გიორგი დოლიძე - საქართველომ საკუთარი მიზანი ათწლეულების წინ განსაზღვრა - საკუთარი ადგილის აღდგენა ევროპული ერების ოჯახში
27/11/2020 15:18:22 პოლიტიკა
ახალზელანდიური გამოცემა „New Zealand International Review”, აქვეყნებს საქართველოს ელჩის გიორგი დოლიძის ვრცელ სტატიას, რომლის საშუალებითაც ქართველი დიპლომატი მკითხველს საქართველოს აცნობს და ქვეყნის ისტორიის მნიშვნელოვანი ეპიზოდების შესახებ უამბობს.
სტატიაში ხაზგასმით არის აღნიშნული საქართველოსა და ახალი ზელანდიის საერთო ღირებულებებზე დაფუძნებული თანამშრომლობა და ამ უკანასკნელის მხრიან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერის მნიშვნელობა.
გიორგი დოლიძე, საქართველოს ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებსა და მსოფლიოს მასშტაბით არსებული ტურბულენტური გარემოს მიუხედავად, ქვეყნის მიერ ბოლო ათწლეულის მანძილზე სხვადასხვა სფეროში მიღწეულ წარმატებაზეც საუბრობს და მაგალითად უკვე მრავლად არსებული მნიშვნელოვანი შეთანხმება მოჰყავს.
,,ჩემთვის, როგორც ახალ ზელანდიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩისთვის, დიდი პატივია მივმართო „ახალი ზელანდიის საერთაშორისო მიმოხილვის“ გამომწერებს. ახალ ზელანდიაში და მის ფარგლებს გარეთ დაინტერესებულ საზოგადოებას სიამაყით მინდა გავაცნო ჩემ ქვეყანასთან დაკავშირებული ზოგიერთი ასპექტი. პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ საქართველო ახალ ზელანდიას თავის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან პარტნიორად განიხილავს წყნარი ოკეანის რეგიონში. ჩვენ ორ ქვეყანას, რომლებიც იზიარებენ თავისუფლებისა და დემოკრატიის ფუნდამენტურ ღირებულებებს, მსგავსი პოზიციები აქვთ საერთაშორისო დღის წესრიგის სხვადასხვა საკითხის მიმართ და ნაყოფიერად თანამშრომლობენ საერთაშორისო ფორმატებში. ახალი ზელანდიის ურყევი და ხანგრძლივი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ, ისევე როგორც მისი არაღიარების პოლიტიკა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ, განსაკუთრებულად ღირებულია. ქართული მხარის სურვილი, ეკონომიკური და დემოკრატიული განვითარების ფონზე, ახალ ზელანდიასთან თანამშრომლობის განვითარებაა. ამ მიმართულებით კი ნამდვილად იმედისმომცემი შესაძლებლობები გვაქვს. ბოლოსდაბოლოს, ჩვენ სპეციფიური კულტურული მსგავსებები გვაქვს და ღვინო, ისევე როგორც რაგბის სიყვარული, არც თუ ისე უმნიშვნელოა მათ შორის. საქართველო შედარებით პატარა ქვეყანაა, რომელიც ევროპის აღმოსავლეთ საზღვარზე მდებარეობს. დღეს ის ალბათ ყველაზე მეტად ცნობილია, როგორც ერთ-ერთი საუკეთესო სამოგზაურო ადგილი, უძველესი და მრავალფეროვანი მეღვინეობით - რომელიც 8000 წელს ითვლის საქართველოს ტერიტორიაზე, გემრიელი სამზარეულოთი, უმდიდრესი მატერიალური და არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობით. თუმცა, ის ასევე ცნობილია, როგორც ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე, სწრაფად და დინამიურად განვითარებადი ქვეყანა რეგიონში და მის მიღმა. მსურს გავაკეთო მოკლე ისტორიული ექსკურსი, რადგან აწმყოს სწორი აღქმა შეუძლებელია წარსულზე, თუნდაც ზედაპირული წარმოდგენის შესახებ: საქართველოს სახელმწიფოებრიობა (სხვადასხვა სახელით, მაგალითად კოლხას და იბერიის სამეფოები) ათასობით წელს ითვლის. ევროპისა და აზიის გზა-გასაყარზე მისი სპეციფიური