ოპოზიცია აცხადებს, რომ ბოიკოტის რეჟიმში რჩება, კობახიძე კი საპირისპიროს ამტკიცებს
10/12/2020 14:15:17 პოლიტიკა
10 დეკემბრის მდგომარეობით, ოპოზიცია ბოიკოტის რეჟიმში რჩება. სახელისუფლებო გუნდსა და ოპოზიციას შორის შეთანხმების მიღწევამდე პარლამენტში შესვლას არ აპირებენ, მათ შორის „მოქალაქეები“, რომლებიც მე–10 მოწვევის პარლამენტში ორ მანდატს ფლობენ. „ქართული ოცნების“ არმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე კი ირწმუნება, რომ პარლამენტში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები წარმოდგენილნი იქნებიან:
„დაველოდოთ და ვნახავთ!“,– განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, მე-9 მოწვევის პარლამენტს ჯამში 2 წლის განმავლობაში უწევდა ბოიკოტის რეჟიმში მუშაობა, რაც უნდა დასრულდეს:
„ჩვენ გუშინდელ ბრიფინგზეც გამოვთქვით მზადყოფნა, რომ გაგვეგრძელებინა მოლაპარაკებები და ამასთან არ იყო კავშირში ის საკითხები, რომელიც ჩვენ ამ ბრიფინგზე წამოვწიეთ. ბუნებრივია, ჩვენ კვლავაც ვართ მზად, რომ წამოვწიოთ ის ინიციატივები, რომელიც ამ ბრიფინგზე გავაჟღერეთ. რაც შეეხება ხვალინდელ სხდომას, ეს არის ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების გადასაწყვეტი მიიღებენ, თუ არა ისინი მონაწილეობას ამ სხდომაში. რომ გავიხსენოთ მე-9 მოწვევის პარლამენტი, 4 წლის განმავლობაში უამრავი ფუნდამენტური რეფორმა განახორციელა, მათ შორის, საკონსტიტუციო რეფორმა, საარჩევნო სისტემის რეფორმა, სასამართლო რეფორმის მე-4 ტალღა და ა.შ. ამ პირობებში, როდესაც პარლამენტი რეფორმებს ახორციელდბდა, რომ დავთვალოთ, ჯამში 2 წლის განმავლობაში გვიწევდა მუშაობა ბოიკოტის რეჟიმში. ასეთი არის სამწუხაროდ, რადიკალური ოპოზიციის ბუნება. ზუსტად ეს უნდა დასრულდეს და აუცილებად დასრულდება. ჩვენ რადიკალური ოპოზიციის მხრიდან მიჩვეული ვართ ბოიკოტს.
რაც შეეხება ხვალინდელ სხდომას, ვერ გეტყვით ვინ მიიღებს და ვინ არ მიიღებს მონაწილეობას, მაგრამ გარწმუნებთ, რომ მე-10 მოწვევის პარლამენტში იქნებიან წარმოდგენილი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები. დაველოდოთ და ვნახავთ!“.
პარლამენტის პირველი სხდომა 11 დეკემბერს გაიმართება. მომავალ კვირას სახელისუფლებო გუნდისა და ოპოზიციის მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდია დაგეგმილი, რომელიც ელჩების მედიატორობით იმართება.


