Accentnews.ge
"ბუქარესტის დაპირება უნდა გადაიხედოს და საქართველოსთან "საკონტროლო სიით" ურთიერთობა ყოვლისმომცველი სტრატეგიით შეიცვალოს"

"ბუქარესტის დაპირება უნდა გადაიხედოს და საქართველოსთან "საკონტროლო სიით" ურთიერთობა ყოვლისმომცველი სტრატეგიით შეიცვალოს"

08/12/2020 20:05:58 საგარეო პოლიტიკა

აშშ–ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშწე უეს მიტჩელი, რომელიც ანგარიშის "ნატო 2030" ერთ–ერთი თანაავტორია, მიიჩნევს, რომ "ბუქარესტის სამიტის დაპირება უნდა გადაიხედოს და საქართველოსთან "საკონტროლო სიით" ურთიერთობა ყოვლისმომცველი სტრატეგიით შეიცვალოს".

"ანგარიში მკაფიოდ საუბრობს, განსაკუთრებით საქართველოსა და უკრაინის წევრობის პერსპექტივაზე, ღია კარის პოლიტიკაზე და მათ დასავლურ გზაზე. ასევე ვამბობთ, რომ მოკავშირეებმა ამ და სხვა ქვეყნებს, მეტი დახმარება უნდა გაუწიონ, განსაკუთრებით, რუსეთის ზეწოლის ქვეშ მყოფ პარტნიორებს. ეს კი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან როგორც ანგარიში ამბობს, მომდევნო 10 წელიწადში ალიანსისთვის სტრატეგიული გარემო უფრო მკაცრი იქნება. ამის გამო, პარტნიორობა და წევრობის პერსპექტივა ნატო–ს არსენალში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი პოლიტიკური ბერკეტია...ნატო–მ უფრო აქტიური სტრატეგიული მიდგომა უნდა შეიმუშაოს ისეთ ქვეყნებთან ურთიერთობის სამართავად, როგორებიც საქართველო და უკრაინაა, სწორედ იმის გამო, რომ სტრატეგიული გარემო იცვლება და დასაშვები ცდომილების ზღვარი მცირდება. ნატოს მკაფიო სიგნალების გაგზავნა სჭირდება...

საბოლოო ჯამში, ის, რის გაკეთებაც საქართველოს და უკრაინას სჭირდება, ძირითადად შიდა მმართველობას უკავშირდება. მათ მკაფიოდ უნდა მოახდინონ იმის დემონსტრირება, რომ დემოკრატიული მმართველობის და ძლიერი დემოკრატიული სტრუქტურების შექმნის მიმართ, ერთგულები არიან. ამას, ცხადია, თან ერთვის დიდი ზეწოლა, რასაც ის სამეზობლო იწვევს, რომელიც საქართველოს და უკრაინას ერგო. მაგრამ, საბოლოო ჯამში, ნატო–ს და დასავლეთს მორალური სიცხადე უნდა ჰქონდეს საქართველოსა და უკრაინაზე იმისთვის, რომ უფრო დიდი სტრატეგიული გადაწყვეტილება მიიღონ. ის, თუ როგორ მართავს ნატო საქართველოსთან ურთიერთობას, ერთგვარი, საკონტროლო სიით, გარკვეულ შეზღუდვებს იწვევს. ამაში დასახული მიზნის მიღწევას და გეგმის განხორციელებას ვგულისხმობ. ამ შემთხვევაში პერსონალურ მოსაზრებას გიზიარებთ და არა ანგარიშის შემდგენი მთელი გუნდისას. საბოლოო ჯამში, ამ მდგომარეობიდან გამოსასვლელად სტრატეგიული მიდგომა გვჭირდება, რომელიც ბუქარესტის სამიტის დასკვნას, მისი პირობის საფუძველს თავიდან შეხედავს და ურთიერთობაზე უფრო ყოვლისმომცველად ისაუბრებს იმის ნაცვლად, რომ მიღწეული პროგრესის შეფასების მიმართ ეტაპობრივი მიდგომა ჰქონდეს. ვფიქრობ, ეს ეტაპობრივი მეთოდი იმ ქვეყნებს, რომლებიც საქართველოს და უკრაინის ნატო–ში გაწევრიანების წინააღმდეგი არიან, გაცილებით ფართო შესაძლებლობებს აძლევს, იმისთვის, რომ საქართველოს ნატო–ში გაერთიანებას შეეწინააღმდეგონ. ეს ბევრ შესაძლებლობას ქმნის იმისთვის, რომ ეს გადაწყვეტილება ხელახლა იქნას განხილული. ამის ნაცვლად, უფრო ყოვლისმომცველი, სტრატეგიული მიდგომა ვფიქრობ უფრო მართებული იქნება, რომელიც ურთიერთობებს ჯამურად შეაფასებს და გააცნობიერებს იმას, რომ ნატოს აღმოსავლეთში დადებითი გავლენისთვის, კონკურენტუნარიანობა სჭირდება", - განაცხადა მიტჩელმა "ამერიკის ხმისთვის" მიცემულ ინტერვიუში.

მისივე თქმით, უდავოა, რომ საქართველომ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა დემოკრატიული მმართველობის მხრივ.

"იქვეყანა ნატო–ს ახლო და ეფექტური პარტნიორია. სტრატეგიული გარემოდან და ნატო–ს მხრიდან შიდა კონსოლიდაციის საჭიროებიდან გამომდინარე, ვფიქრობ, სამართლიანი იქნება იმის თქმა, რომ ალიანსის დანიშნულების საფუძვლებს და მის მმართველობას უნდა დავუბრუნდეთ. ვფიქრობ, ნაადრევია იმის თქმა, რომ საქართველო ნატო–ში ახლა უნდა გაწევრიანდეს. თუმცა, ასევე სამართლიანია იმის თქმა, რომ ეს ერთი შეხედვით დაუსრულებელი პროცესია, რომელიც თითქოს, თითო კვადრატული მეტრით ზომავს პროგრესს. ვფიქრობ, ღირს დაიწყოს დისკუსია უფრო სტრატეგიულ მიდგომაზე, რომელიც ნატოს მისცემს საშუალებას საქართველოს საკითხი, სტრატეგიული და პოლიტიკური თვალსაზრისით, ერთ მთლიან საკითხად შეაჯეროს. ეს ეტაპობრივ მიდგომას აჯობებს და ჩემი აზრით, უფრო მეტადაა თანხვედრაში იმასთან, თუ როგორ შეუძლია ნატო–ს, როგორც ალიანსს, კავკასიაში გავლენისთვის ბრძოლა“, - განაცხადა მიტჩელმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S