რა სახის პროტესტს არ განიხილავს ოპოზიცია მე–10 მოწვევის პარლამენტის შეკრების დღეს

30-11-2020 13:38:20 პოლიტიკა

„ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, ახალი მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომის გამართვის პარალელურად ოპოზიციის მხრიდან აქცია, პიკეტირება და მსგავსი ფორმატის პროტესტი არ განიხილება.

როგორც „ლელოს" ოფისში ოპოზიციის შეხვედრის დაწყებამდე უდუმაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, დღევანდელი შეხვედრა ტექნიკური ხასიათისაა, სადაც უნდა გაიარონ ის დეტალები, თუ როგორ გაიმართება ოპოზიციის შეხვედრა პარლამენტის პირველი სხდომის პარალელურად.

მისი თქმით, სხდომის პარალელურად გაიმართება დიდი ოპოზიციური შეხვედრა, სადაც გააფორმებენ დეკალარაციას, ასევე ყველა დეპუტატი, რომელიც ცესკო-ს მონაცემებით პარლამენტში შედის, მანდატების დატოვების შესახებ განცხადებას დაწერს.

„მათ შორის, დასალაგებელია ლოჯისტიკური და საორგანიზაციო დეტალები და ამ ყველაფერს ყველა პარტია ერთად გავივლით“, - განაცხადა უდუმაშვილმა.

გარდა ამისა, გრძელდება ოპოზიციის წარმომადგენელთა შეხვედრა ფასილიტატორ ელჩებთან.

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის გიგი უგულავას განმარტებით, გაიმართება თუ არა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების მესამე რაუნდი, ეს ხელისუფლების „გონივრულ წინადადებაზეა“ დამოკიდებული.

„მესამე რაუნდი თავიდან ბოლომდე დამოკიდებულია ხელისუფლებაზე, თუ რამდენად რაციონალური წინადადებებით მოვლენ ისინი. როგორც ჩანს, მათ ჯერ–ჯერობით რაციონალური წინადადება არ აქვთ. ჩემი პირადი პოზიციაა, რომ შეხვედრა შეხვედრისთვის არ უნდა გაიმართოს. ჩვენი ფასილიტატორები და პარტნიორები ზედმეტად არ უნდა გადავღალოთ, თუ არ არის რეალური წინადადება მათი მხრიდან. ტყუილუბრალოდ ჩაიზე არავინ შეიკრიბება. არც მიმაჩნია, რომ საჩქაროა. წინა გამოცდილებამ გვანახა, რომ ჭირვეულის მორჯულებას გარკვეული დრო უნდა. არ აქვთ დღეს წინადადები? ამ წინადადებებით იანვარში მოვლენ“,-განაცხადა უგულავამ.

მისი თქმით, „არჩილ თალაკვაძეს და ირაკლი კობახიძეს შეუძლიათ, მაგალითი ჩრდილოეთ კორეის პარლამენტიდან აიღონ“.

„დარწმუნებული ვარ, ერთპარტიული პარლამენტი დიდხანს ვერ გაძლებს და მაინც რიგგარეშე არჩევნებამდე მივა ქვეყანა, რადგან როდესაც მხარეებს შორის არ არსებობს შეხების წერტილი და ვერ ხერხდება საერთო მოსაზრებების ძებნა, პოლიტიკოსებმა უნდა მიმართონ ძალაუფლების წყაროს-ხალხს. ხალხთან მიმართვისთვის არსებობს ასეთი ფორმა-არჩევნები“,-განაცხადა უგულავამ.

ცნობისთვის: სრულიად ოპოზიციური სპექტური 31 ოქტომბრის არჩევნების ცსკ–ის მიერ წარმოდგენილ შედეგებს არ აღიარებს, მე–10 მოწვევის პარლამენტს ბოიკოტს უცხადებს და ხელახალ არჩენებს ითხოვს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები