„ქართულმა ოცნებამ“ რიგგარეშე არჩევნების გამოცხადების პირობა დაასახელა
09/12/2020 11:02:34 პოლიტიკა
საპარლამენტო უმრავლესობა სადეპუტატო მანდატებს განცხადების საფუძველზე შეუწყვეტს ყველა იმ დეპუტატს, რომელიც არ ჩაერთვება საპარლამენტო ცხოვრებაში,– ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
ამასთან, მისი თქმით, სახელმწიფო დაფინანსებას და სხვა შესაბამის პრივილეგიებს ვერ მიიღებენ პარტიები, რომლებიც პარლამენტში არ იქნებიან წარმოდგენილი:
„ქართული ოცნება“ პირველი შეკრებისთანავე დააინიცირებს 2020 წლის არჩევნების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას. კომისიის მუშაობაში ჩასართავად მოვიწვევთ ყველა დაინტერესებულ სუბიექტს, მათ შორის დამოუკიდებელ ექსპერტებს, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და საერთაშორისო პარტნიორებს“.
მისი თქმით, თუ შესწავლის შემდეგ, რომელიც მათ შორის ხმების გადათვლის ინსტრუმენტსაც მოიცავს, „დაფიქსირდება 1%–იანი გადახრა "ქართული ოცნების" სასარგებლოდ, "ქართული ოცნება" რიგგარეშე არჩევნებს გამოაცხადებს“. თუმცა კობახიძემ ისიც აღნიშნა, რომ დარწმუნებულია, მსგავსი ცდომილება არ დაფიქსირდება, წინააღმდეგ შემთხვევაში, კიდევ ერთხელ დადო პოლიტიკური თანამდებობის დატოვების პირობა.