ადგილმდებარეობის გათვალისწინებით, (რაც დღემდე სტრატეგიულად აკავშირებს აღმოსავლეთსა და დასავლეთს, ჩრდილოეთსა და სამხრეთს), საქართველო ყოველთვის იყო აქტიური და, არცთუ იშვიათად, მტრული პაექრობის კერა თავისი დროის დომინანტი რეგიონული თუ გლობალური ძალებისთვის. საქართველო მეტ-ნაკლები წარმატებით საუკუნეების განმავლობაში ახერხებდა დამპყრობლებთან გამკლავებას და ამა თუ იმ სახით დამოუკიდებლობის შენარჩუნებას. თუმცა, 1801 წელს მოხდა ქვეყნის დიდი ნაწილის ანექსია და ის მეფის რუსეთის ნაწილი გახდა. მე გამოვტოვებ მე-19 საუკუნეს, რომელიც საკმაოდ დატვირთული იყო დაპყრობებით, ანექსიებით, ომებით, აჯანყებებით, რუსიფიკატორული პოლიტიკითა და ქართველი ხალხის წინააღმდეგობით და პირდაპირ მე-20 საუკუნეზე, კერძოდ კი, 1918 წლის 26 მაისზე გადავალ, როდესაც პირველი მსოფლიო ომის და რუსეთის იმპერიის დაშლის შედეგად, საქართველომ სახელმწიფოებრიობა დაიბრუნა. სწორედ ამ დღეს საქართველოს ეროვნულმა კრებამ ქვეყნის დამოუკიდებლობა აღადგინა და დემოკრატიული რესპუბლიკა გამოაცხადა. დამფუძნებლები, რომელთა შორისაც იყვნენ ერის საუკეთესო წარმომადგენლები, როგორც მამაკაცები, ისე ქალები, რომლებიც წარმოადგენდნენ სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიასა და მოძრაობას, მიზნად დაისახეს თანასწორობაზე და პლურალიზმზე დაფუძნებული თავისუფალი სახელმწიფოს შექმნა. მეამაყება, რომ მათ ეს შეძლეს. რესპუბლიკის საფუძვლებში ჩაიდო იმ დროის ყველაზე პროგრესული იდეები, მათ შორის - პარლამენტარიზმი და სხვა დემოკრატიული ინსტიტუტების ჩამოყალიბება, გენდერული თანასწორობა, უმცირესობების უფლებების პატივისცემა და მშვიდობიანი საგარეო პოლიტიკა. სამწუხაროდ იმჯერად თავისუფლებამ და დემოკრატიამ დიდხანს ვერ გასტანა. 1921 წლის თებერვალში საბჭოეთი საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში შემოიჭრა. ხანმოკლე, მაგრამ მძიმე ომმა მრავალი ქართველი პატრიოტი შეიწირა. თუმცა ქართველებს არასოდეს დაუკარგავთ უკეთესი მომავლის იმედი და არასოდეს შეგუებიან ტოტალიტარულ რეჟიმს. 1991 წელს საბჭოთა კავშირი დაინგრა და ჩვენც საბოლოოდ აღვადგინეთ ქვეყნის დამოუკიდებლობა მრავალრიცხოვანი აჯანყებების, რეპრესიების, განმათავისუფლებელი მოძრაობის შედეგად. დასანანია, რომ დამოუკიდებლობის აღდგენის 30 წლის შემდეგაც კი ჯერ კიდევ გვიწევს უცხოურ ოკუპაციასთან დაპირისპირება და ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დაცვა. თუმცა, რაც ყველაზე უფრო მეტად აღსანიშნავია, მიუხედავად სიძნელეებისა, ჩვენ მრავალკულტურულ ერს არასოდეს გადაუხვევია მიზნიდან, აგვეშენებინა წარმატებული, დემოკრატიული სახელმწიფო, რომელიც იგივე პრინციპებზე და ღირებულებებზე იქნებოდა დაფუძნებული, რომელზეც პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა. დღეს სიამაყით მინდა განვაცხადო, რომ თანამედროვე საქართველო არამხოლოდ უძველესი კულტურის და ტრადიციების ქვეყანა, არამედ საინტერესო პერსპექტივების მქონე წარმატებული სახელმწიფოც არის, რომელმაც დამსახურებული ადგილი მოიპოვა საერთაშორისო თანამეგობრობაში.
როგორც ავტორი აცხადებს, უკანასკნელი რამდენიმე ათწლეულის მანძილზე საქართველომ მრავალი სირთულე გამოცადა.
მისი თქმით, როგორც დემოკრატიული რეფორმების კუთხით რეგიონის ლიდერ ქვეყანას, საქართველოს ღია, თავისუფალი და ინკლუზიური საზოგადოება და ენერგიული ეკონომიკა გააჩნია.
