ლინკევიჩუსი: „მთიანი ყარაბაღის მოვლენები შემაშფოთებელია! საქართველოსთან ურთიერთობების გაღრმავებაა საჭირო“

30-11-2020 16:23:38

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრ ლინას ლინკევიჩუსის განცხადებით, რუსეთი კონფლიქტების მოგვარების ნაცვლად, უფრო ხშირად ქმნის ახლა კონფლიქტებს და ამ მხრივ გამონაკლისი არც მთიანი ყარაბაღია. ამის შესახებ დიპლომატმა საქართველოს პირველი არხისთვის მიცემულ ინტერვიუში რეგიონში არსებულ ვითარებაზე საუბრისას განაცხადა.

„მთიანი ყარაბაღის გარშემო მიღწეული შეთანხმების ერთადერთი პოზიტიური მხარე ცეცხლის შეწყვეტაა. ეს მნიშვნელოვანია, რადგან ორივე მხარეს იყო მსხვერპლი, მათ შორის, დაიღუპნენ მშვიდობიანი მოქალაქეებიც. ეს უნდა შეჩერებულიყო. კარგია, რომ ცეცხლის შეწყდა, თუმცა არ ვიცით, რამდენიმე ხნით. ცვლილებები არის, თუმცა კონფლიქტი არ გადაჭრილა. სწორედ ეს არის რუსეთის ტაქტიკა, რომელიც კონფლიქტების მოგვარების ნაცვლად, უფრო ხშირად ქმნის ახლა კონფლიქტებს და ამ გზით ცდილობს, სიტუაციაზე ზეგავლენა მოახდინოს. მთიანი ყარაბაღიც არ არის გამონაკლისი. რუსეთი მეტ ბერკეტსა და ძალაუფლებას იძენს. რუსეთი საკუთარ სამხედროებს აგზავნის ადგილზე. რა მნიშვნელობა აქვს, რას უწოდებს მათ, სამშვიდობოებს თუ სხვა რამეს. ამის გაკეთება მათ დიდი ხნის განმავლობაში სურდათ, თუმცა ეს შეუძლებელი იყო. ახლა სამხედროები უკვე ადგილზე არიან. ასე რომ, ჩემი აზრით, გაყინული კონფლიქტი გრძელდება. რაც ყველაზე შემაშფოთებელია, სიტუაციის შეცვლა შეძლეს არა მინსკის ჯგუფმა, არა ევროკავშირმა, არამედ თურქეთმა და რუსეთმა“,– განაცხადა დიპლომატმა.

კითხვაზე, „კავკასიაში არსებული სხვა კონფლიქტების გარეშემო სიტუაცია ასევე შეიძლება შეიცვალოს, თუ ამაზე რუსეთი და თურქეთი შეთანხმდებიან“, დიპლომატი პასუხობს, რომ „ამის შესაძლებლობა არსებობს“.

მისივე თქმი, „კიდევ ერთი ასპექტი, რომლის უგულებელყოფა არ შეიძლება, არის დარტყმა, რომელიც სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის მთავრობამ მიიღო“:

„ფაშინიანი იყო საზოგადოების ლიდერი, რომელიც დიდი პოპულარობით სარგებლობდა. ვერც მე და ვერავინ სხვა ვერ იტყვის, რომ ფაშინიანი რუსეთის მოწინააღმდეგეა, მაგრამ შეიძლება, ვთქვათ, რომ ის არ იყო კომფორტული ლიდერი რუსეთისთვის. ასე რომ, მთიან ყარაბაღში განვითარებული მოვლენები უნდა იყოს გაკვეთილი ფაშინიანისა და ყველა სხვა პოპულარული ლიდერისთვის, რომ მთიან ყარაბაღში განვითარებული მოვლენები შეიძლება, სხვაგანაც მოხდეს. რეალობას ვერ უარყოფ. იმის თქმა მინდა, რომ კონფლიქტების მართვას თუ შეეცდებიან ის მოთამაშეები, რომლებიც რეალურად კონფლიქტებს კი არ აგვარებენ, არამედ მათ ქმნიან, ეს არ იქნება დადებითი მოვლენა. ეს არის გაკვეთილი, რომელიც არა მხოლოდ სომხეთში, არამედ ევროპასა და მსოფლიოს სხვა ქვეყნებშიც უნდა გაითვალისწინონ. ეს უნდა იყოს შემაშფოთებელი, რადგან თუ ჩვენ დროულად არ ვიმოქმედებთ, მაშინ ამას სხვები გააკეთებენ. ეს კი უფრო პრობლემური საკითხი იქნება. აქვე მინდა, ვთქვა, რომ ჩემი აზრით, სულ ცოტა ხანში ასევე ველოდები, რომ შეიძლება, გააქტიურდეს კიდევ ერთი გაყინული კონფლიქტი. ვგულისხმობ დნესტრისპირეთს. ეს მოხდება მოლდოვაში პროევროპული პრეზიდენტის არჩევის შემდეგ და ეს მაია სანდუსთვის, მოლდოველი ხალხისთვის იოლი არ იქნება. მხოლოდ ღმერთმა უწყის, როგორ განვითარდება მოვლენები“.

