
აშშ-ის კონგრესის მიერ 2021 ფისკალური წლისთვის დამტკიცებულ თავდაცვის ბიუჯეტში საქართველოს მხარდაჭერაზეც არის საუბარი
04/12/2020 07:24:41 საგარეო პოლიტიკა
აშშ-ის კონგრესის მიერ 2021 ფისკალური წლისთვის დამტკიცებულ თავდაცვის ბიუჯეტში საქართველოს მხარდაჭერაზეც არის საუბარი.
კერძოდ, დოკუმენტის ერთ-ერთ ნაწილში, რომელიც რუსეთის ფედერაციასთან სტრატეგიულ კონკურენციასა და ამასთან დაკავშირებით თავდაცვის დეპარტამენტის საქმიანობას ეხება აღნიშნულია, რომ რუსეთის მხრიდან აგრესიის შესაკავებლად აშშ–ის თავდაცვის დეპარტამენტმა შავი ზღვის რეგიონის მიმართ ყურადღება უნდა გაზარდოს.
"თავდაცვის დეპარტამენტმა უნდა გაზარდოს ყურადღება და შავი ზღვის რეგიონში ცვალებად სამხედრო ბალანსზე რესურსები მიმართოს. ამასთან, უწყებამ უნდა გაზარდოს ნატო-სა და სხვა მრავალმხრივი სწავლებების სიხშირე და მასშტაბი შავი ზღვის რეგიონში, მათ შორის უკრაინისა და საქართველოს მონაწილეობით”, – აღნიშნულია დოკუმენტში.
აშშ-ის თავდაცვითი ბიუჯეტის ჯამური ოდენობა დაახლოებით 732 მილიარდ დოლარს შეადგენს. აღნიშნული თანხიდან 69 მილიარდი დოლარი საზღვარგარეთ გაუთვალისწინებელი ოპერაციებისთვის არის განკუთვნილი, რაც როგორც განმარტებით დოკუმენტშია ნახსენები, საშუალებას მისცემს სამხედროებს, შეინარჩუნონ მზაობა, გაზარდონ შესაძლებლობები და ინვესტირება განახორციელონ ახალ პროგრამებსა და ტექნოლოგიებში, რაც ქვეყნის უსაფრთხოებისთვის არის საჭირო.
ახლა დოკუმენტი დასამტკიცებლად პრეზიდენტს უნდა გადაეგზავნოს.