“გვმართებს სიფრთხილე და გამბედაობაც, რათა არ დავკარგოთ ისტორიული შანსი"

25-11-2020 18:48:32 საგარეო პოლიტიკა ,ინტერვიუ

ვიდრე საქართველო შიდაპოლიტიკურ კრიზისში იხარშება, ნატო–ს გენერალური მდივნის ყოფილმა მოადგილემ, რუსეთში აშშ–ის ყოფილმა ელჩმა ალექსანდრე ვერშბოუმ საქართველოსა და უკრაინის ნატო–ში გაწევრიანების მიმართულებით ახალი იდეა – „ასოცირებული წევრის სტატუსის“ მინიჭება გააჟღერა. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ დასავლეთმა სამომავლოდ მოსკოვთან შესაძლო უკეთეს ურთიერთობებს რუსეთის მეზობელი ქვეყნები არ უნდა შესწიროს და ამ ქვეყნებს სუვერენიტეტის დაცვაში უნდა დაეხმაროს. კონკრეტულად რას შეიძლება, გულისხმობდეს ვერშბოუს იდეა? რამდენად პერსპექტიულია ის რეგიონში ყარაბაღის მეორე ომის შექმდეგ შექმნილი ვითარების ფონზე? რა შესაძლებლობებს ხსნის თავად ეს ვითარება საქართველოსთვის? - ამ და სხვა თემებზე „აქცენტი“ საქართველოს ყოფილ საგარეო საქმეთა მინისტრ ირაკლი მენაღარიშვილს ესაუბრა.

ირაკლი მენაღარიშვილი: ალბათ, ყველაზე ლოგიკური იქნება, დავუშვათ, რომ ვერშბოუს იდეაში საუბარია ნატო–სა და პარტნიორებს (ამ შემთხვევაში - უკრაინასა და საქართველოს) შორის თანამშრომლობის ახალ ფორმატზე, რომელიც აქამდე არსებულ ძირითად პრინციპებს მოიცავს და ამ ქვეყნებს ალიანსთან ინტეგრირების გზაზე ნაბიჯების წინ გადადგმაში ფორმალურად ხელს არ შეუშლის.

მოგეხსენებათ, წარსულში ალიანსის მხრიდან არაერთგზის თქმულა, „საქართველოს ნატო-ს წევრობისთვის მოსამზადებლად უკვე გააჩნია პრაქტიკულად ყველა ის მექანიზმი, რომელიც ალიანსში გაწევრიანების სამოქმედო გეგმის – ე.წ. MAP-ის მიღების შემთხვევაში ექნებოდაო“. იგულისხმება ალიანსთან თანამშრომლობის ღონისძიებების ყოველწლიური დაგეგმვა, მიღება და შესრულების შემოწმება. ალბათ, ამის მსგავსად მოიაზრება ვერშბოუს მიერ შემოთავაზებული მექანიზმიც, რომლითაც ნატო–სა და ორი ასპირანტი ქვეყნის ალიანსთან დაახლოება, საბოლოოდ კი გაწევრიანება უფრო რეალისტური უნდა გახდეს.

- რატომ მაინცდამაინც ახლა?

- ვფიქრობ, ამგვარი წინადადებების ინიციატორთა გააქტიურების მიზეზი მსოფლიოში და უშუალოდ ჩვენს რეგიონში მიმდინარე გეოპოლიტიკური ცვლილებები გახლავთ, რომელიც აჩენს აუცილებლობას, რეგიონში ძალთა ბალანსი უფრო სოლიდურად იყოს წარმოდგენილი. ამისათვის ერთ–ერთი გზა ნატო–ს ასპირანტი ქვეყნების ალიანსში გაწევრიანების პროცესის დაჩქარებაა. ამ ეტაპზე მხოლოდ ამის თქმა შემიძლია, მეტს კი ალბათ, ბატონი ვერშბოუ გვეტყვის.