,,სამოქალაქო ომი 1990-იანების დასაწყისში, უცხო ძალების შემოჭრა და ჩვენი განუყოფელი ტერიტორიების ოკუპაცია, თანმდევი ეკონომიკური სიძნელეები. მიუხედავად ამისა, ქვეყანამ კიდევ ერთხელ გამოძებნა შიდა რესურსი და ძალა მომავალი განვითარებისათვის. ამ მიზანდასახულობამ ხელშესახები შედეგებიც მოიტანა. არც თუ ისე ხანგრძლივ პერიოდში, საქართველო რეგიონსა თუ მის ფარგლებს გარეთ მისაბაძი მაგალითი გახდა გატარებული ფუნდამენტური ინსტიტუციური რეფორმებით. დამყარდა ხელისუფლების მშვიდობიანი გადაცემის ტრადიცია, მკვიდრდება კიდევ უფრო გამჭვირვალე და ღია საარჩევნო სისტემა. ძირეული რეფორმების გატარების შედეგად, საქართველო შეუერთდა რეგიონში ყველაზე დინამიურად განვითარებად ეკონომიკებს და ძალზედ რთულ გარემოცვაში სტაბილურობის კუნძულად რჩება. მინდა თქვენი ყურადღება მივაპყრო იმას, თუ რას ვაწყდებით ახალი ზელანდიიდან ერთი შეხედვით, შორეულ, თუმცა ღირებულებებით ახლო ქვეყანაში.
როგორც დემოკრატიული რეფორმების კუთხით რეგიონის ლიდერ ქვეყანას, საქართველოს ღია, თავისუფალი და ინკლუზიური საზოგადოება და ენერგიული ეკონომიკა გააჩნია. დღეისათვის ის ცნობილია, როგორც ერთ-ერთი საუკეთესო ადგილი ტურიზმისა და ინვესტიციებისთვის. საქართველო ჩართულია მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებში, რომლებიც აკავშირებს კასპიის ნავთობისა და გაზის საბადოებს დასავლეთის ბაზრებთან. ახალი საგზაო და სარკინიგზო კავშირები ჩენ ქვეყანას მნიშვნელოვან ლოგისტიკურ ჰაბადაც აქცევს. შესაბამისად, სულ უფრო ძლიერდება საქართველოს, როგორც მნიშვნელოვანი ტრანზიტული ქვეყნის როლი. გარდა ამისა აქტიურად ვმონაწილეობთ მსხვილმასშტაბიან რეგიონულ პროგრამებში ტრანსპორტის უსაფრთხოების, გარემოს დაცვის, კლიმატის ცვლილების და მწვანე ეკონომიკის, ენერგო-უსაფრთხოების, განახლებადი ენერგიის და ენერგო-ეფექტურობის, ისევე როგორც ტრანს-სასაზღვრო თანამშრომლობის სფეროებში. საქართველო ლიდერებს შორისაა ეკონომიკის ღიაობით და ბიზნესის კეთების სიმარტივით, რაც დამეთანხმებით, მიმზიდველია უცხოური ინვესტიციების განხორციელებისათვის. ეფექტური საჯარო სერვისები, კორუფციისაგან თავისუფალი მთავრობა, ევროპისა და აზიის გზა-გასაყარზე არსებული სტრატეგიული მდებარეობა, 2.3 მილიარდიან ბაზართან წვდომა თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულებების მეშვეობით (ევროკავშირი, ჩინეთი, თურქეთი, უკრაინა, დსთ და ევროპის თავისუფალი სავაჭრო ასოციაციის ქვეყნები), თანამედროვე და სწრაფად განვითარებადი ინფრასტრუქტურა, კვალიფიცირებული და კონკურენტულ-ფასიანი მუშახელი, ისევე როგორც სხვა სასარგებლო ფაქტორები იმედისმომცემ შესაძლებლობებს ქმნის მეტი ეკონომიკური ზრდისთვის. ცნობილი საერთაშორისო ინსტიტუტები საქართველოს წამყვან ქვეყნებს შორის ასახელებენ ეკონომიკური განვითარების სხვადასხვა ასპექტების გათვალისწინებით. მაგრამ რაც ყველაზე უფრო მეტად აღსანიშნავია, საქართველომ დამსახურებული ადგილი დაიკავა საერთაშორისო ტურიზმის თვალსაზრისით ბუნებრივი მრავალფეროვნების, უძველესი კულტურის, იუნესკო-ს კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შესული ძეგლების, 8000 წლოვანი ღვინის კულტურის და ბევრი სხვა ფაქტორის გათვალისწინებით“,- აღნიშნულია სტატიაში.