რაც შეეხება საქართველოს ნატო–ში გაწევრიანების პერსპექტივას რეგიონში არსებული ვითარების გათვალისწინებით, დიპლომატი ამბობს, რომ „რეგიონში არსებული მდგომაროება მნიშვნელოვანია, მაგრამ არა გადამწყვეტი“:

მნიშვნელოვანია, მოსაზღვრე ქვეყნებში სტაბილური სიტუაცია იყოს, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანია ადეკვატური ქცევა. სხვების დადანაშაულებას ყოველთვის ჯობია, ჯერ შენს თავს შეხედო. ყოველთვის ვამბობ, რომ რასაც საქართველო აკეთებს, მნიშვნელოვანია და ასე უნდა გაგრძელდეს. აუცილებელია კრიტიკაზე რეაგირება, ყველა ხარვეზიდან სწორი დასკვნის გამოტანა და გაკვეთილის სწავლა. ეს არის ერთადერთი სწორი გზა. პოლიტიკურად საქართველომ ძალიან ბევრი რამ მიიღო, მათ შორის, ნატო-საქართველოს კომისია, ალიანსის წევრობის დაპირება, მხარდაჭერის არსებითი პაკეტი და ა.შ. ნატო-ში გაწევრიანების გადაწყვეტილება არა ტექნიკური, არამედ პოლიტიკურია. ეს სუბიექტური გადაწყვეტილებაა და არა ობიექტური. არ არსებობს კონკრეტული ამოცანები, რასაც შეასრულებ და ავტომატურად ნატო-ში მიგიღებენ, ასე არ ხდება. შეიძლება, ყველაფერი შეასრულო, მაგრამ მაინც არ მიგიღონ. საქართველო უნდა მოემაზდოს. ცხადია, საზღვრებზე პრობლემები პოზიტიური არ არის; არც ისაა პოზიტიური, რომ საქართველოს 20% ოკუპირებულია; არც გაყინული კონფლიქტების არსებობაა დადებითი, მაგრამ ამის გამო საქართველომ უკან არ უნდა დაიხიოს. საბოლოო ჯამში, ყველაფერი ქართველ ხალხზეა დამოკიდებულია, რომელმაც, ყველაფრის მიუხედავად, ნატო-სკენ გზა უნდა განაგრძოს და გაწევრიანების დრო აუცილებლად მოვა. როდესაც ეს დრო დადგება, მაშინ საქართველო უნდა იყოს მზად“.

დიპლომატი მიიჩნევს, რომ საქართველოს ევროკავშირთან დასაახლოებლად მეტი უნდა გავაკეთოთ:

საქართველოსა და თქვენს რეგიონში ევროკავშირი უფრო ფართოდ უნდა იყოს წარმოდგენილი. ნატო კი უნდა იყოს წარმოდგენილი შავ ზღვაში. ამის გაკეთება აუცილებელია! ეს შექმნის სხვაგვარ ვითარებას, რადგან რაც მთიანი ყარაბაღის გარშემო განვითარებული მოვლენების სახით ვნახეთ, ნამდვილად შემაშფოთებელია. ამიტომ, საჭიროა საქართველოსთან მეტი თანამშრომლობა და ურთიერთობების გაღრმავება. ლიეტუვა მუდამ უჭერს მხარს ამ ნაბიჯებს“.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები