
მესამე რაუნდის შედეგები: პოზიციები დაახლოვდა, თუმცა შეთანხმება ვერ მოხერხდა
07/12/2020 12:34:49 პოლიტიკა
ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის ფასილიტატორი ელჩების თანდასწრებით მოლაპარაკების მესამე რაუნდი დასრულდა და როგორც ამ დროისთვის ხდება ცნობილი, მეოთხე შეხვედრა 8 დეკემბერს გაიმართება.
შეხვედრის შემდეგ პოლიტიკოსებს დეტალებზე არ უსაუბრიათ, თუმცა როგორც მათი კომენტარებიდან ირკვევა, რიგ საკითხებზე პოზიციები დაახლოვდა, მაგრამ არა მთავარი მოთხოვნის ირგვლივ, რომელიც არჩევნებს ეხება.
„ძალიან სასარგებლო შეხვედრა იყო, თუმცა განსხვავებები რჩება. ეს დრო კარგად გამოვიყენეთ“,– განაცხადა „ლელოს“ დამფუძნებელმა ბადრი ჯაფარიძემ.
„ევროპული საქართველოს“ ლიდერი დავით ბაქრაძე ამბობს, რომ „იყო გარკვეული საკითხები, სადაც პოზიციების დაახლოება მოხერხდა, მაგრამ დარჩენილია მნიშვნელოვანი საკითხები“.
ლეიბორისტმა შალვა ნათელაშვილმა შეხვედრის შემდეგ აღნიშნა, რომ ხელისუფლების ამოცანა ამ მოწვევის პარლამენტის შენარჩუნებაა, „უკეთესობის ნიშნები გამოიკვეთა საარჩევნო რეფორმის კუთხით“.
ენმ–ის თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძე ამბობს, რომ ოპოზიციის მთავარ მოთხოვნაზე კომპრომისი სახეზე არაა.
შეხვედრას საქმიანი უწოდა "სტრატეგია აღმაშენებლის" დამფუძნებელმა გიორგი ვაშაძემ:
"ნამდვილად საქმიანი იყო დღევანდელი შეხვედრა, ჩვენ გავიარეთ აბსოლუტურად ყველა საკითხი. არის საკითხები, რაზეც ხდება პოზიციების დაახლოება, მაგრამ ძირითად საკითხებთან დაკავშირებით კვლავ არის მნიშვნელოვანი სხვაობა ჩვენსა და ხელისუფლების პოზიციას შორის.
დღევანდელი დისკუსიის შემდეგ გვექნება შიდა განხილვები. არის საკითხები, რაზეც ყველა თანხმდება, რომ ფუნდამენტურად შესაცვლელია საარჩევნო გარემო, არის საკითხები, რაზეც გაგრძელდება მსჯელობა, არის საკითხები, რაზეც ვერ ვთანხმდებით - ეს არის რიგგარეშე არჩევნების საკითხი, ეს არის პოლიტპატიმრების საკითხი, თუმცა შევთანხმდით, რომ ვაგრძელებთ სამუშაო რეჟიმში მუშაობას",-თქვა ვაშაძემ.
"გირჩს" ლიდერი ზურაბ ჯაფარიძეც აცხაებს, რომ "პრინციპულ საკითხებზე" მხარეებს შორის კონსენსუსს ვერ მიაღწიეს.
"გავიარეთ ქართული ოცნების წინადადება და ოპოზიციის წინადადება. იყო საკითხები, რაზეც შევთანხმდით, მაგრამ დარჩა ბევრი საკითხი, რაზეც ჯერ კიდევ არ ვართ შეთანხმებულები. არ მაქვს უფლება, დეტალები გითხრათ, მაგრამ ახლა, ამ წუთში რაც არის, პუნქტობრივად გავიარეთ საკითხები. იყო რაღაც პუნქტები, რაზეც თანხმობა შესაძლებელია, მაგრამ არის რაღაც პრინციპული საკითხები, რაზეც შეთანხმება შეუძლებელია", - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.
განმეორებით არჩევნებს ან პლებისციტის ჩატარებას „ქართული ოცნება“ არ განიხილავს,– ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ოპოზიციის წარმომადგენლებთან ფასილიტატორი ელჩების თანდასწრებით გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
„განმეორებით არჩევნებთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ პოზიცია საჯაროდ არაერთხელ დავაფიქსირეთ. განმეორებით არჩენებს არ განვიხილავთ ან მასთან დაკავშირებულ რაიმე ვერსიას, მათ შორის, – პლებისციტს“,– განაცხადა თალაკვაძემ.
მიუხედავად აღნიშული პოზიციისა, თალაკვაძემ დღევანდელ შეხვედრას წინგადადგმული ნაბიჯი უწოდა.
„კიდევ უფრო დავაახლოვეთ პოზიციები ისეთ საკითხებზე, რომელიც გრძელვადიან თანამშრომლობას ემსახურება“,– დასძინა თალაკვაძემ, თუმცა დეტალებზე მას არ უსაუბრია.
მან იმედი გამოთქვა, რომ მოლაპარაკებების პროცესი საბოლოო შეთახმებით დასრულდება.
შეხვედრის კიდევ ერთმა მონაწილემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ოპტიმისტურადაა განწყობილი და ვინაიდან პარლამენტის პირველი სდომა კვირის ბოლომდე უნდა გაიმართოს, იმედს იტოვებს, რომ მოლაპარაკებები ამ ვადაში დასრულდება.
იხილეთ ასევე: რას სთავაზობს ოპოზიცია ხელისუფლებას