მაჭავარიანი პოლონეთის ელჩის კრიტიკას პასუხობს
07/12/2020 08:49:14 პოლიტიკა
"ტენდერს იგებს ის, რომელიც საუკეთესო შეთავაზებას აკეთებს. თუ ეს ჩინური კომპანიაა, რატომაც არა?", – ასე უპასუხა ფინანსთა მინისტრმა ვანო მაჭავარიანმა პოლონეთის ელჩის წუხილს იმის თაობაზე, რომ "საქართველოში ევროკავშირის ფულით ჩინური კომპანიები ფინანსდებიან".
„როდესაც საუბარია ისეთ მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, როგორიცაა აღმოსავლეთ - დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალი და სხვა ისეთი პროექტები, რომელიც დონორის ფულით ფინანსდება, არის არა მხოლოდ ევროკაშირის ფული, არამედ "აზიის განვითარების ბანკის", "მსოფლიო ბანკის", "ევროპის საინვესტიციო ბანკის" და ყველა იმ პარტნიორის ფული, რომლითაც ეს საერთო ნაციონალური პროექტები ხორციელდება. ეს ტენდერები ხდება იმ წესებით და სტანდარტებით, რომელსაც დონორი ორგანიზაციები ითხოვენ. შესაბამისად, ტენდერის ჩატარების შედეგად იგებს ის კომპანია, რომელმაც საუკეთესო შეთავაზება გააკეთა. თუ ეს არის ჩინური კომპანია, რატომაც არა? თუ პოლონური კომპანია იქნება საუკეთესო, დამერწმუნეთ, ტენდერში ისიც გაიმარჯვებს. შესაბამისად, ჩვენ ვხელმძღვანელობთ ჩვენი ქვეყნის ინტერესებით, იმ სტანდარტებით, რომელიც სრულად თანხვედრაშია საერთაშორისო ორგანიზაციებთან, მათი წესებით და მათი მონიტორინგის ქვეშ ხდება ტენდერები და იმარჯვებენ ის კომპანიები, რომლებიც საუკეთესოები არიან. იმის მიხედვით, თუ რომელი ქვეყნიდანაა, ჩვენ არ ვხემძღვანელობთ, ვხემძღვანელობთ მხოლოდ საუკეთესო შეთავაზებით“,- განაცხადა მაჭავარიანმა.
ცნობისთვის: პოლონეთის ელჩმა საქართველოში მარიუშ მაშკიევიჩმა BMG-ისა და Forbes Georgia-სთან ინტერვიუში თქვა, რომ ევროკავშირის ელჩების კლუბი საქართველოში გაოცებული დარჩა, როდესაც აღმოაჩინა, რომ ევროკავშირის თანხებით საქართველომ ჩინეთთან თანამშრომლობა გადაწყვიტა.
“მაინტერესებს, რატომ იწვევს საქართველო აქ ჩინურ კომპანიებს გზების მშენებლობისთვის. ჩვენ ისეთი გვირაბების მშენებლობა შეგვიძლია, რომლებიც ჩინურზე უკეთესია”, – განაცხადა პოლონეთის ელჩმა საქართველოში.
“ბოლო წლებში ჩვენ ამ სექტორს პოლონეთში ძალიან სწრაფად ვავითარებთ. გადავწყვიტეთ, რომ კონცენტრირება გავაკეთოთ მაგისტრალების მშენებლობაზე ქვეყანაში. როგორც იცით, პოლონეთი ევროპის შუაგულია, ასე რომ, ძალიან მნიშვნელოვანია, გქონდეს სწრაფი კორიდორი აღმოსავლეთიდან დასავლეთით და სამხრეთიდან ჩრდილოეთის მიმართულებით. ამ სექტორში ძალიან ბევრი კომპანია მუშაობს, ამ მიმართულებით ძალიან კარგი სპეციალისტები გავხდით“, – განაცხადა მაშკიევიჩმა.
კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა ამის მიზეზი იყოს დაბალი ფასი, პოლონელი დიპლომატი პასუხობს:
„პრობლემა გაცილებით უფრო რთულია. ჩინური კომპანიები გვთავაზობს ყველაზე დაბალ ფასს და ყველაზე მიმზიდველ პირობებს. ისინი აშენებენ მათი მეთოდით, არ ვამბობ იმას, რომ რაც ჩინურია, ცუდია. თუმცა ფასი არის უფრო კარგი შეფასების კრიტერიუმი? თანხების უმრავლესობა მოდის ევროკავშირიდან, კონკრეტულად, ევროპის საინვესტიციო ბანკიდან, რომლითაც საქართველო სარგებლობს. ჩვენ, ევროკავშირის ელჩების კლუბი საქართველოში, ცოტათი გაოცებული ვიყავით, როდესაც აღმოვაჩინეთ, რომ ევროკავშირის თანხებით საქართველომ ჩინეთთან თანამშრომლობა გადაწყვიტა. რატომ? ჩვენ ძალიან კარგი კომპანიები გვყავს ავსტრიაში, გერმანიაში, პოლონეთში. ჩვენ შეგვიძლია შევთავაზოთ მაღალი ხარისხი საიმედო ფასად”, – აღნიშნა მაშკიევიჩმა.


