
"ნატო პარტნიორობას სტრატეგიულად ვერ იყენებს. პრიორიტეტებს საქართველოსა და უკრაინის მოთხოვნები განსაზღვრავს, ნაცვლად იმისა, რომ ინიციატივა ალიანსისგან მოდიოდეს"
04/12/2020 05:40:44 საგარეო პოლიტიკა
"ნატო პარტნიორობას სტრატეგიულად ვერ იყენებს. პრიორიტეტებს საქართველოსა და უკრაინის მოთხოვნები განსაზღვრავს, ნაცვლად იმისა, რომ ინიციატივა ალიანსისგან მოდიოდეს", – განაცხადა ანგარიშის „ნატო 2030“ ერთ–ერთმა თანაავტორმა უეს მიტჩელმა.
„ჩვენი ჯგუფისთვის ამ ანგარიშმა გააჩინა შესაძლებლობა, რათა აღმოსავლეთ პარტნიორებთან ნატო-ს ორიენტაცია მკაფიოდ გადმოგვეცა. პირველ რიგში, უნდა ითქვას, რომ ანგარიშში ამ საკითხზე ჩანაწერის შინაარსი ადასტურებს ღია კარის პოლიტიკის, ამ ქვეყნების დასავლური პერსპექტივის და საქართველოს და უკრაინის ნატო-კენ მიმავალი გზის მხარდაჭერას. ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ ნატო-ს მოკავშირეებმა არსებითად უნდა დაუჭირონ მხარი ისეთ დაუცველ დემოკრატიებს, როგორიც საქართველო და უკრაინაა, რომლებიც ზეწოლას განიცდიან რუსეთისგან. მეორე და ყველაზე მნიშვნელოვანი რასაც მინდა, ხაზი გავუსვა ისაა, რომ ანგარიშში გამოთქმულია კონსტრუქციული კრიტიკა იმის მიმართ, თუ როგორ ახორციელებს ამჟამად ნატო ამ პარტნიორობას. დღეს ნატო-ში არსებობს თანამშრომლობის მოდელი, მათ შორის უკრაინასთან და საქართველოსთან, სადაც პარტნიორობის პრიორიტეტებს და აქტივობას განსაზღვრავს ის მოთხოვნები, რომლებსაც თავად პარტნიორები აყენებენ, ნაცვლად იმისა რომ ინიციატივა ნატო-სგან მოდიოდეს. ასევე ამ პარტნიორებისთვის გვაქვს ქაოსური დაფინანსების წყაროები. მდგრადი და საბაზისო დაფინანსების წყარო არ არსებობს. ძირითადად, ამ დაფინანსებას საკუთარი სურვილით გამოყოფენ ის პარტნიორები, რომლებსაც კონკრეტულ ქვეყნებთან პარტნიორობა აინტერესებთ. ყველაფერი ეს კი ნიშნავს, რომ ნატო პარტნიორობას არასტრატეგიულად იყენებს. ჩვენი ანგარიში კი ამბობს, რომ სტრატეგიული კონკურნეციის ეპოქაში, თანამშრომლობა და პარტნიორობა სტრატეგიულად უნდა გამოიყენო. თუ ნატო-ს საქართველოსთან თანამშრომლობის გაღრმავება სურს, მაშინ ეს უნდა დაიწყოს პარტნიორების დაფინანსების და მათთან კომუნიკაციის მიმართ უფრო სისტემური და სტრატეგიული მიდგომით“, – განაცხადა მიტჩელმა.