
ფსოუ: ხილი და ბოსტნეული - ბირთვული ძრავით?
01/12/2020 16:36:46 კონფლიქტები
უცნობია, რომელ ძიუდოში ასწავლეს ვლადიმირ პუტინს, პარტნიორებს მანდარინებში ურტყას, მაგრამ ცოტა ხნის წინ ფსოუზე ახალი წესი ამოქმედდა: აფხაზეთიდან რუსეთში ერთ კაცს ხელბარგად მხოლოდ 5 კგ ციტრუსის გატანა შეუძლია – აქაოდა, თუ მეტის შეჭმა შეგიძლიათ, აფხაზეთშივე მიირთვითო. ამასთან, მოქმედებს კიდევ ერთი ახალი წესიც: საბაჟო მოსაკრებლის გარეშე მხოლოდ 25 კგ პროდუქტის გატანაა ნებადართული, ამის ზემოთ კი მოქალაქეებმა ყოველ კგ-ში 4 ევრო უნდა იხადონ. და ამ ყველაფერთან ერთად, თუ რიგითი მოქალაქე მეგობრებისთვის აფხაზური ხილის ჩატანას მოისურვებს, 2 საათი რიგში მოუწევს დგომა: ჯერ – აფხაზურ, ხოლო შემდეგ რუსულ მხარეს ტვირთის გასაფორმებლად და “მეგობრულ” ქვეყანაში გატანაზე საბუთების შესავსებად.
“სქელი რუსი მებაჟე წინასწარ შეგიძულებთ - ისევე, როგორც სახელმწიფო, მაგრამ ერთ-ორ საათში მრავლისმთქმელად თავს დაგიქნევთ და გაგატარებთ უცხოური ციტრუსებითურთ. ხოლო თუ აფხაზეთიდან ერთ კაცზე 25 კგ-ზე მეტის გატანა განიზრახეთ, ესე იგი, კონტრაბანდისტი ხართ, ან კიდევ უარესი – აფხაზეთის მოქალაქე, რომელსაც რუსეთში პროდუქტი გააქვს... აი მაშინ კი პასუხს განსაკუთრებულად მოგთხოვენ - საერთაშორისოდ”, – ყვება მოქალაქე, რომელმაც ეს “სიამოვნება” ახლახანს საკუთარ თავზე გამოსცადა.
იმის გათვალისწინებით, რომ ბევრი აფხაზეთში თავს უმთავრესად ციტრუსების რუსეთში გატანით ირჩენდა, ზოგიერთი აფხაზი ინტერნეტ-მომხმარებელი ზემოაღნიშნული წესების შემოღებას “ეკონომიკურ ბლოკადად” აფასებს – იმის მსგავსად, რომელიც “როსპოტრებნადზორმა” ერთხელ, 3 წლის წინ აფხაზეთს ფაროსანას აღმოჩენის მოტივით უკვე დაუწესა (საუბარია ფაროსანაზე, რომელიც თავისიც მრავლად ჰყავთ კრასნოდარის მხარეში და სხვათა შორის, რუსეთში აკრძალული ამ დრომდე არ არის). ზოგიერთები კი “მეგობრული” ქვეყნის მსგავს გადაწყვეტილებებს მოსკოვიდან ჯერ კიდევ გასული წლის დეკემბრის ბოლოს გამოგზავნილი, მაგრამ მხოლოდ ახლახანს – 12 ნოემბერს დამტკიცებული “ერთიანი სოციალური და ეკონომიკური სივრცის ფორმირების პროგრამის” პრიზმაში განიხილავენ, რომელიც ამ ერთიანი სივრცის ჩამოსაყალიბებლად რუსეთისა და აფხაზეთის კანონმდებლობების ჰარმონიზაციას ითვალისწინებს.