- რაკი რეგიონში მიმდინარე ცვლილებები ახსენეთ, გკითხვათ: ყარაბაღის მეორე ომისა და შავი ზღვის რეგიონის მიმართ დასავლეთის ქვეყნების გაზრდილი ინტერესის ფონზე დაიწყო საუბარი საქართველოში ამერიკული სამხედრო კონტინგენტის განთავსების აუცილებლობაზე. რას ფიქრობთ ამასთან დაკავშირებით?

- მიმაჩნია, რომ ეს სრულიად რეალისტური ჩანაფიქრია და ვფიქრობ, საქართველოს ხელისუფლება ამ იდეას სერიოზულად მიუდგება, რადგან საქართველოს სხვა გზა უბრალოდ არ აქვს: ყველა დარწმუნდა, რომ დასავლური, ევროატლანტიკური ინტეგრაცია საქართველოს სახელმწიფოებრიობის უზრუნველყოფის ერთადერთი მაგისტრალური გზაა. ამიტომ მნიშვნელოვანია, ალიანსის წევრ სახელმწიფოებს შორის შეიქმნას შესაბამისი პოლიტიკური კლიმატი და მათ მიიღონ თეზისი, რომ საკითხის უფრო მოქნილი ტაქტიკით გადაწყვეტა შესაძლებელია, თუკი ეს სტრატეგიულ მიზანს პასუხობს. ხოლო სტრატეგიულ მიზნად რეგიონში ალიანსის დამკვიდრება, მისი პოზიციების გაძლიერება და უკანასკნელი [ყარაბაღის] მოვლენებით შერყეული სტაბილურობის აღდგენა ჩაითვლება.

რაც შეეხება ამერიკულ ბაზებს, ეს ერთმანეთთან პირდაპირ კავშირში არაა, მაგრამ მოგეხსენებათ, აშშ, ტრანსატლანტიკური კავშირები ნატო–ს არსებობისა და ეფექტურობის ღერძია. აქედან გამომდინარე, აშშ–სთან ურთიერთობის ამგვარი ფორმის დანერგვა საკითხს პრაქტიკულად წყვეტს.

- როგორ ფიქრობთ, საქართველო მზადაა, საგარეო პოლიტიკური კურსი ამ მიმართულებით აქიურად წარმართოს, რათა ორმხრივ ურთიერთობებში ინტენსიურად დაიწყოს საუბარი საქართველოში ამერიკული ბაზის განთავსებაზე?

- ამის თაობაზე განცხადებები არაერთგზის გაკეთებულა და იმედი მაქვს, ეს განცხადებები ფორმალურად არ კეთდებოდა.

- ვისი მხრიდან, ბატონო ირაკლი? გვახსოვს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადება, ასევე მამუკა ხაზარაძის მიერ ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრიდან გამოტანილი ფრაზა, „რა უნდათ ამერიკელებს შავ ზღვაშიო?!“...

- ვგულისხმობ ქვეყნის პრემიერ–მინისტრებს, რომელთა გამოსვლებსაც რამდენიმე წელიწადია, დეტალურად ვადევნებ თვალს; ვგულისხმობ ჩვენი საგარეო პოლიტიკური უწყებისა და უშიშროების საბჭოს არაერთ განცხადებას, იმ განწყობას, რომელიც ვფიქრობ, პარლამენტში ფუნდამენტურადაა დამკვიდრებული. მეტი ვინაა საჭირო, რომ ქვეყანამ მოახდინოს იმ ოფიციალურად გაცხადებული კურსის რეალიზება, რომელიც კონსტიტუციაშიც აისახა?! ამიტომაც, ეჭვი არ მეპარება, რომ ეს ნაბიჯები რეალურად გადაიდგმება, თუკი დავინახავთ, რომ დასავლეთის მხრიდან ამგვარი სურვილის მიმართ საკმარისი მიმღებლობაა.

- მაგრამ ეს ხომ ერთგვარ წინააღმდეგობაში მოდის «ქართული ოცნების» ხელისუფლების მიერ დეკლარირებულ „რუსეთის არგაღიზიანების“ პოლიტიკასთან. ფიქრობთ, ეს კურსიც გადაიხედება?

