"ახლა უნდა დავადგინოთ, რას ნიშნავს გაყრა"
05/12/2020 10:09:20 პოლიტიკა
"გირჩის" ლიდერი ვახო მეგრელიშვილი ზურა ჯაფარიძის შეთავაზებას პასუხობს და ამბობს, რომ ჯაფარიძის "ულტიმატუმები" ძალიან უცნაურად გამოიყურება.
"მგონი, ჯობია, კომუნიკაციის ფორმებს გადახედოს:", - პასუხობს მეგრელიშვილი ჯაფარიძეს.
"გირჩის" ლიდერმა ზურა ჯაფარიძემ პარტიის მხარდამჭერთა დახურულ ჯგუფში პოსტი გამოაქვეყნა და აწ უკვე ყოფილ თანაგუნდელებს შესთავაზა, დაეთმოთ მისთვის პარტიის სახელი და ვებ–გვერდი, დანარჩენი კი მათ დარჩენოდათ.
ჯაფარიძემ თქვა, რომ შეთავაზება მეგრელიშვილს და ხვიჩიას პირადადაც გაუკეთა, თუმცა მათგან პასუხად აგრესიული მომართვები და მუქარა მიიღო.
"დღეს კიდევ ერთხელ, ამჯერად საჯაროდ, ვთავაზობ ამ ადამიანებს ცივილიზებულ გაყრას", - დაწერა ჯაფარიძემ.
"ჩვენ ახლა უნდა დავადგინოთ, რას ნიშნავს გაყრა", - პასუხობს მეგრელიშვილი", - ჩვენ, უბრალოდ, ამის შესახებ არ ვიცით პროცედურულად, სამართლებრივად, ჩენი ეთიკიდან გამომდინარე, როგორ ხდება ეს პროცედურა. როგორც კი გავარკვევთ, როგორ შეიძლება გირჩში გაყრა, ეგრევე მოგახსენებთ".
ჯაფარიძემ ყოფილ თანაგუნდელებს ფეისბუქჯგუფში გამოკითხვის ჩატარებაც შესთავაზა და თქვა, რომ დამარცხების შემთხვევაში, მზად იყო, არაფრიდან დაეწყო განახლებული პოლიტიკური საქმიანობა.
მეგრელიშვილი ჯაფარიძის შეთავაზებას უცნაურს უწოდებს.
ამ დრომდე უცნობია, თუ ვინ დარჩება, ვინ წავა და ვინ გააგრძელებს გირჩის სახელით პოლიტიკურ საქმიანობას. ცხადია მხოლოდ ის, რომ კონფლიქტი მარტივად არ ამოიწურება. ჯაფარიძემ დღევანდელ განცხადებაში მკაფიოდ თქვა, რომ თანაპარტიელებთან კონფლიქტი შერიგებით არ დასრულდებოდა.
"ყველაფერი გავაკეთე ბოლო წლებში, ამიტომ, ტყუილად ნუ დაიტოვებთ ფუჭ იმედებს, რომ [კონფლიქტი] დალაპარაკებით განიმუხტება",- დაწერა ჯაფარიძემ.