"რა ჯანდაბად გვინდა ეს “პროგრამა”, როცა რუსეთი აფხაზეთის მიმართ ეკონომიკური ბლოკადის რეჟიმს იყენებს?!" - კითხულობს ერთ-ერთი აფხაზი ინტერნეტ-მომხმარებელი. მეორე ვარაუდობს, რომ სტრატეგიული პარტნიორი ამ გზით აფხაზეთის “აღზრდას” ცდილობს: “დაუშვებთ უძრავი ქონების რუსეთის მოქალაქეებისთვის მიყიდვას? - მორიგ ტრანშს მიიღებთ; დასთანხმდებით საეჭვო ინვესტიციებს? - კიდევ გამოგიყოფთ; მიიღებთ რუსეთის მიერ ნაკარნახებ კანონებს? - შესაძლოა, კიდევ მილიარდი წაგიმატოთ, ხოლო თუ გაგვიძალიანდებით – როგორც მედვედევი იტყოდა, “ფული არაა, მაგრამ გამაგრდითო”.
სოცქსელების აფხაზურ სეგმენტში მომრავლდა მინიშნებები იმაზეც, რომ რუსეთი სტრატეგიული პარტნიორის განვითარებას გამიზნულად აფერხებს. “დამოუკიდებლად რომ არ განვვითარდეთ – აი ამისთვის არსებობს საბაჟო საზღვარზე. აქაოდა, “ხიდი ხომ უკვე აგიშენეთ – ყირიმული არა, რა თქმა უნდა, მაგრამ თქვენ ასეთიც გეყოფათო და ისიც, სხვათა შორის, ჩვენთვისაა და არა თქვენთვისო! რაც შეგვეძლო, ყველაფერი გაგიკეთეთ - საზღვარი გაგიხსენით, ახლა უკვე კორონავირუსის მკურნალობაშიც დავიწყეთ დახმარება, აგერ, საუზმეზეც მოვიპატიჟეთ თქვენი პრეზიდენტი, ავტომატიც ვაჩუქეთ, თქვენ კი ვერაფრით დაკმაყოფილდითო“ – აღშფოთებულია ერთ-ერთი აფხაზი ინტერნეტ-მომხმარებელი. “რა გამოდის? - “ჩვენ ფულს მოგცემთ იმისთვის, რომ საკუთარი ვერ იქონიოთ - ვაი და ქვეყნის განვითარების საქმეში რაიმე წარმატებას მიაღწიოთ რუსეთში ციტრუსის გაყიდვითო”?!” - კითხვას სვამს მეორე.
უნდა აღინიშნოს, რომ აფხაზეთის მიმართ “მეგობრული” რუსეთის, რბილად რომ ვთქვათ. უცნაური დამოკიდებულებით თავად რუსეთის ზოგიერთი მოქალაქეც გაოგნებულია. “გასაგებია, რისთვის დაისაჯა თურქეთი, როდესაც რუსეთმა მის პომიდვრებს გამანადგურებელი დარტყმა მიაყენა, აკრძალა რა ერდოღანის მიერ მართული ქვეყნიდან ბოსტნეულის შეტანა. მაგრამ გაუგებარია, რისთვის ისჯება აფხაზეთი: აქ ხომ არანაირი ერდოღანი არაა, ისევე, როგორც არც ერთი მაცხოვრებელი, რომელიც რუსეთს არამეგობრულ სახელმწიფოდ მიიჩნევს?! კვლავ პარტიის, მთავრობის, საგარეო უწყების, “როსსელხოზნადზორის” ბრძული პოლიტიკაა?! რომელმა მორიგმა რუსმა იდიოტმა აიღო თავის თავზე პრეზიდენტის ფუნქციები? თუ ეს თავად პრეზიდენტის პოლიტიკაა?” - წერს ერთ-ერთი რუსი ინტერნეტ-მომხმარებელი. “რა საჭიროა აღლუმებზე ბირთვული ძრავის მქონე შეღებილი სოსისების ტარება, როცა არსებობს ისეთი მარტივი და ეფექტური იარაღი, როგორც პომიდორი და მანდარინი? - მტრებზე გამარჯვებისთვისაც და მეგობრებისთვისაც – ყოველი შემთხვევისთვის” – აღშფოთებულია მეორე. მესამე კი იმაზე მიუთითებს, რომ რუსეთის მსგავსი პოლიტიკის შედეგად თავად რუსეთის მოქალაქეებიც ზარალდებიან: “თუ მანდარინებით ვიმსჯელებთ, რუსეთი მაროკოს სტრატეგიული პარტნიორია და არა აფხაზეთის. მაგრამ შედეგად ჩვენც ვზარალდებით – რუსეთის მოქალაქეები, რომლებიც მაროკოს, თურქეთისა და ჩინეთის ციტრუსებს ვყიდულობთ და ხშირად ვტყუვდებით კიდეც წარწერით «აფხაზეთი»... მაგრამ რუსები ხომ მივეჩვიეთ ტაჯვასაც, სიცრუესაც!”.
