საქართველოს მთავრობა უფლებამოსილებას მოიხსნის
11/12/2020 05:56:49 პოლიტიკა
საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტის სრული უფლებამოსილების შეძენისთანავე მის წინაშე უფლებამოსილებას მოიხსნის საქართველოს მთავრობა და მოვალეობის შეასრულებას გააგრძელებს ახალი პრემიერ-მინისტრის დანიშვნამდე. ამ პროცედურას განსაზღვრავს საქართველოს კონსტიტუციის 56-ე მუხლი.
ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომა დღეს გაიმართება. მე-10 მოწვევის პარლამენტი უფლებამოსილებას შეიძენს პარლამენტის წევრთა სრული შემადგენლობის 2/3-ის უფლებამოსილების ცნობის მომენტიდან.
პარლამენტმა მთავრობის უფლებამოსილების მოხსნიდან 2 კვირის ვადაში, ნდობა უნდა გამოუცხადოს პარლამენტის არჩევნებში საუკეთესო შედეგის მქონე პოლიტიკური პარტიის მიერ წამოყენებული პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის მიერ წარდგენილ მთავრობას. პარლამენტს მთავრობის შემადგენლობასთან ერთად წარედგინება სამთავრობო პროგრამა. ნდობის მისაღებად საჭიროა პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობის მხარდაჭერა.
„ქართულ ოცნებაში“ რომელსაც მეათე მოწვევის პარლამენტში 150-დან 90 დეპუტატი ჰყავს, ჯერ კიდევ არჩევნებამდე განაცხადეს, რომ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი იქნება საარჩევნო სიის პირველი ნომერი - მთავრობის მოქმედი თავმჯდომარე გიორგი გახარია.


