
აბაშიძემ და კარასინმა ლუგარის ლაბორატორიასა და პოლიტიკურ საკითხებზეც ისაუბრეს
27/11/2020 17:52:31 საგარეო პოლიტიკა
დღეს, 27 ნოემბერს ქართულ-რუსული არაფორმალური დიალოგის ფარგლებში, რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის ფედერალური სათათბიროს ფედერალური საბჭოს წევრის გრიგორი კარასინის შეხვედრა ონლაინ ფორმატში გაიმართა.
მთავრობის ადმინისტრაციის ოფიციალური პრეს–რელიზის მიხედვით, შეხვედრის დასაწყისში ზურაბ აბაშიძემ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში არსებულ რთულ ვითარებაზე ისაუბრა. მიუხედავად პანდემიისა, რუსეთის ფედერაცია აგრძელებს მასშტაბური სამხედრო წვრთნების ჩატარებას, გრძელდება საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ე.წ. ბორდერიზაცია, ადამიანის უფლებების უხეში ხელყოფა, ამ რეგიონებთან ფაქტობრივად შეწყვეტილია მიმოსვლა.
პრეს–სამსახურისვე ცნობით, განსაკუთრებით ყურადღება გამახვილდა რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის ერთიანი სოციალური და ეკონომიკური სივრცის ფორმირების შესახებ პროგრამის დამტკიცებაზე, რაც ქართული მხარის შეფასებით წარმოადგენს დე ფაქტო ანექსიისაკენ გადადგმულ მორიგ უკანონო ნაბიჯს. ამ საკითხებზე უფრო დეტალური საუბარი გაიმართება ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მორიგ რაუნდზე, რომელიც საქართველოსა და რუსეთს შორის უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული საკითხების განხილვის უმთავრეს ფორმატს წარმოადგენს.
„დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხებიდან, მხარეებმა მიმოიხილეს ორ ქვეყანას შორის 2020 წლის იანვარ-ოქტომბრის პერიოდში სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების, სატრანსპორტო და ჰუმანიტარული კავშირების დინამიკა. აღინიშნა, რომ სავაჭრო ურთიერთობები ორ ქვეყანას შორის აღნიშნულ პერიოდში გარკვეულწილად შემცირდა, რაც პანდემიითაა გამოწვეული. ყურადღება გამახვილდა სავაჭრო და სატრანსპორტო სფეროებში ჩართული კომპანიების ინტერესების დაცვასა და პრობლემების მოგვარებაზე.
სატრანსპორტო კავშირებზე საუბრისას, რუსული მხრიდან აღინიშნა, რომ ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გაუმჯობესების კონტექსტში შესაძლებელი იქნება საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენის საკითხის განხილვა. თუმცა, ამ ეტაპზე რუსეთის მხარეს საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ აქვს. ქართული მხრიდან აღინიშნა, რომ ამ თემის პოლიტიზება არასწორია“,– ვკითხულობთ რელიზში.
რელიზის მიხედვით, საუბარი შეეხო „საქართველოს მთავრობასა და რუსეთის ფედერაციის მთავრობას შორის საბაჟო ადმინისტრირებისა და სასაქონლო ვაჭრობის მონიტორინგის მექანიზმებთან დაკავშირებული ძირითადი პრინციპების შესახებ“ 2011 წლის შეთანხმებას. კერძოდ, აღინიშნა, რომ მოლაპარაკების პროცესში იყო ნელი პროგრესი. მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა, ხელი შეუწყონ ექსპერტების დონეზე შექმნილი სამუშაო ჯგუფების საქმიანობას და შეთანხმების იმპლემენტაციას.
ამასთან, როგორც ირკვევა, რუსულმა მხარემ რიჩარდ ლუგარის სახელობის ლაბორატორიის საკითხიც დასვა, ხოლო „ზურაბ აბაშიძემ დაადასტურა, რომ რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევითი ცენტრი, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს საქართველოში პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში, შესაბამის ეპიდემიოლოგიურ ვითარებაში მზად იქნება, მიიღოს უცხოელ ექსპერტთა მიერ დაკომპლექტებული ჯგუფი, მათ შორის რუსი ექსპერტები, ლაბორატორიის მუშაობის გასაცნობად. აღინიშნა, რომ ამ კონტექსტში პროპაგანდისტული აჟიოტაჟი სრულიად მიუღებელია“.
ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, საუბრისას ასევე ითქვა, რომ რუსეთის მხარე 2021 წლიდან გეგმავს ყაზბეგი-ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის მიმდებარე ტერიტორიის რეკონსტრუქციას, სატრანსპორტო მიმოსვლის ხელშეწყობის მიზნით.
პრაღის ფორმატში ზურაბ აბაშიძისა და გრიგორი კარასინის მორიგი შეხვედრის თარიღი მოგვიანებით დაზუსტდება.