
"ნატო 2030": “ალიანსი უკრაინასა და საქართველოსთან პარტნიორობის გაფართოება-გაძლიერებას უნდა ეცადოს”
01/12/2020 19:15:44 საგარეო პოლიტიკა
ნატო–ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის მიერ დანიშნულმა ექსპერტთა ჯგუფმა ალიანსის გამოწვევები შეაფასა და ახალი რეკომენდაციები შეიმუშავა.
როგორც დოკუმენტში სახელწოდებით "ნატო 2030 – გაერთიანებულია ახალი ეპოქისთვის" არის ნათქვამი, “ალიანსი უკრაინასა და საქართველოსთან პარტნიორობის გაფართოება-გაძლიერებას უნდა ეცადოს”:
"ნატო უნდა ეცადოს გააფართოოს და გააძლიეროს პარტნიორობა უკრაინასთან და საქართველოსთან, როგორც დაუცველ დემოკრატიულ ქვეყნებთან, რომლებიც გაწევრიანებას ცდილობენ და რუსეთის მხრიდან მუდმივი გარე და შიდა ზეწოლის ქვეშ არიან. ნატო-ს პარტნიორობა უსაფრთხოების, ინფორმაციისა და ცოდნის გაზიარების კუთხით მნიშვნელოვან ინსტრუმენტს წარმოადგენს. ალიანსს ბევრი პარტნიორი ჰყავს. მათი უმეტესობა ნატო–ს მთავარი პრინციპების – დემოკრატიის, თავისუფლებისა და კანონის უზენაესობის დაცვას იზიარებს და მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს საერთაშორისო მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფაში. ამასთან, პარტნიორობა ხელს უწყობს პარტნიორ ქვეყნებს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაში".
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ "ალიანსის კარი ღია უნდა დარჩეს ყველა ევროპული დემოკრატიული ქვეყნისთვის":
"ნატო–ს ღია კარის პოლიტიკა ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების მთავარი პრინციპია. არაწევრი ქვეყნების მიერ წევრობისკენ მუდმივი სწრაფვა მიუთითებს იმაზე, რომ ნატო წარმატებული ალიანსია. კარი ღია უნდა დარჩეს ყველა ევროპული დემოკრატიული ქვეყნისთვის, რომლებიც მიისწრაფვიან ნატო-ს სტრუქტურებში გაწევრიანებისკენ და რომლებსაც შეუძლიათ, აიღონ პასუხისმგებლობა და ვალდებულებები და ხელი შეუწყონ ჩრდილოატლანტიკური სივრცის უსაფრთხოებას. პარტნიორობა არ შეიძლება, იყოს წევრობის შემცვლელი. მხოლოდ წევრობის შემთხვევაში მოქმედებს მე –5 მუხლი. 2030 წლისთვის ნატო–ს უნდა ჰქონდეს ძლიერი პარტნიორობა არა მხოლოდ ნატო–ს სამეზობლოში, არამედ ინდო – წყნარი ოკეანის რეგიონშიც. თუმცა ალიანსს ამ პარტნიორობის უფრო სტრატეგიულად და მიზანმიმართულად გამოყენება დასჭირდება. იმ პარტნიორებთან ერთად, რომლებიც წევრობისკენ ისწრაფვიან, ნატო–მ უნდა იმუშავოს უფრო ძლიერი ურთიერთობების დამყარებაზე რეგიონული სტაბილურობის უზრუნველსაყოფად".