"ვიმედოვნებთ, რომ ვნახავთ საერთო გამოსავალს"
04/12/2020 12:03:05 პოლიტიკა
საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი იმედოვნებს, რომ ქვეყნის მმართველი გუნდი და ოპოზიცია პარლამენტში შესვლის საკითხთან დაკავშირებით გამოსავალს მოძებნიან.
„მუდმივად ვმუშაობთ სხვადასხვა მხარესთან, რათა პროგრესს მიაღწიონ. ვიმედოვნებთ, ვნახავთ საერთო გამოსავალს. ვფიქრობ, რეალურად შესაძლებელია შეთანხმების მიღწევა, რომელიც ასახავს წუხილებს, რაც გასული რამდენიმე კვირის განმავლობაში გამოითქვა, ამავე დროს უზრუნველყოფს ქვეყნის კრიზისიდან გამოსვლას. ვიმედოვნებთ, მოიძებნება გზა, რაც შესაძლებელს გახდის, რომ ყველა არჩეულმა წევრმა გამოიყენოს საპარლამენტო მანდატი დემოკრატიისა და დემოკრატიული ინსტიტუტების კიდევ უფრო გასაძლიერებლად“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.
ცნობისთვის: ოპოზიცია 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ცსკ–ის მიერ წარმოდგენილ წინასწარ შედეგებს უნდობლობას უცხადებს. საარჩევნო ბარიერგადალახულმა 8 პარტიამ ("ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია"; "ევროპული საქართველო"; "გირჩი"; "ლელო"; "გიორგი ვაშაძე - სტრატეგია აღმაშენებელი"; "ლეიბორისტული პარტია"; "მოქალაქეები"; "პატრიოტთა ალიანსი") უარი თქვა როგორც სადეპუტატო მანდატებზე, ისე არჩევნების მეორე ტურებში მონაწილეობაზე.
როგორც ოპოზიციაში აცხადებენ, საარჩევნო ადმინისტრაცია უნდა შეიცვალოს და დაინიშნოს ახალი არჩევნები. აღნიშნული მოთხოვნით აქციების გამართვა ყოველდღიურ რეჟიმშია დაგეგმილი. თუმცა "პატრიოტთა ალიანსი" აცხადებს, რომ ოპოზიციური პარტიებისგან ცალკე იმოქმედებს და აქციებსაც ცალკე გამართავს.
აქციების პარალელურად, ელჩების შუამავლობით ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის დიალოგის პროცესი დაიძრა. უკვე გაიმართა მოლაპარაკებათა მე–2 რაუნდი, თუმცა მხარეთა პოზიციების დაახლოება ჯერ–ჯერობით ვერ ხერხდება. ოპოზიცია ერთიანია მოთხოვნაში, გაიმართოს ხელახალი არჩევნები ხელახალი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში. აღნიშნულს მმართველ გუნდში ამ დრომდე კატეგორიულად გამორიცხავენ. როდის გაიმართება დიალოგის მე–3 რაუნდი ამ ეტაპზე უცნობია. შეგახსენებთ, რომ ფასილიტატორები ოპოზიციის ლიდერებთან ინდივიდუალურ შეხვედრებსაც მართავენ.


