
"ვადამდელი არჩევნების საკითხი ჩვენი მხრიდან იდეის დონეზეც არ არის დაშვებული"
08/12/2020 19:36:49 საშინაო პოლიტიკა
„ქართული ოცნების“ პოზიცია პირველივე დღიდან იყო ნათელი და ეს პოზიცია უცვლელია, რომელსაც მომავალშიც არ ემუქრება ცვლილება. ეს არის ის, რომ ხალხის მიერ გაკეთებული არავითარი არჩევანის გადახედვა არ იქნება ჩვენ მიერ დაშვებული და განხილული", – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა თეა წულუკიანმა "საქართველოს პირველი არხის" ეთერში განაცხადა.
"არავითარი ვადამდელი არჩევნების საკითხი არ არის ჩვენი მხრიდან დაშვებული, არც იდეის დონეზე. რეალურად, საკითხი, რომელიც განხილვას ექვემდებარება და შეიძლება იყოს საერთო ხედვის გამონახვა არის საარჩევნო რეფორმა, უფრო სწორად ამ რეფორმის გაგრძელება. გახსოვთ 8 მარტის შეთანხმება, როდესაც არაერთი ადამიანისთვის ჩვენს რიგებში, მათ შორის ჩემთვისაც მიუღებელი მოდელი, მაგრამ ქვეყნისთვის საჭირო, ჩაითვალა კარგ საარჩევნო მოდელად და ოპოზიციის მიერ მოწონებული და ჩვენს მიერ კომპრომისის გზით მიღებული 8 მარტის შეთანხმებით ეს არჩევნები ჩატარდა ამ მოდელით, შესაბამისად, ამ მოდელის შედეგად ჩატარებული შედეგების გადახედვა ჩვენი მხრიდან უბრალოდ დაუშვებელია, რადგან არავითარი ეჭვი, რომ „ქართული ოცნების“ გარდა სხვა პარტიამ გაიმარჯვა ამ არჩევნებში, ან „ქართულ ოცნებას“ არ მიუღია ის 48 პროცენტი, რაც ურნაში აღმოჩნდა არის აბსოლუტური სიცრუე. მესმის, ბევრისთვის გასაოცარია, მიუღებელია, რომ „ქართული ოცნება“ არის პირველი პოლიტიკური ძალა, რომელმაც შეძლო და მესამე ვადით მოიპოვა ქართველი ამომრჩევლის ნდობა. ეს რეალობაა“, – განაცხადა წულუკიანმა.
ცნობისთვის: ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის ფესილიტატორი ელჩების თანდასწრებით მოლაპარაკების მე-4 რაუნდი შეთანხმების გარეშე დასრულდა. შეხვედრის შემდეგ პოლიტიკოსებს დეტალებზე არ უსაუბრიათ, თუმცა როგორც მათი კომენტარებიდან ირკვევა, რიგ საკითხებზე პოზიციები დაახლოვდა, მაგრამ არა მთავარი მოთხოვნის ირგვლივ, რომელიც არჩევნებს ეხება.
როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა განაცხადეს, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის პოზიციები ხელახალი არჩევნების დანიშნვასა და პოლიტპატიმრების გათავისუფლებაზე არის დაშორებული. საარჩევნო სისტემის რეფორმისა და საარჩევნო ადმინისტრაციის ცვლილების საკითხზე კი, მოლაპარაკებაში ჩართული მხარეების პოზიციები მეტ-ნაკლებად დაახლოვდა. ყველა ოპოზიციონერმა ლიდერმა აღნიშნა, რომ თუ არ იქნება პოლიტიკური შეთანხმება, ოპოზიციური პარტიები გააგრძელებენ ბოიკოტს და პარლამენტში არ შევლენ.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021