"კომპენსაციის მოთხოვნაზე ამ დროისთვის 14 300-ზე მეტი განაცხადია შემოსული"
07/12/2020 08:42:51 პოლიტიკა
საქართველოს ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანის განცხადებით, შემოსავლების სამსახურში ამ დროისთვის კომპენსაციის მოთხოვნის შესახებ 14 300-ზე მეტი განაცხადია შესული.
მისი თქმით, მონაცემები ჯანდაცვის სამინისტროს უკვე გადაეგზავნა და იმ ადამიანებზე, ვინც განაცხადი შეავსო, კომპენსაციების გაცემა მალე დაიწყება.
"კომპენსაციების მოთხოვნასთან დაკავშირებით განაცხადების მიღება დაწყებულია როგორც იცით და ამ მომენტისთვის 14 300-ზე მეტი განაცხადია შემოსული შემოსავლების სამსახურში. უკვე გადაეგზავნა ჯანდაცვის სამინისტროს და მალევე დაიწყება ამ კომპენსაციების გაცემა", - განაცხადა მაჭავარიანმა.
მან აღნიშნა, რომ განაცხადების მიღება 24 დეკემბრამდე გაგრძელდება და მეწარმეებს მოუწოდა, დარჩენილი დრო მაქსიმალურად გამოიყენონ:
"კიდევ ერთხელ მინდა შევახსენო მეწარმეებს, ვისაც შეეხო 28 ნოემბრიდან დაწესებული შეზღუდვები, რომ ისარგებლონ შემოსავლების სამსახურის პორტალით, სადაც არის შესაბამისი ფორმა, საკმაოდ მარტივი. უნდა მიუთითონ დასაქმებულის ვინაობა, ასევე, მისი პირადი მონაცემები და საბანკო ანგარიში, რის შემდეგაც ჩვენ გადავაგზავნით ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტროში და იქიდან მოხდება კომპენსაციების გაცემა. მინდა, შევახსენო ყველას, რომ ეს პროცესი გაგრძელდება 24 დეკემბრამდე, ამიტომ მაქსიმალურად გამოიყენონ ეს დრო. თუმცა, შესაძლებელი იქნება 28 დეკემბრამდე დაზუსტება. მნიშვნელოვანია, რომ მონაცემები სწორად იქნას მოწოდებული. პასუხისმგებლობა ეკისრება იმ გადამხდელს, ვინც მოახდენს ამ ინფორმაციის მოწოდებას".


