
რუსეთმა საფეხბურთო აკადემიის ფილიალების საფარქვეშ სოხუმსა და ახალ ათონში საუკეთესო მიწების მითვისება დაიწყო?
01/12/2020 11:17:05 კონფლიქტები
რუსულ საფეხბურთო კლუბ ,,ზენიტის” აკადემია ოკუპირებულ აფხაზეთში თავის ფილიალებს ხსნის.
აფხაზური ტელეგრამ-არხების ცნობით, პირველი ფილიალები სოხუმსა და ახალ ათონში ოფიციალურად მარტში ამოქმედდება.
ცნობისთვის: 12 ნოემბერს სოჭში რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა და აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ “კანონმდებლობების ჰარმონიზაციის გზით რუსეთ-აფხაზეთის ერთიანი სოციალური და ეკონომიკური სივრცის ფორმირების პროგრამა” დაამტკიცეს.
46-პუნქტიანი პროექტი, რომელიც რუსეთში მომზადდა, სოხუმში ჯერ კიდევ გასული წლის დეკემბერში გამოიგზავნა, თუმცა აფხაზური მხარე მის დამტკიცებაზე ამ დრომდე ფეხს ითრევდა, მათ შორის – იმის გამოც, რომ “პროგრამის” ერთ-ერთი პუნქტით რუსეთის ხელისუფლება აფხაზეთში მიწისა და სხვა უძრავი ქონების, ასევე სტრატეგული ობიექტების უცხოელებზე გასხვისების აფხაზეთში მოქმედი აკრძალვის გაუქმებას მოითხოვს.
იხილეთ ასევე: რუსეთთან ერთიანი სივრცე: აფხაზეთის “სახელმწიფოებრიობის” განმტკიცება, თუ დასასრულის დასაწყისი?
სოცქსელების აფხაზურ სეგმენტში მომრავლდა კომენტარები იმის შესახებ, რომ “ზენიტი“ იქნება პირველი რუსული სტრუქტურა, რომელიც საფეხბურთო აკადემიის ფილიალების გახსნის საფარქვეშ სოხუმსა და ახალ ათონში, საუკეთესო ადგილებზე მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურას შეიძენს” და რომ “სავარაუდოდ, სწორედ ასეთი სქემით მოხდება მთელი აფხაზეთის საუკეთესო ადგილების მითვისება სხვადასხვა კომპანიების სახელებს ამოფარებული რუსი ოლიგარქების მიერ”.