თარხნიშვილი: "პარლამენტის სხდომის გახსნის დღეს შესაძლოა, სიმბოლური აქცია ჩავატაროთ"
27/11/2020 09:00:03 პოლიტიკა
"ევროპული საქართველოს" ერთ–ერთი ლიდერის ლევან თარხნიშვილის თქმით, ოპოზიცია განიხილავს შემდგომ მოქმედებას, მათ შორის, რა ფორმით გააპროტესტებენ პარლამენტის სხდომის გახსნას.
მისივე ცნობით, ამ დღეს შესაძლოა, არა მასობრივი, არამედ, სიმბოლური აქცია გამართონ. ამ საკითხებზე სამსჯელოდ, ოპოზიციის ლიდერები დღეს, 27 ნოემბერს ლელოს ოფისში შეიკრიბნენ.
"განიხილება სხვადასხვა ვარიანტები, როგორც სიმბოლური აქცია, ისე სხვადასხვა ტიპის აქციები. ამას უახლოეს დღეებში დავადგენთ. პარლამენტის დღეს შეიძლება მასობრივი არა და იყოს სიმბოლური აქცია. ეს, ალბათ, ყველა ვარიანტში იქნება. დღეს ამისთვის შევიკრიბეთ, რათა განვიხილოთ, როგორ გაგრძელდება მოქმედება", - განაცხადა ლევან თარხნიშვილმა.
ცნობისთვის: ოპოზიცია 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ცსკ–ის მიერ წარმოდგენილ წინასწარ შედეგებს უნდობლობას უცხადებს. საარჩევნო ბარიერგადალახულმა 8 პარტიამ ("ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია"; "ევროპული საქართველო"; "გირჩი"; "ლელო"; "გიორგი ვაშაძე - სტრატეგია აღმაშენებელი"; "ლეიბორისტული პარტია"; "მოქალაქეები"; "პატრიოტთა ალიანსი") უარი თქვა როგორც სადეპუტატო მანდატებზე, ისე არჩევნების მეორე ტურებში მონაწილეობაზე.
როგორც ოპოზიციაში აცხადებენ, საარჩევნო ადმინისტრაცია უნდა შეიცვალოს და დაინიშნოს ახალი არჩევნები. აღნიშნული მოთხოვნით აქციების გამართვა ყოველდღიურ რეჟიმშია დაგეგმილი. თუმცა "პატრიოტთა ალიანსი" აცხადებს, რომ ოპოზიციური პარტიებისგან ცალკე იმოქმედებს და აქციებსაც ცალკე გამართავს.
აქციების პარალელურად, ელჩების შუამავლობით ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის დიალოგის პროცესი დაიძრა. უკვე გაიმართა მოლაპარაკებათა მე–2 რაუნდი, თუმცა მხარეთა პოზიციების დაახლოება ჯერ–ჯერობით ვერ ხერხდება. ოპოზიცია ერთიანია მოთხოვნაში, გაიმართოს ხელახალი არჩევნები ხელახალი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში. აღნიშნულს მმართველ გუნდში ამ დრომდე კატეგორიულად გამორიცხავენ. როდის გაიმართება დიალოგის მე–3 რაუნდი ამ ეტაპზე უცნობია. შეგახსენებთ, რომ 20 ნოემბერს ევროკავშირის ელჩის რეზიდენციაში საარჩევნო ბარიერგადალახულმა ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა ფასილიტატორებთან ინდივიდუალური შეხვედრები გამართეს. 25 ნოემბერს კი ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა აშშ–ის ელჩთან გამართეს ინდივიდუალური შეხვედრები.