ასეა თუ ისე, თუ განუმეორებელი გემოსა და არომატის მქონე აფხაზური ციტრუსები რუსეთამდე მაინც ჩააღწევს, მათი ფასი ორმაგდება - “მეგობრული” საბაჟო მოსაკრებლები ამისთვის ყველაფერს აკეთებს. მაგრამ ჩაღწევა მათთვის სადღეისოდ პრაქტიკულად შეუძლებელია: სამშობლოს დამცველები რუსეთ-აფხაზეთის საზღვარზე ძალზე აუჩქარებლად ატარებენ ხურმით, მანდარინით, ლიმონითა და ყველა საბაჟო დოკუმენტით დატვირთულ მანქანებს, ითვალისწინებენ რა სათავისოდ, რომ “მგზავრი ადგილზე ორ კვირასაც გაჩერდება. ქათამი კი ფუჭდება...».
როგორი იქნება ორი ქვეყნის სავაჭრო ურთიერთობების შემდეგი ეტაპი? რუსეთში აფხაზური ხურმისა და მანდარინების დაწვას დაიწყებენ, როგორც მრავალი წელია, ევროკავშირიდან ჩატანილ ყველსა და სხვა პროდუქტს წვავენ? კიდევ რას მოიფიქრებს ძლევამოსილი “ყველაფრისნადზორი”? კიდევ რა მწერს “აღმოაჩენენ” ჩვენს პროდუქციაში რუსი სპეციალისტები, რომლებიც წლებია, დაჟინებით არ იმჩნევენ იმავე ფაროსანას თავად რუსეთში? აფხაზეთთან მეგობრობის შესახებ ყველა განცხადების მიუხედავად, რუსი ხელმძღვანელების კიდევ რა განკარგულებები შეუწყობს ხელს ჩვენი რესპუბლიკის ეკონომიკურ წარუმატებლობას?
სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტ ანატოლი ბიბილოვისგან განსხვავებით, რომელიც ამასწინათ ამტკიცებდა, “ყველგან, სადაც რუსეთია, სტაბილურობა და განვითარებააო”, აფხაზეთში უკვე ბევრი აცნობიერებს: ვისაც თანამედროვე რუსეთი ეხმარება, კარგად ჯერ არასოდეს ყოფილა. და რუსი ჩინოსნები, რომლებმაც ჩვენი მრავალტანჯული სამშობლოს კანონმდებლობა ფეხქვეშ გაიგეს, დამოუკიდებელი რესპუბლიკა დამჯერე, მათზე დამოკიდებულ, მორჩილ, მათ წინაშე მოლაქუცე ქვეყნად აქციეს, არც მომავალში მისცემენ აფხაზეთს განვითარების შესაძლებლობას. კრიტიკულ სიტუაციაში კი – შეხედეთ დღევანდელ ყარაბაღს... მსგავსი “მეგობრებით” მტერიც არ გვჭირდება!
