გამყრელიძე აჭარაში გამართულ აქციებს უპასუხისმგებლობად აფასებს

30-11-2020 12:44:57 პოლიტიკა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის შეფასებით, აჭარაში გამართული აქციები უპასუხისმგებლობაა.

როგორც გამყრელიძე აღნიშნავს, პანდემიის მართვას პოლიტიკური პროცესიც უნდა ემორჩილებოდეს.

„შევაფასებდი, როგორც უპასუხისმგებლობას. პოლიტიკური პროცესიც უნდა ემორჩილებოდეს პანდემიის მართვას იმიტომ, რომ სერიოზული პანდემიის წინაშეა მთელი მსოფლიო, ქვეყანაში ინფიცირების სერიოზული ზრდა გვაქვს. ამის შეჩერების რამდენიმე მიდგომა არსებობს და ერთ-ერთი არის სწორედ ის შემზღუდველი ღონისძებები, რაც ქვეყანამ დააწესა, მაგრამ დაწესება ერთია და მისი აღსრულება მეორე. თუ მას არ აღვასრულებთ და ჩვენ თვითონ არ გავითვალისწინებთ, რომ უნდა დავიცვათ ის რეკომენდაციები, რასაც გვეუბნებიან, ისე არაფერი გამოვა. პარალელურად, ადრეული გამოვლენა, პირველად ჯანდაცვაში მართვა და ჰოსპიტალურ სექტორში მართვა, ამ ერთობლიობას თუ კარგად მივყევით, 3-4 კვირის განმავლობაში, ახალი შემთხვევების ტენდენცია უკვე წამოვა ქვემოთ“, - განაცხადა გამყრელიძემ.

ცნობისთვის: ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან მიმდინარე აქციის დაშლის შემდეგ, 9 ნოემბერს გამყრელიძეს ჰკითხეს, „ნოემბერში ადამიანების წყლის ჭავლით დაშლა საფრთხეს შეუქმნის თუ არა მათ ჯანმრთელობას და რა რისკებს შეიცავს ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით? შექმნის თუ არა დამატებით გართულებებს?“. „ამ ტიპის კითხვებზე მე პასუხს არ ვიძლევი... მე მკითხეთ როგორია ქვეყანაში ეპიდსიტუაცია... რასაც თქვენ მეკითხებით, ეს სხვა ტიპის პოლიტიკური კითხვაა, მე პოლიტიკურ კომენტარებს არ ვაკეთებ“,– უპასუხა ჟურნალისტს გამყრელიძემ.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები