარმატებულად წარიმართოს კოვიდპანდემიასთან მიმართებაში ყველა ქმედება. მიმაჩნია, რომ კიდევ ძალიან ბევრია გასაკეთებელი და ჯანდაცვის სისტემას სჭირდება ის რეფორმები, რომელიც მე მაქვს დაგეგმილი.

ჯანდაცვაში წარმატების ფორმულა სხვადასხვა ფაქტორით იზომება და იზომება კომპლექსურად. რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან ტრაგიკული, როდესაც ჩვენ ვაკვირდებით ქვეყანაში ლეტალობის მაჩვენებელს, მაგრამ ჯანდაცვის ორგანიზაციები ლეტალობას ზომავენ პროცენტებში და საქართველოს მაჩვენებელი 0.90-მდეა, რაც ლეტალობის კუთხით საკმაოდ კარგი მაჩვენებელია“,– განაცხადა ტიკარაძემ „რუსთავი 2“–ის ეთერში.

ამასთან, მინისტრმა კოვიდ–ინფიცირების სტატისტიკაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ მზარდი სტატისტიკა გარკვეულწილად მთავრობის ლიბერალური მიდგომების ბრალია.

"ზაფხულში საკმაოდ ლიბერალურები ვიყავით: სრულიად გავხსენით ქვეყანა, გვქონდა ტურისტული სეზონი, მართალია, ქვეყნის შიგნით, მაგრამ სრულიად თავისუფალი გადაადგილებით. გავითვალისწინეთ ჩვენი მოქალაქეების კონსტიტუციური უფლება და ხმა მივეცით არჩევნების ჩატარებას, ამით, რა თქმა უნდა, ავიღეთ გარკვეული პასუხისმგებლობა, ჩვენ შედეგად მივიღეთ გარკვეული გამოსვლები ქუჩებში, რამაც ხელი შეუწყო ინფექციის დამატებით გავრცელებას, გვქონდა მეორე ტური და სადღეისოდ სწორედ ის შედეგი გვაქვს, რომ არ ვიყავით უფრო მეტად რადიკალურები და მკაცრები ინფექციასთან ბრძოლის კუთხით," - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

მისი შეფასებით ზაფხულში ლიბერალური მიდგომები შეცდომა იყო:

"მე არ ვიტყოდი, რომ ეს არ იყო ჩემი შეცდომა, ჩემი შეცდომაც იყო – მე არ ვიყავი საკმარისად მომთხოვნი და კატეგორიული, იმ აკრძალვების შენარჩუინებაში, რომელიც იყო თუნდაც გაზაფხულზე".

ახალი ამბები

სხვა სიახლეები