ელისაშვილი პარლამენტში შესვლის პირობას ასახელებს

09-12-2020 12:47:29 პოლიტიკა

პარტია “მოქალაქეების” ლიდერი ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ თუ “ქართულ ოცნებასთან” მოლაპარაკებებზე საარჩევნო სისტემისა და საარჩევნო ადმინისტრაციის რეფორმებზე შეთანხმდებიან და შესაბამისი გარანტიებიც იარსებებს, მაშინ პარლამენტში შევა.

როგორც ელისაშვილი ამბობს, ამ ყველაფრის უკან არანაირი ფული არ დგას, ხოლო ქვეყნის წინსვლისთვის, ხელისუფლებების ცვლილებისთვის სწორედ სანდო საარჩევნო სისტემის ჩამოყალიბება არის აუცილებელი და ახლა ის მომენტია, როცა ამის მიღწევის შესაძლებლობა აქვთ.

“ახლა გვაქვს მომენტი და შესაძლებლობა, რომ იმ მოლაპარაკებიდან საქართველოს მომავალი გამოვიტანოთ — გაწიკწიკებული და სანდო საარჩევნო წესები, გაწიკწიკებული და სანდო საარჩევნო კომისიის დაკომპლექტების წესი. ამაზე ვმუშაობთ იქ საათობით და ამისთვის ვიბრძვი, ეს არის ეროვნული ამოცანა, რომელსაც ყველანი მივადეგით[…]

ეს მექანიზმები უნდა გვედოს ხელისგულზე, კი არ უნდა გვიკსედებოდეს გული, მე კი შემოვხაზე და რა იცი მერე რა იქნება. აი, ამისთვის ვიბრძვი და პირდაპირ გეუბნებით, რომ მე იქიდან ეს დოკუმენტები, გარანტია, მეჭირება ხელში, რა თქმა უნდა პარლამენტში შევალ”, — განაცხადა ელისაშვილმა.

ელისაშვილის თქმით, თუ “მტკივნეული გადაწყვეტილება” იქნება მისაღები, მიიღებენ. მისი თქმით, პარლამენტში შესვლა ქვეყნის დაქცევად და ღალატად არ უნდა გამოიყვანონ.

“ისე გახადეს, რომ პარლამენტში არ შეხვიდე, გეგონება, სამშობლოს უნდა უღალატო. ასე ტყუილად პარლამენტში არ შევალ ცოცხალი თავით, ქუდი რომ შემიგდონ და არც შევდივარ. ერთი თვეა ფეხი გაფიჩინებული მაქვს და პასტით და ფურცლით დავდივარ, რომ ეს და ეს უნდა გაკეთდეს, რაც არჩევნებს შეეხება. ამით თუ გამოვალ, იქიდან გამოვალ თავაწეული. ვფიქრობ, ყველა გამოვა თავაწეული, ვისაც უნდა, რომ ეს ქვეყანა წინ წავიდეს და არ აურიოს ეს ქვეყანა და რევოლუცია არ მოახდინოს[…] ნუ გამოვიყვანთ, რომ პარლამენტში შესვლა არის ქვეყნის დაქცევა”, — განაცხადა ელისაშვილმა.

ის "ევროპული საქართველოს" წევრებს გიგა ბოკერიას და გიგი უგულავას საბოტაჟში ადანაშაულებს.

„განსაკუთრებით თავგამოდებულები იყვნენ ბოკერიას პარტიაში, არიქა, ელისაშვილი შევიდა პარლამენტში, ფული აიღოო. ორი პრინციპი მაქვს, რითაც პოლიტიკაში რაღაცებს ვაკეთებ. ყოველთვის გავაკეთებ იმას, რასაც სინდისი და ქვეყნის ინტერესი მკარნახობს. ყოველთვის გავაკეთებ იმას, რისიც მჯერა და მწამს. ხელფასის იქით არც ერთი თეთრი არასდროს მიმიღია. ვერ წარმომიდგენია ადამიანი, რომელიც მოვა და ფულზე დამიწყებს საუბარს, ცოცხალი ვერ გამასწრებს. ეს ყველამ კარგად იცის. მოლაპარაკებებს რაც შეეხება, ელჩები გვეუბნებიან, "მოდით, პროცესს ნუ დააზიანებთ, გარეთ თუ გავა ის, რაზეც აქ ვსაუბრობთ, პროცესი დაზიანდება და შეთანხმებამდე ვერ მივალთო", ეს ძალიან მარტივია. იქ რაღაც თანამდებობებს და ფულს კი არ ვითხოვთ. მე რომ სიტყვას ვაძლევ, მისი ერთგული ვარ, განსხვავებით სხვა პარტიებისგან. ბოკერიას პარტია დადის იმ შეხვედრებზე მხოლოდ იმიტომ, რომ გარეთ გამოიტანოს დეტალები, ილაპარაკოს, აურიოს ყველაფერი, საბოტაჟით არიან დაკავებულები, რომ ჩაშალონ ყველაფერი, რადგან ვერ მოხვდნენ პარლამენტში ბოკერია და უგულავა. ამიტომ უნდათ, ყველაფერი არიონ. თავი მოეჭრათ ერთს ზუგდიდში, მეორეს – ფოთში. წავიდა ნიკო ნიკოლაძესავით ბოკერია და ექვსი პროცენტი აიღო ფოთში, რა ეგონა, რას იზამდა. ახლა უნდათ, ყველაფერი აურიონ და ჩაშალონ. მე არ მინდა, ჩავშალო“, – განაცხადა ელისაშვილმა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები