
აზერბაიჯანმა საქართველოს 100 ტონა სამედიცინო ჟანგბადი უსასყიდლოდ გადასცა
01/12/2020 15:17:45 საგარეო პოლიტიკა
აზერბაიჯანმა საქართველოს 100 ტონა სამედიცინო ჟანგბადი უსასყიდლოდ გადასცა. ამის შესახებ აზერბაიჯანში საქართველოს ელჩმა ზურაბ პატარიძემ განაცხადა.
„საელჩოს სურს, მადლობა გადაუხადოს აზერბაიჯანულ კომპანიას Baku steel, რომელმაც უსასყიდლოდ გამოუყო საქართველოს კოვიდ-კლინიკებს 100 ტონა თხევადი სამედიცინო ჟანგბადი და აგრეთვე, ამავე კომპანიამ, საკუთარი ხარჯებით უზრუნველყო აღნიშნული ტვირთის ტრანსპორტირება საქართველოში. უნდა აღინიშნოს, რომ ამ პროცესში განსაკუთრებული წვლილი შეიტანა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის მინისტრთა კაბინეტმა, შესაბამისმა სახელმწიფო სტრუქტურებმა - ეკონომიკისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამინისტროებმა, რკინიგზის დეპარტამენტმა და საბაჟო კომიტეტმა“, - აღნიშულია საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გასული დღე–ღამის განმავლობაში საქართველოში კოვიდ-ინფიცირების 3 759 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 36 პაციენტი, გამოჯანმრთელდა 3 574 .
ბოლო მონაცემებით, საერთო ჯამში, ქვეყანაში კოვიდ-ინფიცირების139 343 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 117 560 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 1 303 გარდაიცვალა.