პოლიტიკა ხომ ყოველთვის ზემოქმედებს ეკონომიკაზე. ჩაერია იგი ეკონომიკაში ახლაც: რუსული ფინანსური დახმარება რესპუბლიკაში აღარ მოდის; რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობები დაყვანილია იმ ნიშნულამდე, რომ აფხაზეთი მეგობრული სახელმწიფოსთვის გასაღების ბაზრადაა ქვეული. თავად აფხაზეთში, რომელსაც განვითარების კოლოსალური პერსპექტივები გააჩნია (ტურიზმი, სოფლის მეურნეობა, შესაძლო საინვესტიციო მიმზიდველობა, მეზობელ ქვეყნებში სამშენებლო მასალის მიწოდება, ლოჯისტიკის შესაძლებლობები – ერთი სიტყვით, ზღვა პერსპექტივები, თუნდაც ჩვენთან ზღვაზე დასასვენებლად რუსი ტურისტები არ ჩამოდიოდნენ), პოტენციალი მხოლოდ პოტენციალად რჩება და ამაში დამნაშავე სწორედაც რომ პოლიტიკაა: იზოლაციის პირობებში განვითარება შეუძლებელია. ეს აქსიომაა!
ახალ პრეზიდენტს ეს თითქოსდა კარგად ესმოდა: მისი სიტყვები საქართველოსთან სავაჭრო ურთიერთობების შესახებ ეკონომიკური მიზანშეწონილობით, სტრატეგიული პოლიტიკური მოსაზრებებით იყო ნაკარნახები და ამ იდეების განხორციელება აფხაზეთს პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისიდან გამოსვლაში დაეხმარებოდა, შესაძლებელს გახდიდა მოქალაქეთა ცხოვრების დონის ამაღლებას განვითარებადი ეკონომიკის, ინვესტიციების, ბიზნესის წარმოებისთვის ხელსაყრელი პირობების ჩამოყალიბების წყალობით… რა არის რთული სავაჭრო ურთიერთობების ჩამოყალიბებაში მეზობელ ქვეყანასთან, რომელიც ამის წინააღმდეგი არ არის?!... მაგრამ არა, ჩვენ ამის ნაცვლად “როსპოტრებნადზორის” მორიგ კომისიას ველით, რომელიც წყვეტს, შემოუშვას თუ არა კორონავირუსული რუსეთიდან ტურისტები აფხაზეთში, გაატაროს თუ არა აფხაზეთიდან პროდუქცია რუსეთში, სადაც ფაროსანა ლაღად აგრძელებს ბინადრობას და ა.შ.!
როგორ აპირებს ამ პირობებში ქვეყანა გადარჩენას - გაუგებარია. საქართველოსთან სავაჭრო ურთიერთობების პერსპექტივები კი ბუნდოვანია: აფხაზური ეკონომიკისთვის გადამრჩენ ამ საკითხში რიგმა დეპუტატებმა კითხვის სქელი ნიშანი დასვეს და პასუხი მასზე ამ დრომდე არ არის.
როგორ აპირებთ ქვეყნის ახლა უკვე არა განვითარებას, არამედ გადარჩენას, ბატონებო? სად გაქრა პრეზიდენტისა და მთავრობის ჟინი? სადაა სულ ცოტა ხნის წინ გაჟღერებული გონივრული ინიციატივები? მთავრობაში თვლიან, რომ ყველაფერი ისე იქნება, როგორც ათი წლის წინ – “მეგობრული რუსეთი გვიგზავნის ფულს, ჩვენი მთავრობა კი მას ხარჯავს საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში და ზოგან საკუთარი მოსაზრებებისამებრ”? ასე აღარ იქნება! არასოდეს ხდება ისე, როგორც 10 წლის წინ, ყოველთვის ხდება ისე, როგორც დღეს. დღევანდელი დღე კი გადამწყვეტ ზომებს მოითხოვს!
ინალ არძინბა
__________________________________________________________________________________________________________
ტექსტი შეიცავს ტოპონიმებსა და ტერმინოლოგიას, რომელიც ოკუპირებულ აფხაზეთში გამოიყენება
____________________________________________________________________________________________________________
მასალა მომზადებულია საინფორმაციო სააგენტო "აქცენტისა" და არასამთავრობო ორგანიზაცია GRASS-ის ერთობლივი პროექტის ფარგლებში, რომელიც ღია საინფორმაციო პარტნიორობის (OIP) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება