Accentnews.ge
ჯაფარიძე ამბობს, რომ პარტიაში "რაღაცების" შეცვლა იგეგმება

ჯაფარიძე ამბობს, რომ პარტიაში "რაღაცების" შეცვლა იგეგმება

03/12/2020 13:57:52 პოლიტიკა

ზურა ჯაფარიძე Zoomer-ის კითხვა-პასუხის რეჟიმში ამომრჩევლებთან გამართულ შეხვედრაზე ამბობს, რომ იაგო ხვიჩიას ბავშვთა პორნოგრაფიის მოხმარების შესახებ გამოთქმული მოსაზრება არასწორი იყო, თუმცა არა შინაარსის გამო.

შეხვედრის დაწყებამდე ერთ-ერთმა "ფეისბუქ"–მომხმარებელმა ზურა ჯაფარიძეს კითხვა მისწერა: "ასეთი ქცევები და გამოხტომები იაგოს მხრიდან როდემდე უნდა გაატაროთ? არ შეცვლით არაფერს?". პასუხად ჯაფარიძემ განაცხადა, რომ ხვიჩიას მხრიდან პოზიციის დაფიქსირება არასწორი იყო, თუმცა არა შინაარსის გამო. მისი თქმით, პარტიაში "რაღაცების" შეცვლა იგეგმება.

"კი რაღაცებს შევცვლით. გამოხტომას ამას ვერ დავარქმევ. ჩათვალა ადამიანმა, რომ პოზიცია უნდა დაეფიქსირებინა რაღაც საკითხზე და გააკეთა, თუმცა, ჩემი აზრით, არასწორი იყო და შემიძლია ბევრნაირად ავხსნა, რატომ იყო არასწორი. არა შინაარსის გამო, არამედ ბევრი სხვა მიზეზის გამო.

კითხვის შინაარსი გავიგე და მეც მგონია, რომ ეგეთი რაღაცები არ უნდა ხდებოდეს", - ამბობს ჯაფარიძე.

იგივე საკითხზე კიდევ ერთი მომხარებლის კითხვაზე კი ჯაფარიძე განმარტავს, რომ ფუნდამენტურად არასწორი ჰგონია მსგავს კონტრავერსიულ თემებზე პოზიციების იმ ფორმით დაფიქსირება, რა ფორმითაც იაგომ გადაწყვიტა.

"მე არ ვარ მაგის მომხრე, რომ რამე თემაზე ვინმემ თავი შეიკავოს. ფუნდამენტურად არასწორი მგონია, მაგრამ ფორმას გააჩნია. როდესაც ასეთ კონტრავერსიულ თემას ეხები, როგორ გადმოსცემ საკუთარ აზრს და მინიმუმ ის უნდა გაითვალისწინო, როდესაც ასე რაღაცას ზერელედ სამი წინადადებით აგდებ და ამას მოყვება აფეთქება და გინება ყველა მხრიდან, მერე რაც არ უნდა ცადო, რაღაცების ახსნა, უნდა გესმოდეს, რომ ამითი სერიოზული ზიანი მოადგა უკვე გირჩს", - ამბობს ჯაფარიძე.

ცნობისთვის: "გირჩის" ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ ბავშვთა პორნოგრაფიის მოხმარების შესახებ გამოთქმული მოსაზრების გამო მიღებული კრიტიკის შემდეგ დაწერა, რომ დროა, პარტიის ლიდერმა ზურა ჯაფარიძემ საკითხთან დაკავშირებით თავისი მოსაზრება გამოხატოს.

ხვიჩიას თქმით, იმ ადამიანებს შორის, ვინც მისი მოსაზრების გამოქვეყნების შემდეგ, მას ლანძღავს, ზურა ჯაფარიძის მეგობრები და დამფინანსებლებიც არიან.

"მგონია, რომ მართლა დროა, ჯაფარამ საკუთარი პოზიცია გამოხატოს, რადგან რასაც ვუყურებ, ჩემი მლანძღველების ნაწილი მისი მეგობარი და დამფინანსებელია", - წერდა ხვიჩია.

მისი თქმით, პარტიაში არის ხალხი, რომელიც ფიქრობს, რომ "გირჩი" ერთი კაცის პარტიაა და ამიტომ ისინი მხოლოდ ჯაფარიძეს აღიარებენ, პარტიის დანარჩენ ლიდერებს კი, როცა შანსი მიეცემათ, ლანძღავენ:

"ეს ხალხი შანსს არ უშვებს, რომ ჩასაფრებულის პოზიციიდან თავს არ დამესხას და არ დამკორტნოს.

არასოდეს არც ერთ ჩემ მეგობარს და დამფინანსებელს ეს არ უქნია გირჩის არც ერთი სხვა ლიდერის მიმართ, ამიტომ მაინტერესებს ნუთუ შეიძლება ეს ნორმალური იყოს?".

საქმე ეხება Facebook პოსტს, რომელშიც ხვიჩია შინაგან საქმეთა სამინისტროს წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანთა გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიის შეძენა, შენახვა, ფლობა, სარგებლობის მუხლით პირის დაკავების გამო აკრიტიკებდა.

"პორნო გადმოწერა, დაასეივა ერთხელაც გადაწყვიტა ესარგებლა და დაიჭირეს? სულ გააფრინეს", - წერდა ხვიჩია.

მის განცხადებას სოციალურ ქსელში მწვავე გამოხმაურება მოჰყვა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S