
რას ამბობდა საქართველოზე აშშ-ის მომავალი სახელმწიფო მდივანი
02/12/2020 16:48:09 საგარეო პოლიტიკა
აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე ენტონი ბლინკენი წარადგინა. 58 წლის ბლინკენს ბარაქ ობამას პრეზიდენტობის დროს სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილის თანამდებობა ეკავა. გარდა ამისა, იგი მუშაობდა იმჟამინდელ ვიცე-პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან მრჩევლად ეროვნული უსაფრთხოების მიმართულებით.
მომავალი სახელმწიფო მდივანი საქართველოს მიმართ მეგობრული პოზიციებით გამოირჩევა. პირველი, რაც შეიძლება, გავიხსენოთ ვაშინგტონში 2015 წელს მის მიერ გაკეთებული განცხადებებია.
"ჩვენ მხარს ვუჭერთ ბუქარესტში აღებულ ვალდებულებას, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი და ჩვენ გავაგრძელებთ ამ გზაზე საქართველოს მტკიცე მხარდაჭერას", - განაცხადა მან 2015 წელს ვაშინგტონში ამერიკა-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის რიგით მეხუთე პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას.
ამასთან, ბლინკენმა კიდევ ერთხელ დაადასტურა აშშ–ის მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი.
ენტონი ბლინკენმა საქართველოს იმჟამინდელ პრემიერ–მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან ერთად გამართულ ბრიფინგზე საუბარი შემდეგი სიტყვებით დაიწყო: "როგორც მე ვიცი, საქართველოში ხშირად ამბობენ, სტუმარი ღვთისაა. დღეს კი მე შემიძლია ვთქვა, რომ თქვენი აქ ყოფნა არის ჩვენთვის საჩუქარი". საუბრის შუაში კი მან შოთა რუსთაველის "ვეფხისტყაოსნიდან" მოიყვანა ციტატა და თქვა: "რასაცა გასცემ, შენია, რას არა – დაკარგულია".
2016 წელს ვაშინგტონში, საქართველოს დამოუკიდებლობის 25-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე მან განაცხადა, რომ საქართველო რეგიონში პროგრესისა და განვითარების მაგალითი იყო:
"თქვენი სტრატეგიული პოზიცია ევროპასა და აზიას შორის გზაჯვარედინზე ჩვენი ახალი "აბრეშუმის გზის" პოლიტიკის მნიშვნელოვანი კომპონენტია. აშშ მხარს უჭერს საქართველოს რეგიონულ ლიდერობასა და ტრანს-კასპიის დერეფნის შექმნას, რომელიც ევროპისა და აზიის ბაზრებს დააკავშირებს. ჩვენ ასევე ვიცით, რომ ინკლუზიური გზა ვერ შენარჩუნდება თავისუფლების, პლურალიზმისა და კანონის უზენაესობის საფუძვლის არსებობის გარეშე. საქართველო რეგიონისათვის დემოკრატიული ინსპირაციის წყაროდ რჩება. ეს განსაკუთრებით აღსანიშნავია, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ საქართველოს უხდება რუსეთის ოკუპაციასა და "ბორდერიზაციასთან" გამკლავება. წლევანდელი საპარლამენტო არჩევნები აჩვენებს ოკუპირებული ტერიტორიების მცხოვრებლებსა და სამეზობლოს, რომ დემოკრატია, ღიაობა და ტოლერანტობა არის მშვიდობის, კეთილდღეობისა და სტაბილურობის საუკეთესო გარანტია. მსოფლიო გიყურებთ".