- რუსეთის არგაღიზიანება მხოლოდ ერთ მიზანს ისახავს: იმ პერიოდში, ვიდრე ჩვენ დასავლურ ინტეგრაციაზე ვმუშაობთ, რუსეთმა თავისი დესტრუქციული ნაბიჯებით ქვეყანას ზიანი ან არ, ან რაც შეიძლება, ნაკლებად მიაყენოს. ჩემი ღრმა რწმენით, თუ საკითხი დადგება, ყველა სხვა თემა დღის წესრიგიდან უბრალოდ მოიხსნება – რუსეთის მიმართ არავითარ ჟესტებს აზრი აღარ ექნება. იქნება მხოლოდ ერთი მიზანი: ქვეყნის სტრატეგიული არჩევანის რეალიზაციისების პრაქტიკული შესაძლებლობა, რომელზეც უარის თქმა აბსურდი იქნება.

- თქვენ რუსეთის მიმართ არგაღიზიანების პოლიტიკის მიზანი განმარტეთ. როგორ ფიქრობთ, ამან იმუშავა?

- ჯერ–ჯერობით გარკვეულწილად კი: ბევრი შემთხვევა იყო, როდესაც ქვეყანას შეიძლებლოდა, დაპირისპირება ჰქონოდა ჩვენს ოკუპანტთან, რომელიც ოკუპაციის შემდეგ არსად წასულა, აქვე დარჩა – ჩვენს ტერიტორიაზე ძალიან მძლავრი ორი ბაზა მოიწყო, ხოლო ყარაბაღის მეორე ომის შედეგად კიდევ უფრო დაიმკვიდრა თავი ჩვენს სამეზობლოშიც. შესაბამისად, საფრთხეები რეალურია: რა მოუვა თავში რუსეთის რომელიმე მაღალი რანგის პოლიტიკოსს და რა მორიგ ავანტიურას წამოიწყებენ რუსები - წინასწარ თქმა არავის შეუძლია. ამდენად, ცხადია, სიფრთხილეც გვმართებს. თუმცა გვმართებს გამბედაობაც, რათა არ დავკარგოთ ისტორიული შანსები, რომელსაც ვუახლოვდებით.

- და ბოლოს, რუსული პროპაგანდა ცდილობს, ყარაბაღის მეორე ომის კონტექსტში რუსეთის როლი პოზიტიურად შემგვთავაზოს. ვუპასუხოთ ამას სომხეთის მაგალითზე: რას ნიშნავს პარტნიორად რუსეთის ყოლა?

- ვფიქრობ, ამას ბევრი საუბარი არც სჭირდება: პარტნიორი, რომელიც უძლიერესი სამხედრო ზეწოლის ქვეშ იყო, რუსეთმა შუა გზაზე მიატოვა; სამხედრო ალიანსი, რომელიც რუსეთს სომხეთთან ჰქონდა, მოსკოვმა ფორმალურ მიზეზებზე გამოკიდებით გვერდზე გადადო და ქვეყანა, რომლის ეკონომიკასაც პრაქტიკულად მლიანად ფლობს (ყველა სტრატეგიულ მიმართულებას), დაუცველი დატოვა, მიუხედავად თავის დროზე ნაკისრი ვალდებულებებისა. ფორმალური მიზეზი, რომ „ტერიტორია, სადაც აზერბაიჯანია შესული, არაა სომხეთი“, მხოლოდ ახლა გაახსენდა მოსკოვს, როდესაც პარტნიორის დასაცავად საკუთარი უმოქმედობის გამართლება დასჭირდა. აი, ასეთი ორპირობა ახასიათებს რუსეთის საგარეო პოლიტიკას და ცხადია, ამ ვითარებაში ამ ქვეყნის მოკავშირეობა რეალურად, ყულფში თავის გაყოფას ნიშნავს. რატომ აირჩიეს ეს გზა თავის დროზე სომხებმა – გასაგებია, ამ არჩევანს არ ვამართლებ, მაგრამ სხვა გზა არც ჰქონდათ და სამწუხაროდ, ამ არჩევანმა მოიტანა ის ნაყოფი, რომელსაც ყველა შემთხვევაში მოიტანდა, - სხვა შედეგი არც შეიძლებოდა, მოეტანა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები