საბიუჯეტო დაფინანსება ბოიკოტის რეჟიმში: გააჩენს თუ არა ბზარს ოპოზიციურ ერთობაში აზრთა სხვადასხვაობა
27/11/2020 11:26:42 პოლიტიკა
სრულიად ოპოზიციური სპექტრი 31 ოქტომბრის არჩევნების ცსკ–ის მიერ წარმოდგენილ შედეგებს არ აღიარებს, თუმცა უნდა მიიღონ თუ არა მათ საბიუჯეტო დაფინანსება, ამ თემაზე ოპოზიციაში აზრთა სხვადასხვაობაა. კერძოდ, „გირჩში“ ფიქრობენ, რომ ბოიკოტის რეჟიმში საბიუჯეტო დაფინანსების მიღება ნონსენსია.
"პარტიას რესურსი სჭირდება, ამიტომ საბიუჯეტო დაფინანსების აღება მოსულა. ბოიკოტის რეჟიმში - არის ნონსენსი. მაშინ დავაკონკრეტოთ რას ვგულისხმობთ ბოიკოტში:
- პარლამენტარის ხელფასი რესურსი არ არის?
- პარლამენტარის თანაშემწის ხელფასი რესურსი არ არის?
- საპარლამენტო დელეგაციებში ადგილები, მივლინებები და საერთაშორისო კონტაქტების გაჩენა/გამყარება?
- სადეპუტატო იმუნიტეტი?
- პარლამენტარების ოთახები?
მაშინ ვთქვათ, რომ ბოიკოტი გულისხმობს მხოლოდ და მხოლოდ კანონშემოქმედებით საქმიანობაში მონაწილოებაზე უარის თქმას ანუ საკომიტეტო სხდომებსა და სესიებზე არ დასწრებას, ხოლო ყველაფერი დანარჩენი მოსულა, რადგან პარტიას რესურსები სჭირდება, ბიძინაა დასამარცხებელი", - აცხადებს ზურაბ ჯაფარიძე.
„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ზაალ უდუმაშვილი ამბობს, რომ ყველა პარტია ინდივიდუალურად მიიღებს გადაწყვეტილებას, მიიღოს თუ არა დაფინანსება და ეს ერთობაზე არ აისახება:
„კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ეს დაფინანსება არაფერ შუაშია პარლამენტში შესვლასთან და არ შესვლასთან, ეს არის ჩვენს მიერ მიღებული ხმების რაოდენობაზე დამოკიდებული და მეტსაც გეტყვით, ძალიან დიდი ნაწილი ფულისა, რომელიც ჩვენ გვეკუთვნოდა, „ქართულმა ოცნებამ“ მიითვისა, ჩვენი ხმები რომ მოიპარა, ხმებთან ერთად მოიპარა ფულიც, ასე რომ, ჩვენი ვალდებულებაა, კანონი გვავალდებულებს, რომ მიგვემართა სახელმწიფოსთვის, რათა ბიუჯეტიდან შესაბამისი თანხები მიგვეღო, რაც ჩვენ გავაკეთეთ. ასე რომ, ჩვენ ვიმოქმედეთ კანონის შესაბამისად“.
„რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე კი აცხადებს, რომ დაფინანსების აღება ამომრჩევლის მხარდაჭერას ნიშნავს და მიღებული თანხით მომავალში ბრძოლა სწორედ მათთვის გაგრძძელდება.
სამნიძის თქმით, პარტიის საბიუჯეტო დაფინანსება თითოეული ამომრჩევლის ხმითაა დათვლილი და ეს ხელისუფლების ფული არაა:
"ეს დაფინანსება მიბმულია მხოლოდ მიღებულ ხმებზე, ადამიანების ხმებზე, ვინც საკუთარი რისკის ფასად მივიდა არჩევნებზე და მოგვცა ხმა, საიდანაც ბევრი ხმა მოგვპარეს. არავის არ უჩუქნია ეს ხმა და არც იმას ვამბობთ, არ მიგვიღია ეს ხმებიო. ბოიკოტი და ლეგიტიმაციის არ აღიარება ნიშნავს, რომ პარლამენტარის ხელფასს არ ვიღებთ, დაფინანსების აღება ნიშნავს, რომ ვაღიარებ ამ ადამიანების მხარდაჭერას და მათი გადასახადებით ბიუჯეტიდან მიღებული თანხით მომავალშიც ვაგრძელებ ბრძოლას მათთვის! კი, ზოგადად ცუდია საბიუჯეტო დაფინანსებაზე რომაა დამოკიდებული პარტიების არსებობა, მაგრამ ბიზნესი რა დღეშიცაა არ ვიცით? რა საშინელებები ხდებოდა და ხდება, თუ ოპონენტი ხარ ხელისუფლების, არ ვიცით?".
ცნობისთვის: საბიუჯეტო დაფინანსების მისაღებად ცსკ-ს 9 პოლიტიკურმა პარტიამ მიმართა. ეს პარტიებია: „ქართული ოცნება“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია“ – მათ შორის „რესპუბლიკური პარტია“, „ევროპული საქართველო“, „გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებელი“. დაფინანსების მოთხოვნით ცსკ-სთვის არ მიუმართავ „გირჩს“, „ლეიბორისტულ პარტიას“, „ლელოს“, „მოქალაქეებსა“ და „პატრიოტთა ალიანსს“. თუმცა „ლელოში“ აცხადებენ, რომ პარტიაში ამ თემაზე საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღიათ.
"ჩვენ ვამბობთ, რომ „დაგვაკლეს ხმები“. ხომ არ ვამბობთ, რომ „მოგვიმატეს ხმები?“ მით უმეტეს, თუ ხმებზე დაყრდნობით ხდება გაანგარიშება, ლოგიკურად, მეტი დაფინანსება უნდა მიეღოთ პარტიებს. ამიტომ, ეს ლოგიკა არ მუშაობს. თუ ვამბობთ, რომ გაყალბდა, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ხმები დაგვაკლეს. ამიტომ, იმის გამო, რომ ხმები დაგვაკლეს, არ მივიღოთ დაფინანსება, არალოგიკურია", - აცხადებს "ლელოს" დამფუძნებელი ბადრი ჯაფარიძე.
ამასთან, ის არ ეთანხმება, რომ „ლელომ“ ბოიკოტის რეჟიმში საბიუჯეტო დაფინანსება მიიღოს:
"თუ კი „ლელო საქართველოსთვის“ ბოიკოტის რეჟიმში დარჩება, არ შევა პარლამენტში და არ მიიღებს მონაწილეობას ამ პარლამენტის მუშაობაში, მაშინ არ დავუჭერდი მხარს ბიუჯეტიდან დაფინანსების მიღებას, მაგრამ არის პარტიის შიგნით განსხვავებული მოსაზრებები და ვნახოთ როგორ წარიმართება მსჯელობა".


