ხუნდაძე აცხადებს, რომ „უსაფუძვლო, გაუთავებელი არჩევნები“ ეპიდემიოლოგიურად მაღალ რისკს შეიცავს

25-11-2020 01:04:17 პოლიტიკა

„ქართული ოცნების“ წევრი, მე–9 მოწვევის პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე აცხადებს, რომ „უსაფუძვლო, გაუთავებელი არჩევნები“ ეპიდემიოლოგიურად მაღალ რისკს შეიცავს. ამის შესახებ მან „ტვ იმედის“ ეთერში ისაუბრა.

„ჩვენ გავიარეთ მეორე ტური, ვიმყოფებით ეპიდემიოლოგიურად მეორე ტალღის მოქმედების ქვეშ და ველოდებით შეხვედრის მესამე რაუნდს. ვიტოვებ იმედს, რომ ოპოზიცია გაითვალისწინებს არსებულ ვითარებას, საზოგადოების დამოკიდებულებას, თუ რა კონფიგურაცია შემოგვთავაზა საზოგადოებამ, როგორ დააკომპლექტა პარლამენტი და ვფიქრობ, ოპოზიციას ეყოფა გონიერება, რომ რაც აქამდე დაუშვა შეცდომა (ამ აურზაურის ფონზე მივიღეთ გაუარესებული ეპიდვითარება), ამაზე ხელს აიღებს და პასუხისმგებლობა გაიზრდება.

რა თქმა უნდა, უმჯობესია შეთანხმება, ვიდრე შეუთანხმებლობა, მაგრამ ულტიმატუმების ფონზე შეთანხმება ძალიან რთული მისაღწევია, მით უმეტეს, როდესაც ულტიმატუმი არის იმდაგვარი, რომ პრაქტიკულად, მმართველმა გუნდმა უარი უნდა თქვას საკუთარი ამომრჩევლის გადაწყვეტილებაზე, რაც არა თუ არასწორი იქნება, არამედ ეს დაუშვებელია. აი, მაშინ იქნება სწორედ უმრავლესობის მხრიდან შეცდომა დაშვებული, როდესაც საზოგადოების გაღებულ ხმას არ დაიცავს და ქვეყანაში ბიძგს მისცემს უსაფუძვლო, გაუთავებელ არჩევნებს. ვფიქრობ, ეს იქნება ქვეყნის არასტაბილურობისათვის და ეპიდემიოლოგიურად მაღალი რისკის შემცველი“,– განაცხადა ხუნდაძემ სახელისუფლებო გუნდსა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების მესამე რაუნდის თემის კომენტირებისას.

შეგახსენებთ, რომ სრულიად ოპოზიციური სპექტრი 31 ოქტომბრის არჩევნების ცსკ–ის მიერ წარმოდგენილ შედეგებს არ აღიარებს, მე–10 მოწვევის პარლამენტს ბოიკოტს უცხადებს და ხელახალი არჩევნების ჩატარებას მოითხოვს. თემის ირგვლივ ელჩების შუამავლობთ მოლაპარაკებების ორი რაუნდი შედგა, მზადდება მესამე შეხვედრა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები