Accentnews.ge
ბარამიძე: „ივანიშვილი მინიმუმ, 10 მანდატზე ნადირობს“

ბარამიძე: „ივანიშვილი მინიმუმ, 10 მანდატზე ნადირობს“

09/12/2020 15:27:20 პოლიტიკა

იუსტიციის მინისტრის ყოფილი მოადგილე, იურისტი სანდრო ბარამიძე აცხადებს, რომ 150 დეპუტატის უფლებამოსილების ცნობის შემდეგ თუ 60 ან 51 დეპუტატი უარს იტყვის მანდატზე, პარლამენტი უფლებამოსილებას დაკარგავს.

მისი ანალიზით, სწორედ ამიტომაა „ქართული ოცნებისთვის“ მნიშვნელოვანი, ოპოზიციიდან 10 დეპუტატი მაინც დაითანხმოს პარლამენტში შესვლაზე.

„ივანიშვილი მინიმუმ, 10 მანდატზე ნადირობს: პარლამენტისთვის "სრული უფლებამოსილების" მინიჭებისათვის საჭიროა 100 წევრის უფლებამოსილების ცნობა. ეს მოხდება 11 დეკემბერს, როდესაც პარლამენტი ცნობს 150 წევრის უფლებამოსილებას. მაგრამ თუ ამის შემდეგ 60 წევრი უარს იტყოდა წევრობაზე, მაშინ პარლამენტი დაკარგავდა "სრულ უფლებამოსილებას". ამიტომაც არის ივანიშვილისთვის აუცილებელი, რომ 60-იდან მინიმუმ 10-მა მაინც არ თქვას უარი და დარჩეს წევრად“,– აცხადებს იურისტი და განმარტავს, რომ კონსტიტუციაში მსგავსი პირდაპირი ჩანაწერი არ არის, თუმცა შესაბამისი ნორმის ანალიზი მისი მიზნიდან გამომდინარე, სწორედ ამაზე მიუთითებს.

ცნობისთვის: სრულიად ოპოზიციურმა სპექტრმა მე–10 მოწვევის პარლამენტს ბოიკოტი გამოუცხადა და აღნიშნული რამდენჯერმე დაამოწმა შესაბამის დოკუმენტზე ხელმოწერით, თუმცა უკანასკნელ დღეებში გავრცელდა ინფორმაცია, რიგი პოლიტიკოსის მიერ პოზიციის ცვლილების თაობაზე. ამ წუთებში ოპოზიციონერი ლიდერები შეხვედრას მართავენ, რომელსაც „მოქალაქეების“ წევრები არ ესწრებიან, თუმცა 11 დეკემბერს – მე–10 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომაზე გაირკვევა, ვინ იტყვის უარს სადეპუტატო მანდატზე.

რაც შეეხება ოპოზიციური პარტიების მიერ მოპოვებულ მანდატების ოდენობას, 31 ოქტომბრის არჩევნების ცსკ–ის მიერ წარმოდგენილი შედეგებით, რომელსაც ოპოზიცია გაყალბებულად მიიჩნევს, ასეთია:

  • „ევროპული საქართველო“ – 3,79 %, მანდატების რაოდენობა ხუთი.
  • „ნაციონალური მოძრაობა-ძალა ერთობაშია“ – 27,18%, მანდატები 36.
  • „პატრიოტთა ალიანსი“ – 3,14%, მანდატები ოთხი.
  • „ლეიბორისტული პარტია“ – 1%, მანდატი ერთი.
  • „მოქალაქეები-ალეკო ელისაშვილი“ – 1,33 %, მანდატები ორი.
  • „გიორგი ვაშაძე-სტრატეგია აღმაშენებელი“ – 3,15%, მანდატები ოთხი.
  • „გირჩი“ – 2,89%, მანდატები ოთხი.
  • „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ – 48,22%, მანდატების რაოდენობა 90.
  • „ლელო“ – 3,15%, მანდატების რაოდენობა ოთხი.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S