ჯაფარიძე 11 დეკემბერს ოპოზიციურ შეთანხმებაზე ხელის მოწერას არ აპირებს
10/12/2020 11:25:37 პოლიტიკა
„გირჩის“ ერთ–ერთი ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, ბოიკოტის რეჟიმი გრძელდება, თუმცა 11 დეკემბერს დოკუმენტზე კიდევ ერთხელ ხელის მოწერას, რითაც კიდევ ერხელ დაადასტურებს, რომ პარლამენტში არ შედის, არ აპირებს.
„არ ვაპირებ კიდევ ერთხელ ხელის მოწერას, სამჯერ მაქვს უკვე ეგეთ რაღაცაზე ხელი მოწერილი და აღარ მინდა დამატებით კიდევ რაღაც ცერემონიალებში მონაწილეობის მიღება. მაგრამ, ზოგადად ფაქტია, რომ ბოიკოტი გრძელდება“,– განაცხადა ჯაფარიემ.
მისი თქმით, ბოიკოტის რეჟიმში დარენას თავად ხვალ სხვა ფორმით დაადასტურებს.
„ფაქტია, რომ დღეს უნდა ყოფილიყო მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდი, რომელიც შეიძლებოდა, ყოფილიყო ბოლო და რაღაც ტიპის გამოსავალი შეთანხმებულიყო. გადაიდო ეს რაუნდი, შესაბამისად ხვალ არის პირველი სხდომა. ყველა ის პარტია, რომელიც ბოიკოტის რეჟიმშია, ამას ხვალ სხვადასხვანაირი ფორმით დაადასტურებს: ნაწილმა შეიძლება, რაღაც ერთობლივ დოკუმენტს მოაწეროს ხელი, ვიღაცეებმა შეიძლება, ინდივიდუალურად გააკეთონ ეს – ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. არსებითი მნიშვნელობა აქვს იმას, რა იქნება სასესიო დარბაზში, იქნება თუ არა იქ ვინმე წარმოდგენილი ოპოზიციიდან. რა ვიცი, ჯერჯერობით რასაც ვუყურებ, ასეთი სურათია, რომ არავინ შესვლას არ აპირებს. ეს ხელმოწერა არის ცერემონია, რაღაც გზავნილი უნდა გავაგზავნოთ ქვეყნის შიგნით თუ ქვეყნის გარეთ, რომ ოპოზიცია, მოსახლეობის ნახევრის მიერ არჩეული ყველა პოლიტიკური პარტია ერთიანია ამ პოზიციაში და ეს პოზიცია მაქვს დაფიქსირებული უკვე არაერთხელ საჯაროდ და პრაქტიკაში რაც იქნება გასაკეთებელი, იმას გავაკეთებ“, – განაცხადა ჯაფარიძემ.


